05.04.2021
ჩვენ როგორც ჟურნალისტებს მივიჩნევთ, რომ გვაქვს ვალდებულება, რომ ვაქცინაციის პროცესზე აქტიურად ვისაუბროთ და აქტიურად გავაშუქოთ ეს პროცესი. ვცდილობთ, რომ ხალხს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ზოგადად ვაქცინაცია, რატომ უნდა გაიკეთონ და რისთვის არის მნიშვნელოვანი და რატომ არის მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი. მარნეულში შემოიტანეს 15 მარტს კორონავირუსის ათასი ვაქცინა.
17 მარტს უკვე დაიწყო ჯეოჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი. ერთ პაკეტში არის ათი დოზა ვაქცინის. როდესაც გაიხსნება ვაქცინა, ათ ადამიანს უნდა გაუკეთდეს. სხვა შემთხვევაში, დანარჩენი ფუჭდება. პირველ დღეს, ჩვეულ რეჟიმში ერთი შეკვრა გაიხსნა და 17 მარტს გაიკეთა ათმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ვაქცინა. უკვე 18 მარტს გაიკეთა მხოლოდ შვიდმა და სამი ვაქცინა გაფუჭდა, გადაყარეს. 18 მარტის შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტში არცერთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს არ გაუკეთებია ვაქცინა.
როგორც ჩვენ გვეუბნება იმ კლინიკის ხელმძღვანელი, სადაც კეთდება ვაქცინაცია, ამ დრომდე რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე არავის გაუკეთებია. მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უკვე აღარ იკეთებენ ვაქცინას.
მარნეულში 65 წელს ზევით მოსახლეობაც უკვე დარეგისტრირდა. არ არის ბევრი, მაჩვენებელი არ არის დიდი, მაგრამ არის ერთეული შემთხვევები. მედდის გარდაცვალებამ, ამ სამწუხარო ფაქტმა, ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ვაქცინაციის პროცესზე.
მარნეულის მოსახლეობა ძირითადად ინფორმაციას იღებს აზერბაიჯანულ ენაზე. მოსახლეობის უმეტესობა არის აზერბაიჯანულენოვანი. ისინი ინფორმაციას ძირითადად იღებენ უცხოური მედია საშუალებებიდან.
აზერბაიჯანული და თურქული მედია საშუალებებიდან. ჩვენის მხრივ, რადიოში ვცდილობთ ყოველდღიურად, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ვაჩვენოთ და მივაწოდოთ მათთვის გასაგებ ენაზე. შეიძლება ითქვას, რომ რადიოს ჩართულობა არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა მოსახლეობაში.
მოსახლეობამ კარგად არ იცის და არ აქვს გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი. მე არ მახსენდება სახელმწიფოს მხრიდან ან აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე წარმოებული კამპანია. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ვაკუუმია შექმნილი მუნიციპალიტეტში ინფორმაციული.
აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს. ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს ჩემი აზრით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მათ აქვთ გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. სამწუხაროდ რასაც მე ვუყურებ, ადგილობრივი თვითმმართველობაც, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც და ცენტრალურ დონეზეც ხელისუფლება არ ცდილობს იმის გაკეთებას, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია.