„გასათელი სახე ყოველთვის მოიძებნება“
ჯორჯ ორუელი „1984“
“იმედის” ფეისბუქ გვერდზე შესულ მომხმარებელს პლატფორმა აფრთხილებს, რომ ეს გვერდი სისტემატიურად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. თავად “იმედმა”, რა თქმა უნდა, ამჯერადაც თითი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ გაიშვირა და სიუჟეტში გამოაცხადა, რომ უბრალოდ მტრები ჰყავს, რომლებიც რეიტინგისა და სანდოობის გამო ებრძვიან ტელევიზიას. ანუ, შურთ „იმედის“.
“იმედის” ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ 5 წლის წინ ნახეს, მათ მიერ აგორებული ზიზღის კამპანიის გამო, ჯერ როგორ დაიჭირეს უდანაშაულო ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა, შემდეგ როგორ დახვდნენ „გამწარებული მოქალაქეები“ ივერი მელაშვილს მარკეტში და შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს იყო ხაზი, რომლის გადალახვის მერეც უკვე წყნარად შეძლეს ემტკიცებინათ, რომ ომი მშვიდობაა, ბნელი ნათელია, სიმართლე კი ისაა, რასაც პარტია იტყვის.
“იმედი” არამარტო ყალბ ინფორმაციას, არამედ ყალბ იმედს, ყალბ პოზიტივს, ყალბ წარსულს, აწმყოს და მომავალს ავრცელებს და ჩვენც გვაქვს ყალბი იმედი, რომ ამ ტელევიზიაში დარჩენილ რომელიმე ჟურნალისტს ოდესმე შერცხვება თუნდაც მათ გამო დაჭერილი ახალგაზრდების, ამხელს და დატოვებს „მონსტრების კორპორაციას“.
მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია პარლამენტიც, “ოცნებაც” და ტელეკომპანია “იმედიც” საგულდაგულოდ გაიწმინდა. ბიძინა ივანიშვილმა ნელა, მოთმინებით და თანმიმდევრულად გამოიყვანა უკვე “სპეც-ქოცი”, რომელიც მხოლოდ მაშინ დატოვებს ბრძოლის ველს, თუ პატრონი დაეცემა. ამას თავად ”ტევე-იმედი”, ალბათ, ჯერ გამარჯვებას დაუძახებდა, მოგვიანებით კი, სისტემის შიგნიდან ნგრევას.
სამივე პროპაგანდისტული ტელევიზია და შიგადაშიგ ოდნავ მორცხვი “საზოგადოებრივი მაუწყებელიც” ყოველდღე უმეორებს მაყურებელს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება, საქართველოში ომი დაიწყება და ყველაფერი ჩამოინგრევა. თუმცა, “იმედს” აპოკალიპტური ექსპერტიზის მერე, იქვე ნაზად “რუსთავი 2” შეეხიდება და მხიარულად გვამცნობს, რომ ზესტაფონში წყვილს 23-წლიანი ლოდინის მერე შვილი შეეძინა.
ალბათ, გადაწყვიტეს, რომ მოსახლეობის ძალიან დათრგუნვაც არ ივარგებს, ამიტომ შხამიან ქარდებს ხანდახან პოზიტივით გააზავებენ, სპორტულ და კულტურულ გამარჯვებებს კი ხელისუფლებას მიაწერენ, რომ ადამიანებს პაპუაშვილისა და ივანიშვილის დანახვაზე ცხოვრების ხალისი, თავად ივანიშვილსა და კალაძეს კი, ხელისუფლებაში ყოფნის ვადა მოემატოთ.
როგორც ისტორია მეორდება, ასე მეორდება პროპაგანდაც. “იმედი” დღეს ზუსტად ისე უცვლის ადგილს მსხვერპლს და მოძალადეს, ომს და მშვიდობას, მოღალატეს და კარტოგრაფს, ღირსებას და უღირსობას, როგორც ამას საბჭოთა მედია აკეთებდა პარტიის დავალებით. მაგრამ, საბოლოო ჯამში, როგორც კი კონტექსტი შეიცვალა და მახინჯი საბჭოთა სისტემა ჩამოიშალა, ყველა გაზეთი „კომუნისტიც“ მას მიჰყვა, კომუნიზმის დიადი იდეაც და კომუნისტებიც, რომლებიც სულ ცოტა ხანში მართლმადიდებლები გახდნენ და საერთოდ აღარ ახსოვდათ, როგორ სჯიდნენ ადამიანებს სკოლაში წითელი კვერცხების მიტანისთვის.
პროპაგანდის ინსტრუმენტარიუმს ახლა ინტერნეტი და სოციალური ქსელებიც დაემატა, სადაც ელვის სისწრაფით ვრცელდება დამონტაჟებული, გადაკეთებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და სარკაზმგამოშიგნული ქარდები. ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს: „ეს მართლა თქვა?“; „ეს მართლა განაცხადა?“; „ძაღლს ხიზილალა მართლა აჭამა?“; „მართლა სამი ფილტვი აღმოაჩნდა?“ და ამის გარკვევაში გადის ძვირფასი დრო, რომელიც, რაც უფრო გადის, მით უფრო ავტოკრატების მოკავშირე ხდება.
პროპაგანდისტული მედია მიყვება გეგმა - კლასიკას, რომლის მიხედვითაც:
- შეარჩიე დიადი მიზანი, ეს დიადი მიზანი ჩვენთან „ნაცები მობრუნების არდაშვება და ამის გამო სიცოცხლის გაწირვაა“. ყველანაირი ტყუილი და დეზინფორმაცია მართლდება იმით, რომ სხვა შემთხვევაში „ნაცები მობრუნდებიან და ქუჩაში ხალხის ხვრეტას განაგრძობენ“.
- დააშინე მოსახლეობა ომით, რომელიც საქართველომ 2008-ში გამოიარა და მოსახლეობის მუდმივი რეტრავმატიზაციით ივანიშვილს დაეხმარე ორღობის ღობის გაფართოებაში ანუ შიდა ოკუპაციაში.
- დაზაფრულ და დაშინებულ ადამიანს შეუქმენი ცრუ გმირები. დაპატიჟე ქალაქის მერი, პრემიერის როლის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარის როლის შემსრულებელი, მათი ძმაკაცი მამუკა და დაქალი წილოსანი. სახელმწიფო ინტერესების ღალატის, დასავლური კურსიდან გადახვევისა და რუსული ეკონომიკისთვის დახმარების გამო მათზე შესაძლოა, სანქციები გავრცელდეს, მაგრამ ეს როგორმე გაასაღე სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლად, რადგან დიახაც მონაა. დაბადებულა, რომ იყოს მონა და საქართველოს ედგას უღელი. მაყურებელს უნდა ეგონოს, რომ მათ სჯიან საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ისინი არიან ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლნი.
- თუმცა, ხალხს მსხვერპლი არ უყვარს, მაქსიმუმ შეეცოდოს, ამიტომ გმირობაც საჭიროა. შესაბამისად, ჩვენმა გმირებმა აუცილებლად უნდა დაამარცხონ მოქმედი პრეზიდენტი, დასცინონ ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, არ შეხვდნენ ევროპარლამენტარებს და ვაჟკაცურად გაუძლონ ევროკავშირის წნეხს. ასე თუ განაგრძეს, გლობალურ დათბობასთან ბრძოლაშიც დიდი წარმატებები ელოდებათ.
- არ გყოფნის მათი ქარიზმა? მოუხმე ავტორიტეტებს. ილია, ვაჟა, აკაკი.. ჯაბა სამუშიას ივანე ჯავახიშვილთან შედარებაც, სავარაუდოდ, ძალიან გართულდება. ზოგადად, ცოცხლებიდან რთულია ისეთის მოძებნა, ვინც “ქართული ოცნების” პოლიტიკის ან ბიძინა ივანიშვილის გეგმა-ორღობის გამო რეპუტაციას დაიზიანებს, მაგრამ თითო-ოროლა მომღერლის, სპორტსმენისა და მსახიობის მოძებნა მაინც შესაძლებელია. მეტი მუშაობა და ფულია უბრალოდ საჭირო.
- უნდა შექმნა კონსენსუსის ილუზია. ნებისმიერ შენით უკმაყოფილო შენიანსაც კი, უნდა ეგონოს, რომ ძალიან ბევრნი ხართ და მართლა ყოველი მეორე ქოცია. ამისათვისაა საჭირო ტროლ-ბოტები გამზადებული ტექსტებით, ჰაჰებით, გინებით, წყევლით. გადასხი დესანტი დამატენიანებლების, სოკოების, ბრძნული ფრაზების, სახალისო რეცეპტების და ჰოროსკოპების ჯგუფებში, სადაც დაუზარლად დაწერენ ყველა ფრაზისა და გასინჯული ტორტის ნაჭრის ფოტოს ქვეშ: „უფალმა დალოცოს ჩვენი მთავრობა“.
- ხანდახან ცრუგმირებს ცრუ ანტიგმირებიც უნდა დაუპირისპირო, მარტო მთავრობის გათეთრება არ შველის საქმეს, ოპოზიციის გაშავებაც საქმის ნაწილია. ამიტომ რომელიმე კუზანოვას უნდა შეაფასებინო პოლიტიკოსის კლიმაქსი, კუჭ-ნაწლავის სისტემა, არჩევნებისა და ორსულობის ტესტის მიმართება და ასე შემდეგ.
ადამიანებით მანიპულირების მეთოდები უცვლელია, იცვლება მხოლოდ კონტექსტი და ჩვენც გვაქვს აწ უკვე გაპარტახებულ სიტყვად ქცეული იმედი, რომ მალე კონტექსტი დაამარცხებს ”იმედს”, რომელმაც საკუთარ ქვეყანას მომავალი წაართვა.