22 აგვისტოს რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით, მკვლელობის შესახებ
ინფორმაცია გავრცელდა, ხაშურში 15 წლის გოგომ 74 წლის კაცი მოკლა.
„ტელეკომპანია
პირველის“ და „მთავარის“
სიუჟეტებიდან ვიგებთ, რომ მოკლული ტაქსის მძღოლი იყო და მკვლელობაც
ტაქსიში მოხდა ცენტრალური გზიდან მოშორებით. ჟურნალისტები ცდილობენ,
დაადგინონ მკვლელობის მოტივი და ძირითადად ეყრდნობიან რა მოკლული
კაცის მეზობლებისა და ნაცნობების კომენტარებს, ამბობენ, რომ „სასტიკი
მკვლელობა“ სავარაუდოდ, დაყაჩაღების მიზნით მოხდა. სიუჟეტის
მსვლელობიდან ვიგებთ, რომ გამოძიება მოტივს არ ასახელებს და რამდენიმე
ვერსიას განიხილავს, თუმცა, ჟურნალისტები მხოლოდ დაყაჩაღების ვერსიაზე
საუბრობენ.
ამ საინფორმაციო გამოშვებებიდან, მეზობლებისა და ნაცნობების კომენტარებით ვიგებთ, რომ თურმე მკვლელობის მოტივის მეორე ვერსიაც არსებობს, კერძოდ, სექსუალური ძალადობის მოგერიება. სიუჟეტში მონაწილე ყველა პირი ამ ვერსიას უარყოფს მხოლოდ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ მოკლულს კარგ კაცად იცნობდა.
არც ერთ ტელევიზიას არ უცდია ეჭვმიტანილი გოგოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მეტ-ნაკლებად სანდო წყაროდან. სიუჟეტში ვხედავთ მიკერძოებულ ადამიანებს, რომელთაც თავად არ უნახავთ გოგო, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, „კაიფში“ ყოფილიყო, მას როგორც „მაწანწალას“ მოიხსენიებენ და ამავდროულად ამბობენ, რომ დასასვენებლად ჩამოსული სტუმარი იყო. ჟურნალისტს დამატებითი კითხვა არ აქვს „მაწანწალა“ დამსვენებლის შესახებ. რეალურად, გამოკითხული მეზობლები და ნაცნობები საკუთარ ფანტაზიასა და შეფასებებს ჰყვებიან უკიდურესად მიკერძოებული პოზიციიდან. აქვე გავიხსენოთ, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ძალიან გავრცელებული ფორმაა მეზობლებისა და ნაცნობებისთვის აზრის კითხვა. მაშინაც კი, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ადამიანი დამნაშავეა, მეზობლები მას ყოველთვის უკიდურესად დადებით ადამიანად ახასიათებენ.
ისევ მოკლული კაცის ნაცნობებისგან ვიგებთ, რომ მკვლელობის შემდეგ გოგო გზაზე გამოვიდა, მანქანებს დახმარებას სთხოვდა, არ დაუმალავს დანაშაულის შესახებ, ამბობდა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და ის თავს იცავდა. ჟურნალისტები ამ ვერსიაზე აქცენტს არ აკეთებენ და არ ცდილობენ მეტი ინფორმაციის მოპოვებას, ყურადღებას არ ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ დანაშაულის რეალური მოტივი შესაძლოა, სწორედ ეს ყოფილიყო.
ასეთ დროს სტატისტიკური მონაცემების ნახვაც საკმარისია, რომელიც ხშირად შესაძლოა, სწორ ვერსიაზე მიგვანიშნებდეს. შევხედოთ ტაქსიში ქალების სექსუალური შევიწროების შემთხვევების რაოდენობას და ასევე, გოგოების მიერ ტაქსისტების დაყაჩაღების სტატისტიკას. საქართველოში ქალები სექსუალურ შევიწროვებას მეორე ადგილას აყენებენ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს შორის, მაშინ როდესაც გოგოების მიერ ჩადენილი ყაჩაღობა მიზერულია, მკვლელობაზე რომ არ ვილაპარაკოთ. თუმცა, ეს ვერსია ჟურნალისტებს არ აინტერესებთ და ამიტომ ის არც მათ ტექსტში ისმის.
სიუჟეტი სავსეა სტერეოტიპებით არა მხოლოდ გოგოს, არამედ კაცის მიმართაც მისი ასაკის გამო. სიუჟეტისთვის გამოკითხული რესპოდენტების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ 74 წლის კაცი ვერ იძალადებდა სექსუალურად. აღნიშნული შეფასებაც ასაკობრივ დისკრიმინაციას ეფუძნება. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ციხეებში სხედან პედოფილები, რომლებმაც დანაშაული ხანდაზმულ ასაკში ჩაიდინეს. რამდენიმე ასეთ საქმეს პირადად ვიცნობ.
აქვე უნდა აღინიშნოს დანაშაულის ინსცენირების პრობლემა. ერთ-ერთ სიუჟეტს ფონად გასდევს დანაშაულის მოდელირებული ვერსია, სადაც მძღოლი თავის ადგილზე ზის და მას მგზავრი გოგო თავს ესხმის. აღნიშნული კადრები პირდაპირ გამორიცხავს აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის ვერსიებს. ზოგადად პრობლემად გამოვყოფდი ძალადობრივი დანაშაულებისა და მკვლელობების ინსცენირების მართებულობას, საჭიროებასა და ეთიკურობას. მით უმეტეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ინსცენირება მხოლოდ ერთ მიკერძოებულ ვერსიას ეფუძნება და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიგნებებს კი არ ეყრდნობა, არამედ გადასაფარი კადრის ფუნქციას ასრულებს.
საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შემთხვევა გაშუქდა არასრულწლოვანი პირის ინტერესების უხეში დარღვევით და გენდერულ სტერეოტიპებზე დაყრდნობით. პატრიარქალური სტერეოტიპები იმდენად გამჯდარია ჩვენს საზოგადოებაში, რომ ხშირად ჟურნალისტები და პროდიუსერებიც ვერ ამჩნევენ, თუ როგორ ექცევიან ამ სტერეოტიპების ტყვეობაში. ალბათ, ყველამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ ხდება ისე, რომ მსგავს შემთხვევაში ყოველთვის ქალის ბრალეულობას ვეძებთ?!