"ადგილობრივები ხშირად საუბრობენ ყალბ ინფორმაციებზე, რომელიც
უკავშირდება კორონავირუსის ვაქცინაციას. ბევრს არ სურს აცრა, რადგან
ამბობენ რომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან", - ბორის ღარსლიანი,
ნინოწმინდის სათემო რადიოდან გვიყვება, რამდენად დიდია ჯავახეთში
დეზინფორმაციის გავლენა ადგილობრივებზე.
პოდკასტი მომზადებულია მულტიმედია განათლების ცენტრის მიერ,
სერიისთვის "ცხოვრება კოვიდთან ერთად".
წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:
მე ვარ ბორის ღარსლიანი, ჟურნალისტი ქალაქ ნინოწმინდიდან. ვცხოვრობ
ქალაქ ნინოწმინდაში. უკვე 10 წელია ნინოწმინდის სათემო “რადიო ნორ”-ში
ვმუშაობ. დღეს კორონავირუსის თემაზე ვისაუბრებ, თუ რა სირთულეები
შეგვიქმნა მუშაობის დროს. კორონავირუსის პიკის დროს გართულდა ის, რომ
ხალხი დაინფიცირდა და მათ შორის ჩვენი თანამშრომლებიც. სულ რამდენიმე
ჟურნალისტი მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ვცდილობდით არ გამოგვრჩენოდა
ახალი ამბები და ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის. შეიძლება
ითქვას, რომ დღეში 24 საათს ვმუშაობდით, რათა მოსახლეობას ვირუსის
შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონოდა.
მოსახლეობის უმეტესობას სურდა სცოდნოდა, თუ რომელი რაიონიდან,
სოფლიდან იყვნენ ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი
ადამიანები. მაგრამ ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრიდან მხოლოდ ასეთ
ინფორმაციას ვიღებდით: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სულ 5 შემთხვევაა.
მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია სოფლებისა და ქალაქების შესახებ ჩვენ არ
გვქონდა. უფრო კონკრეტულ მონაცემებს ვერ ვიღებდით. შესაბამისად, ჩვენ
ვერ ვაწვდიდით მოსახლეობას ინფორმაციას იმაზე თუ კონკრეტულად რომელ
სოფლებში იყვნენ ინფიცირებულები.
პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივები ხშირად საუბრობენ ყალბ
ინფორმაციებზე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის ვაქცინაციას. ბევრს
არ სურს აცრა, რადგან ამბობენ რომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
ახალციხის კლინიკაში მედდა აიცრა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. ამ
ახალმა ამბავმა კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. თუკი
მანამდე მოსახლეობის დაახლოებით 70% არ უნდოდა აცრა, ახლა ეს რიცხვი
ნამდვილად გაიზრდება. მთავრობას არ უწარმოებია კამპანია იმის შესახებ,
რომ ხალხს ჰქონოდა მეტი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ.
ჩვენ ხშირად ვხვდებით ხალხს და ვაწვდით სწორ ინფორმაციას
კორონავირუსის შესახებ: რა კანონები არსებობს, რა არის სწორი და
არასწორი, ვესაუბრებით ყალბ ინფორმაციაზე. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ
ვაკეთებთ არ არის საკმარისი.
მართალია მოსახლეობას ინფორმაცია ჭირდება, მაგრამ რამდენიმე თვე
მთლიანად დისტანციურად ვმუშაობდით. ხალხსაც და ჩვენც გვეშინოდა, რომ
არ დავინფიცირებულიყავით. თუმცა დისტანციური მუშაობა არ არის ეფექტური
და სრულყოფილი.