გამხმარი ბაობაბები და ქართული მედია
12.08.2024


შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში კენიიდან გადმორგული ბაობაბის რვავე ხე რომ გახმა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა და ბაობაბების გახმობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის „კონტროლირებად მედიას“ დააბრალა. 

გამხმარი ხეები მედიისთვის პარასკევის, 9 აგვისტოს ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. სამთავრობო ტელევიზიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ ბაობაბების ამბავი იმდენად მნიშვნელოვან თემად მიიჩნიეს, რომ მას მთავარი საინფორმაციო გამოშვებების პირველივე სიუჟეტები მიუძღვნეს. 

გასაკვირი არ არის, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ხატია ქვათაძემ „უნიკალური ხეების“ გახმობის მიზეზად, პარკის ადმინისტრაციის მსგავსად, დეზინფორმაციული, მიზანმიმართული მავნებლობა დაასახელა და ხელიდან არ გაუშვა შანსი მაყურებლისთვის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კიდევ ერთხელ შეეხსენებინა.

„დენდროლოგიურ პარკში გადარგული ბაობაბის უნიკალური ხეები გახმა. მიზეზი კი ის დეზინფორმაციული, მიზანმიმართული მავნებლობაა, რომელსაც პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვეების განმავლობაში, კონკრეტული პოლიტიკოსები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები ეწეოდნენ. 

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და დაფინანსებით შეკვეთილში გაშენებული 60ჰა-ზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, არა მხოლოდ რეგიონის, მსოფლიოს ერთ-ერთი უნიკალური ღირსშესანიშნავი ადგილია, უნიკალური ფლორით, ფაუნით. ეს პარკი სტუმრებს, ივანიშვილის გადაწყვეტილებით,  2020 წლიდან უსასყიდლოდ მასპინძლობს“.

წამყვანის რიტორიკა სიუჟეტში ნინო არღვლიანმა გააგრძელა. ჟურნალისტის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დამსახურებით, „რომლებიც მწვანე გარემოსაც კი ებრძვიან“, ქვეყანაში ახალი ბაობაბები აღარ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულების შემდეგ, ჯერი „მთავარ არხზეც“ მიდგა. არღვლიანის თქმით, „თავის მართლება ნიკა გვარამიასაც გაუჭირდა, რადგან სწორედ მისი ტელევიზიაც [„მთავარი არხი“] იგულისხმებოდა განცხადებაში, სადაც წერია, რომ დაქირავებული ექსპერტებით და გაყალბებული ფაქტებით ხდებოდა ტირაჟირება, თითქოს, კენიური ბაობაბები წითელ წიგნში შეტანილი მადაგასკარული ბაობაბები იყო“.

ნიკა გვარამიას შესაბამისი კომენტარი უფრო ვრცლად „მთავარმა არხმაც“ გაავრცელა. მასში სამთავრობო მედიის ჟურნალისტის კითხვაც ისმის: „მათ შორის „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტებით შეფერხდა პროცესი... თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას?“

 
მთავარი 9 საათზე

მთავარი 9 საათზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Friday, August 9, 2024



„იმედმა“ კი 7-წუთიანი სიუჟეტის დასრულებისას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „დენდროლოგიური პარკის დათვალიერება სტუმრებს უფასოდ შეუძლიათ“.

ბაობაბების გახმობას მიეძღვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი სიუჟეტიც. ნათია ლაზაშვილმა „კურიერის“ დასაწყისშივე თქვა, რომ ივანიშვილის მიერ ნაყიდი ბაობაბის „უნიკალური ხეები“ ცრუ შეტყობინებებმა შეიწირა.

„საქართველოში ბაობაბის ხეები გახმა. ქართული ენდემური ჯიშებისა და მსოფლიოს ეგზოტიკური ფლორით 60ჰა-ზე გაშენებული შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 8 კენიური ბაობაბის გარეშე დარჩა. პარკის ადმინისტარცია ამას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების ქმედებებს და დროში შეგნებულად გაწელილ პროცესს უკავშირებს…საბოლოოდ კი, აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის მიერ ნაყიდი ბაობაბის ხეები არც გადაშენების პირას მყოფი, წითელ წიგნში შეტანილი სახეობებია და არც კენიის ტყეებს შეუქმნის მათი არ ყოფნა რაიმე საფრთხეს. ცრუ შეტყობინებებმა უნიკალური ხეები შეიწირა“. 

დენდროლოგიური პარკის შესახებ საუბარი სიუჟეტშიც გაგრძელდა, რომელშიც  პარკის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ვიზიტორების კომენტარებიც მოვისმინეთ. 

ბაობაბების ამბის პოლიტიკური შეფასებისთვის კი „კურიერში“ დრო „ბრალდების ადრესატების მხრიდან“ , „იმედის“ მსგავსად, ნიკა ობოლაძესა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი) და ნიკა გვარამიას (პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე) დაეთმო, ბოლო სიტყვა კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ თქვა. 

„კურიერში“ ექსპერტული შეფასებაც მოვისმინეთ, რომელიც „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელს, დავით ჩიხელიძეს  ეკუთვნის. იმ ჩიხელაძეს, რომელიც facebook-ის საკუთარ გვერდზე, პროსახელისუფლებო განცხადებებით გამოირჩევა.

„ოპოზიციას ავიწყდება, რომ ეს ხეების გადმოტანა არ იყო რომელიმე კონკრეტული პიროვნების ინტერესებში. სწორედ იმიტომ გაკეთდა, რომ ფართო მასებისთვის ეს ეგზოტიკური ხეები ყოფილიყო მისაწვდომი“.

ბაობაბების გახმობას „რუსთავი 2-მაც“ დაახლოებით 7 წუთი დაუთმო, ივანიშვილის „ინიციატივით გახსნილი“ პარკის მნიშვნელობის ხაზგასასმელად კი სიუჟეტი ასე დასრულდა: „შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ათასობით მოქალაქესა და ვიზიტორს გახსნის დღიდან უფასოდ მასპინძლობს. საქართველოში ის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ითვლება“.

ბაობაბები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების დღის წესრიგშიც მოხვდა. თუმცა, მათთვის ბაობაბებზე მნიშვნელოვანი სენატორ ჯიმ შაჰინისა და მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტი აღმოჩნდა. სწორედ ამ ვიზიტის გაშუქებით დაიწყო „მთავარი 21:00 საათზე“. სიუჟეტს კი - „ივანიშვილს ბაობაბები გაუხმა“ დრო „მთავარი არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების მე-18 წუთზე, ივანიშვილის მიერ მოსკოვში შეძენილ ქონებაზე საუბრის შემდეგ დაეთმო.  

„რუსეთში ქონებას კი ყიდულობს და სულ უფრო მდიდრდება, მაგრამ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები გახმა. ოლიგარქის მიერ კენიიდან საქართველოში გადმორგულმა 8 გიგანტურმა, საუკუნოვანმა ხემ ვერ გაიხარა.

ამ, შესაძლოა მართლაც არასასიამოვნო ისტორიას, მოჰყვა სრულიად ტრაგიკომიკური გაგრძელება. სავარაუდოდ, ოლიგარქის დავალებით, დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ბაობაბების გახმობაში ოპოზიცია და კრიტიკული მედია არიან დამნაშავეები“, - ამ სიტყვებით წარადგინა პაატა იაკობაშვილმა სიუჟეტი.

„მთავარი არხი“ კენიელ გარემოს დამცველებსაც დაუკავშირდა. ერთ-ერთი ასეთი სოფია რაჯავია, რომლის თქმითაც, ამ ბაობაბების გახმობა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ისინი კენიის სხვა რეგიონშიც რომ გადარგონ, იქაც ვერ გაიხარებენ, არამცთუ დედამიწის სხვა წერტილში. „ბაობაბების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენელის, ფრენსის კაგემას განცხადებით კი:

„ხეების გახმობა შეიძლება ბევრი რამის ბრალი იყოს. მათ შორის განსხვავებული კლიმატური პირობების და ხანგძლილვი მგზავრობის, მაგრამ არამც და არამც ჩვენი პოტესტის და ჟურნალისტების“.

ჟურნალისტმა, ზურა პეტროსიანმა პირდაპირი ჩართვა ირონიულად, შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხს არ დააყენებს როგორც ოლიგარქი, ასევე დენდროლოგიური პარკი, 8 გამხმარი გიგანტის გამო“.

სენატორ ჯიმ შაჰინისა და მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტის შესახებ საუბრით დაიწყო „TV პირველის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც, რასაც  ივანიშვილის რუსულ ქონებასა და რუსეთზე უკრაინის შეტევის შესახებ მოზადებული მასალები მოჰყვა. „ოლიგარქის ბაობაბები გახმა“ კი „პირველების ცენტრალური გამოშვების“ 25-ე წუთზე დაიწყო. 

„ამ ხეს შეძახილი ვერ გაახმობდა. ეს მხოლოდ გამონათქვამებსა და ანდაზებში ხდება. სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა. ხე შესაძლოა კენწეროში მოჭრილი ერთი ტოტის, ან უცოდინრობის გამო მოკვდეს. სავარაუდოდ, ასე მოხდა ამ გიგანტური ბაობაბების შემთვევაშიც. 8 ხე, რომელიც კენიაში მოთხარეს და 2 ოკეანის, ხმელთაშუა ზღვის და ბოსფორის სრუტის გავლით საქართველოში ჩამოიტანეს, უკვე გახმა. ხეების სიკვდილს კი, კლიმატის ცვლილებას კი არა, არამედ ოპოზიციას აბრალებენ“. 

ირონიით დაწყებული სიუჟეტი, გუგა არჩვაძემ ამავე ტონითვე დაასრულა: „ინდური ლეგენდის თანახმად, ვინც ბაობაბის ქვეშ დადგება და სურვილს ჩაუთქვამს, აუცილებლად აუსრულდება. ამიტომ, ახლა, საინტერესოა ვინ მოასწრო სურვილის ჩაფიქრება“.

როგორც წესი, ქართული მედია გარემოსდაცვითი საკითხებით არც თუ ისე ხშირად ინტერსდება, მაგრამ ასე არ ხდება როდესაც საქმე პოლიტიკას, ივანიშვილსა და გამხმარ ბაობაბებს ეხება. 



გამხმარი ბაობაბები


ბიძინა ივანიშვილის კენიიდან ჩამოტანილი ბაობაბები ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან გაყიდეს და მათი ფასი $800-დან $2400-მდე მერყეობდა. თუმცა, კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ 2022 წლის ნოემბერში ის ლიცენზია გააუქმა, რომლის საფუძველზეც უცხოურ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და საქართველოში წაეღო. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტის სამინისტროსადმი მოთხოვნას მოჰყვა - შეემოწმებინა კილიფის ოლქში ბაობაბის ხეების ამოთხრის პროცესი.

კენიის გარემოს დაცვის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ბაობაბები ექსპორტზე მანამ არ უნდა გასულიყო, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდებოდა და ჰარმონიაში არ მოვიდოდა  ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტებთან.

როგორც ადგილობრივი მედია Nation-ი იუწყებოდა, კენიის პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. ამავე მედიის ცნობით, ისინი ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ. გარემოს დამცველები კი ბაობაბების კენიის ტერიტორიიდან საქართველოში ექსპორტს ეწინააღმდეგებოდნენ და ამ პროცესს „ბიომეკობრეობას“ უწოდებდნენ.

ბაობაბების ექსპორტზე კენიის მთავრობამ ნებართვა საბოლოოდ, 2023 წლის თებერვალში გასცა. ბაობაბის ხეები კი საქართველოს ნიადაგში, როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, 2023 წლის 8 ნოემბერს ჩაირგო, ხოლო გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ, რვავე მათგანი გახმა.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ