როგორც ჟურნალისტი ჯერ კითხვას დავსვამ, იქნებ პასუხიც ვიპოვო - რატომ
შეიძლება ნებისმიერი რესპონდენტის სტუმრობა, ნაწამებ ადამიანთან
ინტერვიუზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს? კადრებად ვხედავ საბჭოთა
მასწავლებლის გაავებულ, ბრაზიან სახეს, როცა ჟურნალისტს ვუყურებ და
მის ხმას ვუსმენ: „არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ
რეჟიმში გააგრძელებთ! არა! შეურაცხყოფას მაყენებთ! თქვენ იმყოფებით
ჩემთან სტუდიაში!“ „მოამბის“ საგანგებო ეთერში წამყვანის ეს აკრძალვა
და ხისტი ტონი რესპონდენტის კიდევ ერთ, მშვიდობიან გაბრძოლებას
მოჰყვა, რომელიც საკუთარი აზრის დასრულებას ცდილობდა. სტუმარი რაღაც
მომენტში იძულებული გახდა პრემიერის „ფრთიანი ფრაზა“ გამოეყენებინა -
„ზრდილობა, კულტურა, IQ”. ირაკლი კობახიძე სწორედ ჟურნალისტებთან
შეხვედრისას იმეორებდა ამ სიტყვებს და ამით არიდებდა თავს არასასურველ
კითხვებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი ეს ფაქტი, არც მაშინ და არც
შემდეგ, ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფად არ შეუფასებია.
რატომ ვერ ვივიწყებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერს? ამაზე მეტიც ხომ გვინახავს? და ისიც ხომ ალილუიასავით ვიცით, როგორ ქმნიან ალტერნატიულ „სიმართლეს“ და მდიდრდებიან მენეჯმენტში ჩვენი გადასახადების წყალობით. ჩვენ კი ისევ ვშრომობთ, რომ სიმართლე დავიბრუნოთ, ტელეეთერიდან საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენც აქ ვართ, ჩვენც საზოგადოება ვართ... თითოეული საეთერო საათისთვის ვიბრძვით, მერე თითო-თითოდ ვუთანხმებთ სტუმრებს და საგანგებო ეთერში „საგანგებო სიტუაციას“ ვუყურებთ. ამიტომ არ დავივიწყებ განრისხებული ჟურნალისტის სახეს და ტონს, რომელიც - „კი ბატონო, ვგმობთ ძალადობას, მაგრამ…“ იმეორებდა და თან თავად ძალადობდა ჟურნალისტიკის სახელით. ხშირად ჯავშანივით იყენებდა “ჩეკისტი” გამომძიებლების საყვარელ სიტყვას - „გასაგებია“. ცინიკური ქვეტექსტი კი, არც ისე ძნელი ამოსაცნობი იყო, კი ბატონო, გავიგეთ, რომ გაწამეს და მერე რა? იქნებ მეტი ვნებით და უფრო სხვა თემით გავაგრძელოთ...
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მოამბის“ საგანგებო ეთერი, 15 დეკემბერი, 22:16 სთ- 23:29 სთ.
აკრძალვები და „თითის ქნევა“ ხელების გარეშე, ეთერში კიდევ გაგრძელდა, ისევ ფაქტებისა და ევროპული სტანდარტების დაცვის სახელით: მაგალითად, რამდენ გზავნილს იღებს მაყურებლისგან, როცა სტუდიაში მყოფი რესპონდენტი არ მოსწონთ (გაურკვეველი დარჩა შეტყობინებების ავტორი), მაგრამ ის მაინც იცავს პარიტეტს და დროს უთმობს ხალხს; როგორ ძალადობს საინიციატივო ჯგუფი საკუთარი მოთხოვნების დაყენებისას, რამდენად კატეგორიულად მოითხოვს ეს ჯგუფი მონოლოგის რეჟიმში საუბარს, როგორ ხელმძღვანელობს შავი სიებით და ამ დროს „განსხვავებული პოზიციის მქონე საზოგადოება“ დებატების, დისკუსიის გარეშე რჩება; ან როგორ შეიძლება ჯონდი ბაღათურიას სტუმრობა დაუწუნონ, „როგორ, ჯონდი ბაღათურიაზე პირდაპირ მიმითითებდით და მეუბნებოდით, როგორ გავბედე და მოვიყვანე სტუდიაში!“- სხვა სტუმრების უფლებებსაც იცავდა ჟურნალისტი და ყოველი მისი, როგორც უფლებადამცველის მონოლოგი 2, 3 და ხანდახან 4 წუთსაც გრძელდებოდა.
ირაკლი ფიფია მშვიდად ცდილობდა „შეგონებას”, რომ აქ არავინ მოსულა ვინმეს გასალანძღად, არც საინიციატივო ჯგუფის წევრია, არც გადაცემის წამყვანის კერძო სტუდიაში იმყოფება და ის ხალხის კუთვნილ „საზოგადობრივ მაუწყებელზეა“. ხშირად იმეორებდა, რომ აზრის დამთავრება სურს, საუბარს ცდილობს და აინტერესებს, რატომ არ სვამს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კითხვებს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, ვინც ძალადობას აკანონებს... და არც ერთხელ არ გაუსვამს ხაზი, როგორ აწამეს თავად, იმ მოკლე მონათხრობის გარდა, რომელიც დასაწყისში მოასწრო. სანაცვლოდ, სტუდიაში ისევ ხმამაღალი ტონი ნარჩუნდებოდა: „ჩვენ ავიტანთ, პრობლემა არ არის... თქვენ შეგიძლიათ, მლანძღოთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეგიძლიათ მუდმივ რეჟიმში ლანძღოთ, ეს ტრენდად იქცა უკვე, ეს არ არის სიმართლე, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს თქვენი პოზიციაა“. „არა, ეს ფაქტია, მოქალაქები მოვიდნენ და დაიცვეს საკუთარი უფლება... მრავალხმიანობის უფლება“ - მშვიდ რეჟიმში განაგრძობდა ირაკლი ფიფია.
წამყვანს, ალბათ, არაფერი უშლიდა ხელს, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუ ეს ტყუილი მას ხელს არ აძლევდა და მაყურებლის სიცრუეში დარწმუნება, არ უნდოდა. უცოდინრობის, ხშირად ამ მონოტონური მოთხოვნის ფონზე, უსაგნო ბრალდებებისა და მთავარ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ბრძოლით მოპოვებული ოქროს წუთები იკარგებოდა. არაერთი უარის მიუხედავად, ჟურნალისტი მაინც დაჟინებით ითხოვდა არარსებულ სიებს და პასუხს: „ვისი მოწვევაც ნებადართულია სტუდიაში და ვისი - არა“.
ერთგვარი სიცხადე გადაცემაში მარინე ჩიტაშვილმა შემოიტანა, რომელმაც მადლობით დაიწყო, მისი სტუმრობის დელეგირების ავტორებთან და ეთერი იხსნა ლამის ზედმეტად კორექტული და კვალიფიციური საუბრით. ფსიქოლოგმა პრემიერის მიერ მოგვიანებით უარყოფილი განცხადება, რომ მას ეს არ უთქვამს „ინტერპრეტაციად“ (სტილი დაცულია- მ.ჩ.) შეაფასა. არგუმენეტების წინაშე წამყვანი უძლური აღმოჩნდა და „ჩაკითხვების“ გარეშე დატოვა მარინე ჩიტაშვილის პოზიცია, რომ პრემიერის განცხადება ანტიკონსტიტუციურია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერი ერთგვარი სტრატეგიაა - დრო გავიყვანოთ და ვიხმაუროთ არაფრის მთქმელ დეტალებზე, რომ მთავარი სათქმელი სადღაც, მათ შორის ჩაიკარგოს. ეს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყბადაღებულ ბალანსზე საუბარსაც ჰგავს - დაბალანსებული ეთერი და თანაბარი დრო ყველასთვის... უნებლიეთ, მახსენდება ფრაგმენტიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პირველადი დასკვნიდან: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი), წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“ დაუთმო (58 პროცენტი)”.
ალბათ, ამ პროცენტების გამო კიდევ უფრო ხმამაღლა ცდილობდა საგანგებო ეთერის წამყვანი არხის პოზიციის დაცვას: “ეს არის თავისუფალი არხი, ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ღირებულებების გამხმოვანებელი, ევროპული პლატფორმა, რომელიც ასე იქნება ყოველთვის და ეს არის მიზეზი იმის, რომ გარკვეული ჯგუფი, ფაქტია, ითხოვს ჩვენს სივრცეს, რომ ეს ასე არ იყოს“...
„მოამბის“ საგანგებო ეთერში პირველი 5 წუთი ერთდაერთი, უწყვეტი საეთერო დრო იყო, როცა ანთროპოლოგმა, ირაკლი ფიფიამ საკუთარი ამბის მოყოლა შეძლო. ეტყობოდა, რომ გადაცემებში სტუმრობის დიდი გამოცდილება არ აქვს, რაც წამყვანმა კარგად გამოიყენა, არც რესპონდენტის კულტურა შეიმჩნია და არც მისი შემზარავი ამბავი. მას მიმდინარე გადაცემაში, მთელი საეთერო დროის მხოლოდ 7-8 წუთი დაეთმო, 1 საათისა 13 წუთის განმავლობაში. „ტაიმ კოდებისა“ და დროის დათვლის შთაგონება მარინე ჩიტაშვილის ზედმიწევნით ზუსტად ჩანიშნულმა დრომ მომცა და იმ „თავისუფალმა სივრცემ“, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოსახატად იძულებით მასპინძლობენ.
15 დეკემბრის „მოამბის“ საგანგებო ეთერი ტყუილად მაინც არ ჩაივლის. თუ არხი მხოლოდ ტექნიკურად არ დაითვლის ბალანსს, მაუწყებელს ცარიელ შენობად არ დატოვებს და იმ ადამიანებსაც მოუსმენს, ვისი აზრიც არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მთავარ მისიას შეასრულებს - იქნება ხალხის ხმა და არა მთავრობის.
და ვიდრე ასე არ არის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი საზეპიროსავით გაიმეორებს: „ეს არხი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს, არის ევროპული ინსტიტუცია... მენეჯმენტს რაც შეეხება, ამ მოცემულობაში, როდესაც ეს აქციები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო...“