„თუ არ ვცდები“, ანუ სტივ სეკურიდან ალმოდოვარამდე
15.10.2024


„სხვათა შორის, თქვენ ახლა ხელში გიჭირავთ ფლაიერი, ხომ, სადაც აღწერილია ყველა ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც თქვენ აპირებთ, ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ. ბევრი საინტერესო დაპირება, თუ შეიძლება, პროექტი ვუწოდოთ. 

გავეცანი ამ დოკუმენტს არაერთხელ. ერთ-ერთი არის, თუ არ ვცდები, სააკაშვილის ფონდის, თუ არ ვცდები, ერთი მილიარდი ევროს მოზიდვა, ხომ? 

ბოდიში, თუ არასწორად მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ შინაარსი ეს არის. ამასთან დაკავშირებით სულ მქონდა კითხვა, თუ შეიძლება გვითხრათ, აი, რა თანხა შეიძლება შევიდეს სააკაშვილის ფონდში ემიგრანტების დასაფინანსებლად? ეს კითხვა გამიჩნდა, როდესაც ვკითხულობდი იმ პროგრამებს“. 

ჟურნალიზმი შეკითხვის დასმის პროფესიაა. გაქვს შეკითხვა, პოულობ შესაბამის რესპონდენტს და რასაც მისგან გაიგებ, უამბობ მკითხველს, მსმენელს ან მაყურებელს.

რადგან შეკითხვის დასმა პროფესიაა, პროფესიულ უნარებსაც მოითხოვს. სულ მცირე, წინასწარ უნდა იცოდე, რას ეკითხები რესპონდენტს და რატომ.

ზოგადადაც - ლაივ-ინტერვიუებში ინტერვიუერის ძირითადი საქმე სტუდიებში მუშაობა სრულებითაც არ არის. მთავარი და გადამწყვეტია - რამდენად მომზადებული შედიხარ პირდაპირ ეთერში.

საკუთრივ ეთერში მუშაობის მთავარი გამოწვევა კი დროის მართვაა. როგორც წესი, მაყურებელს ან მსმენელს არასოდეს აქვს ფუფუნება, იმდენივე დრო დაუთმოს ინტერვიუში განსახილველ თემასა და სტუმარს, რამდენიც ინტერვიუერს. მას ამაში ხელფასს არავინ უხდის.

არის ხოლმე, როცა შეკითხვის გრძლად დასმა გიწევს, რომ მაყურებელს (მკითხველს, რადიომსმენელს) კონტექსტი გააცნო.

ანა ახალაიას გიორგი ვაშაძესთან 20 სექტემბრის ინტერვიუ ეს შემთხვევა არ არის (ციტატა დასაწყისში). თუ ჟურნალისტი რაიმე დოკუმენტს არაერთხელ გაეცნო, ლაივში ამდენჯერ ნათქვამი „თუ არ ვცდები“ ან არაპროფესიონალიზმია, ან ტყუილი.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტოქშოუების ეს ნიჭიერი, ამბიციური, მაგრამ დემოკრატიებში ეტაბლირებული მედიებისთვის უჩვეულოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი მასპინძელი, დასავლელ კოლეგებთან შედარებით, მწირ სარედაქციო რესურსს ფლობს.

როცა BBC-ს, France Télévisions-ის ან ARD/ZDF-ის ნახევარსაათიან ტოქშოუებს ვუყურებთ, უნდა წარმოვიდგინოთ - წამყვანს პროდიუსერების, რედაქტორების, მკვლევარების დიდი გუნდი უმაგრებს ზურგს.

ანა ახალია კი, ისევე, როგორც მისი ქართველი კოლეგების უმრავლესობა,  რამდენიმესაათიან ეთერს ლამის მარტო ამზადებს. თანაც, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ. 

ფუფუნებაა ტექნიკური და სტუმრების მომწვევი (guest booker) პროდიუსერებიც. 

თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი გამოგვიჩნდა მკვლევარ-თანაშემწედ. ადეკვატურად გამოყენების შემთხვევაში ეს შეიძლება მცირერესურსიან მედიებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის დიდი დახმარება აღმოჩნდეს. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ - ახალბედა თანაშემწის სამსახურით სარგებლობისას პასუხისმგებლობა (მნიშვნელოვანი ფაქტების ალტერნატიულად გადამოწმება) და ადეკვატურობა (უნდა ვიცოდეთ, რა ინფორმაციაზე აქვს წვდომა ხელოვნურ ინტელექტს და მხოლოდ შესაბამისი ამოცანები დავუსვათ) აუცილებელია. 

ამდენი „თუ არ ვცდებისა“ და „თუ სწორად მახსოვს“ შემდეგ, თავდაჯერებულობის მცდარი მაგალითი „მთავარი არხის“ დეა მამისეიშვილია: (https://www.facebook.com/watch/?v=2756818811151702)

„ბატონო ბიძინა, თქვენთვის ამანათია. ბოდიში, უფრო სწორად - თქვენთვის სანქციებია. თქვენ ხართ რიგში 41-ე და ამერიკა მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. თქვენი ტყვიაგაუმტარი შუშა სანქციებს აპარებს. 

ამერიკასთან საქმის დასალაგებლად პრემიერი ირაკლი გაუშვა ბიძინამ, მაგრამ, ირაკლის თეთრი სახლის კარი დაკეტილი დახვდა. იქამდე ევროპის კარიც ხომ დაკეტილი დახვდა. რას ვიზამთ, ირაკლი, ამერიკული ნამცხვარი ყოველთვის ტკბილი არ არის.

 …

არა უშავს - შეგიძლია ჰამასის, ჰესბოლასა და თალიბანის ლიდერებთან ერთად ქუნაფა მიირთვა.

იცი ქუნაფა რა არის? არა უშავს, მაგასაც გაგასინჯებენ.

საპარლამენტო სიას ჩავხედე და ძალიან ბოლოში ხარ გადასროლილი“.

ქართულ პოლიტიკურ ტოქშოუებში ბოლო დროს დამკვიდრებული მონოლოგები ხშირად მცდარი, ჟანრთან აცდენილი ხასიათისაა. ზემოთ ციტირებულის მსგავსად.

ტელეინტერვიუების სარკასტულ-იუმორისტული, ერთგვარად ფამილარული მონოლოგები არც დასავლური მედიისთვისაა უცხო, მაგრამ ერთ კონკრეტულ და ფართოდ გავრცელებულ ფორმატში - The Late Show.

ეს ფორმატი ჩვენთანაც პოპულარულია. მაგალითად, ვანო ჯავახიშვილს ამის გამო არავინ აკრიტიკებს.

პოლიტიკური ტოქშოუების ამოცანა კი მაყურებლის გართობა და გახალისება არ არის.

სულ პირიქით - პირისპირ ინტერვიუები გადაწყვეტილების მიმღებთა ანგარიშვალდებულების, ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა.

ამიტომ სტივ სეკური, ჯეიკ ტაპერი, ან კრისტიან ამანპური, სტუმართან ლაპარაკის დაწყებამდე, მაყურებელს სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდიან თემაზე, რომელზე სალაპარაკოდაც რესპონდენტი შეარჩიეს და მოემზადნენ. 

როგორც წესი, მონოლოგის თემა იმდღევანდელი სტუმრის ყველაზე მოსისხლე ოპონენტების პოზიციაა. ეს პრაგმატულიცაა - ასე იზოგება მაყურებლის დრო. საჭირო აღარაა ყოველი შეკითხვის დასმისას გრძელი ციტატების მოშველიება.

სტივ სეკური ეთერს ხშირად მკაფიო დასკვნით, ან რიტორიკული შეკითხვით იწყებს, მაგრამ ეს არასდროსაა მიახლოვებულიც კი დეა მამისეიშვილისეულ „იცი ქუნაფა რა არის? არა უშავს, მაგასაც გაგასინჯებენ”-თან.

დეას სატელევიზიო ესთეტიკა ალმოდოვარის ადრეული ფილმების ტელე-გმირებთან უფრო ახლოს არის. ოღონდ, ალმოდოვარი ამ პერსონაჟებით ტელეჟურნალისტიკის მზარდ ზედაპირულობასა და სენსაციურობისკენ ვნებას დასცინის, ჩვენ კი მის მონოლოგობზე დაკვირვება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიტიკული ტელეარხის პოლიტიკურ პრაიმტაიმში გვიხდება.

მკითხველის ნაწილს, ალბათ, სამართლიანად გაუჩნდებოდა შეკითხვა - რამდენად მიზანშეწონილია ამ ვითარებაში სამთავრობო პროპაგანდანდისტულ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ შედარებით ფინანსურად სუსტი და სახელმწიფოს მხრიდან ხშირად უსამართლოდ დაჩაგრული ოპოზიციური მედიის კრიტიკა?

საქმე ისაა, რომ პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკური ლანდშაფტის დილემა არ არის. ამ დილემის კვალდაკვალ პოლარიზებულია ქართული სატელევიზო სივრცეც.

თითქმის ყველა მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს საკუთარი სატელევიზიო პლატფორმა რომ აქვს, განსაკუთრებით კარგად წინასაარჩევნო სოციოლოგიურ შერკინებებში გამოჩნდა.

ცხადია, ეს ამცირებს ტელემედიისადმი ნდობას უკეთ ინფორმირებულ (მედიაწიგნიერ) მაყურებელში და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ინფორმაციულად  ტელევიზიებზე ჯერ კიდევ სრულად დამოკიდებულ სეგმენტს - 60+-ს მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ხარისხიან ინტერნეტზე წვდომა ჯერ კიდევ დაბალია.

ამას ის სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომელიც პოლიტიკურ თამაშში ჩართული მაუწყებლების ეთერებში თითქმის არასდროს ხვდება.

არადა, წლევანდელი არჩევნების ეპოქალური მნიშვნელობა პარადიგმის ცლილებაშია. აღარაა საკმარისი ქვეყანამ ორ ლიდერს შორის უკეთესი აირჩიოს - გამოსავალი მრავალფეროვნებაშია. პარტიების გაძლიერებაში.

და როგორ უნდა გააკეთოს ქართულმა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი, როცა ერთ მხარეს სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიებია, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა, ძვირიანი გასართობი შოუებითა და ანტიდასავლური, ნაციონალისტურ-ქსენოფობიური პოლიტიკური შინაარსით, მეორე მხარეს კი - კრიტიკული, შედარებით მცირერესურსიანი არხები, რომელთაც ბაზარზე ოპერირება მათი დამფინანსებელი პოლიტ-ცენტრების გაბღენძილი ეგოების გათვალისწინებით უხდებათ?!

ესეც ერთგვარი რიტორიკული შეკითხვაა. მაგრამ, ალბათ, არც პედრო ალმოდოვარს მოეწონებოდა და არც სტივ სეკურს.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ