2 საუკუნე პირველი ქართული გაზეთის გამოსვლიდან
08.03.2019
200 წლის წინ, 1819 წლის 8 მარტს (ძველი სტილით) პირველად გახდა შესაძლებელი ქართულ ენაზე გაზეთის წაკითხვა.  "საქართველოს გაზეთი" სწორედ ამ დღეს გამოიცა პირველად. 

ისტორიული წყაროები იუწყებიან, რომ გაზეთის დაარსების იდეა თბილისში 1818 წელს გასჩენიათ. ინიციატორებს კავკასიის მთავარმმართებელი, გენერალი ერმალოვი დაურწმუნებიათ, რომ ადგილობრივი გაზეთი მთავრობის ღონისძიებების შესრულებას გააადვილებდა, რადგან რუსული ენა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარი იყო. ერმალოვს კი რუსეთის იმპერატორისთვის უთხოვია ნებართვა. საბოლოოდ, ნებართვა გაიცა და საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობა თბილისის გუბერნატორს, ხოვენს დაევალა. თუმცა, ფინანსურად მთავრობა ამ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა.

გაზეთი იმედს ხელისმომწერებზე ამყარებდა. პირველი ნომერი ავტორების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 1819 წლის 1 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა, ხელისმომწერთა საკმარისი რაოდენობა, 500 ადამიანი ვერ შეგროვდა. მომდევნო დღეებში ხელისმომწერთა შეგროვებაში გამომცემლებს სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის არქიეპისკოპოსი, ნერსესი დაეხმარა. გაზეთის გამოცემა საბოლოოდ 8 მარტს მოხერხდა.

"საქართველოს გაზეთი" თაბახის ფურცლის ზომის იყო და მხოლოდ 4 გვერდისგან შედგებოდა. ტირაჟი დაახლოებით 150-200 ეგზემპლიარი იყო, ფასი თავიდან 2 მანეთი, მომდევნო წელს კი 3 მანეთი და 20 კაპიკი გახდა. იმ დოროისთვის თბილისში მხოლოდ ერთადერთი სტამბა არსებობდა, რომელიც სამხედრო კორპუსის შტაბში იყო მოწყობილი და „საქართველოს გაზეთიც“ იქ იბეჭედებოდა. იმავე შენობაში დაიდო ბინა რედაქციამაც.

გაზეთი კვირაში ერთხელ, პარასკევობით გამოდიოდა. მას ჯერ რუსულ ენაზე აწყობდნენ, რადგან ცენზურა უნდა გაევლო, შემდეგ კი ქართულად თარგმნიდნენ და დასაბეჭდად უშვებდნენ. გამოცემაში ყველაზე ხშირად ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებები და განკარგულებები ქვეყნდებოდა. ხშირი იყო ასევე პროპაგანდისტული მასალები იმპერიის შესახებ. ზოგჯერ აქ უცხოეთის ამბებსსაც აქვეყნებდნენ, რაც მკითხველს მეტ-ნაკლებად წარმოდგენას უქმნიდა, თუ რა ხდებოდა ევროპის ქვეყნებში.

გაზეთში მოთხრობები, ანეკდოტები და სხვადასხვა სახის განცხადებებიც იბეჭდებოდა. მათ შორის განცხადებებს ყმების გაყიდვის შესახებ. მაგალითად, 1820 წლის 30 ივლისის ნომერში არის განცხადება: "საჯაროდ იქნება გაყიდული გლეხი გოგი ელბაქიძე თავის ცოლით, შვილით და სამი სული რქოსან საქონელით".

1820 წელს გაზეთს სახელი შეეცვალა და უკვე "ქართული გაზეთის" სახელით გამოდიდა. სახელწოდებასთან ერთად პირველ გვერდზე წმინდა გიორგის გერბიც გამოჩნდა.

1921 წლის ბოლოს გამომცემლებს გაზეთის დახურვა მოუხდათ, რადგან ხელისმომწერების საკმარისი რაოდენობა ვეღარ შეგროვდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა იმის ფული, რომ ყოველკვირეულად 3 მანეთი და 20კაპიკი გადაეხადა გაზეთში. გამოცემის ერთ-ერთი პირობა კი, მინიმუმ 500 ხელისმომწერის არსებობა იყო.

მიუხედავად 2 წლიანი არსებობისა და ცალსახად პროპაგანდისტული მიმართულებისა, „ საქართველოს გაზეთმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში საგამომცემლო საქმიანობისა და პუბლიცისტიკის შემდგომ განვითარებაში და საფუძველი ჩაუყარა ქართულ ჟურნალისტიკას, რომლის გამგრძელებლად რამდენიმე წელიწადში უკვე გაზეთი „ ტფილისის უწყებანი“ მოგვევლინა,სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ