პოლიტიკური დებატების უკულტურობა საქართველოში
18.09.2024


რატომ გაქრა სატელევიზიო დებატები პოლიტიკური სივრციდან? ერთი შეხედვით, ამაზე პასუხი მარტივია, თუმცა, ეს არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ არ სცემენ პოლიტიკოსები პატივს თავის ამომრჩეველს, მედიასაშუალებების ნაწილი კი — მაყურებელს. 

პოლიტიკური დებატების კულტურა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილი რომ არის, ამის მაგალითად მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატებიც კი კმარა. სატელევიზიო დებატებს პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნების შედეგებზე არც თუ იშვიათად გადამწყვეტი გავლენაც კი შეიძლება ჰქონდეს. დიდწილად სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 27 ივნისს გამართულმა დებატებმა დაუსვა წერტილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამბიციებს, მეორედ ებრძოლა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის. დებატებისას დაშვებული არაერთი შეცდომის გამო თავად დემოკრატიულ პარტიაში დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რაც საპრეზიდენტო მარათონიდან ბაიდენის გამოსვლით დასრულდა. 

უკვე 10 სექტემბერს გამართულ დებატებში კი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატების ახალ კანდიდატს, კამალა ჰარისს დაუპირისპირდა და როგორც სხვადასხვა გამოკითხვამ და ანალიტიკოსების შეფასებებმა აჩვენა, ტრამპმა ეს დებატები პირწმინდად წააგო. 

საარჩევნო დებატები საქართველოში ბოლო წლებში ფორმალურად მუდმივად იმართებოდა. ფორმალურად იმიტომ, რომ აღნიშნული დებატები არასდროს გამხდარა პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, არ გამხდარა მედიაში განხილვის თემა, მასზე მეორე დღეს არ უმსჯელიათ ანალიტიკოსებს და საერთოდაც, შეიძლება, არც არავის უნახავს ეს დებატები, თუმცა ეთერში ნამდვილად გასულა — საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ უკვე წლებია, ქართველ მაყურებელს ფაქტობრივად არ უნახავს ნამდვილი, ემოციური, შოუს ელემენტებითა და ახალი ინფორმაციით დახუნძლული არათუ საარჩევნო დებატები, არამედ ზოგადად პოლიტიკური დებატები. 

სატელევიზიო სივრციდან პოლიტიკური დებატების გაქრობაში ყველას თავისი, მცირე თუ დიდი წვლილი მიუძღვის, ძირითადი პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებაზეა — „ქართული ოცნება“ უკვე წლებია, უარს ამბობს ისეთი მედიებისთვის ინტერვიუების მიცემაზე, სადაც მათ კომფორტული გარემო არ ექნებათ, სადაც დემაგოგიას ფაქტებს დაუპირისპირებენ, ჩაეკითხებიან, ტყუილში გამოიჭერენ, შეუსრულებელ დაპირებას შეახსენებენ და უბრალოდ, კითხვას დაუსვამენ. კითხვის დასმას და მისთვის პასუხის გაცემას კი ხელისუფლება მიჩვეული არ არის — სამთავრობო ტელეარხების ეთერებში სრულ იდილიას ხანდახან თუ დაარღვევს უკიდეგანოდ გაღიმებული წამყვანების კატეგორიული ჩაკითხვა: „იქნებ, ჩვენს მაყურებელს კიდევ უფრო კარგად აუხსნათ, რატომ ხართ ასეთი ლამაზი, ტანადი და ჭკვიანი?“ შოუ კი, როგორც წესი, გრძელდება მონოლოგის რეჟიმში. 

უკვე წლებია, „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშ მყოფი ტელევიზიები ძირითად ოპოზიციურ პარტიებს სატელევიზიო ეთერებში არ იწვევენ. არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საჯაროდ გამოუხატავს, მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემის მზაობა, თუმცა უშედეგოდ. მათთვის ეს ეთერი დახურულია. 

ამ ვითარებაში პოლიტიკოსების ძირითადი ტრიბუნა მათივე პარტიასთან აფილირებული ტელეარხები და სხვა, ხელისუფლების კონტროლს მიღმა მყოფი მედიასაშუალებები არიან, სადაც, მცირე გამონაკლისის გარდა, ისინიც მონოლოგის რეჟიმში საუბრობენ.

ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური გადაცემების უცნაური ფორმატი ჩამოყალიბდა — დამწყები თუ გამოცდილი ჟურნალისტების დაუსრულებელი მონოლოგები, რომელიც გრძელდება პოლიტიკოსების მონოლოგებით, სადაც ჟურნალისტის როლი უკიდურესად დაკნინებულია. 

ჩემთვის გასაკვირი არ არის. უკიდურესად პოლარიზებული, ტოქსიკური პოლიტიკური გარემო აისახება ყველგან და ყველაფერზე — იქ, სადაც ხელისუფლება ყველა მედიას, რომელიც მის პრესსამსახურს არ ექვემდებარება, დევნის, მტრად აცხადებს და დასახურად იმეტებს, იქ, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დებატებში კი არ იწვევს, არამედ ქუჩაში ჩუმად უსაფრდება და თავ-პირს ალეწავს, ალბათ, რთულია, მედიას მოსთხოვო მაყურებელს შესთავაზოს მაღალპროფესიონალური სატელევიზიო დებატები, რესპონდენტების კითხვებით გაწურვა, მათთვის დისკომფორტის შექმნა. 

რთულია, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი, თუ არ გვინდა, რომ იმას დავემსგავსოთ, რასაც ვებრძვით და რაც არ მოგვწონს. აუცილებელია, ჟურნალისტებმა მოახერხონ დისტანცირება მფლობელების, დამფინანსებლებისა თუ მათი ფავორიტი პოლიტიკოსების პოლიტიკური გემოვნებისგან. არ შეიძლება, პოლიტიკოსები ეთერიდან ეთერში მშვიდი, აუღელვებელი სახეებით დადიოდნენ და მათი სხვადასხვა ეთერში გამოსვლები ერთმანეთს ჰგავდეს, ერთნაირად უინტერესო და არაინფორმატიული იყოს. 

ასევე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკოსი მიეჩვიოს მისთვის არასასურველი კითხვებით გამოწვეულ დისკომფორტს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ კონკრეტულ ჟურნალისტთან ის თავს კომფორტულად იგრძნობს  — შეიძლება, ასეთ დროს უფრო მოემზადოს, უფრო მეტი წაიკითხოს, უფრო მეტ ადამიანს გაესაუბროს და უფრო მეტი პასუხისმგებლობით ესაუბროს ადამიანებს, საკუთარ ამომრჩეველს. 

პოლიტიკურ სივრცეში უკვე წლებია, გამოჩნდა პოლიტიკოსების ის თაობა, რომელიც ჯერ არ მოსწრებია კრიტიკულ ინტერვიუს, არ იცის, რა გრძნობაა, როცა  ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში თავისი კითხვებით დისკომფორტს გიქმნის, გაიძულებს, მეტი იფიქრო და სხვა დროისთვის უკეთ მოემზადო, პროფესიულად გაიზარდო. მათ ეს ნორმალური ჰგონიათ და თუ ვინმემ შემთხვევით კრიტიკული კითხვა დაუსვა, ბრაზდებიან, პერსონალურ შეურაცხყოფად იღებენ. 

ამ უცნაური და ტოქსიკური ვითარებით, პირველ რიგში, სწორედ ამომრჩეველი ზარალდება, რომელსაც ართმევენ უფლებას, საარჩევნო ყუთთან გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ