საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ხუთდღიანი
სავალდებულო კარანტინი მოიხსნა, თუმცა ენგურის ხიდზე გარკვეული
შეზღუდვები მაინც რჩება.
რა შეზღუდვებია ეს და როგორ შეხვდნენ გალელები ამ დაგვიანებულ გადაწყვეტილებას, მოგიყვებით მე, “ლაივპრესის” ჟურნალისტი. „აფხაზეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის კარანტინი რომ გაუქმებულიყო, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლას, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე დასჭირდა”, - ამბობენ გალელები.
მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დაღუპვიდან ერთი კვირის თავზე ხელისუფლებამ გააუქმა კარანტინი, რასაც გალის მცხოვრებლები უკვე ერთი წელია ითხოვდნენ. ტრაგედიას სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საბოლოოდ კი, ხელისუფლებას მოუწია გადაეხედა საკუთარი მიდგომისთვის. თუმცა, ეს ოთხი ადამიანი არ ყოფილა პირველი მსხვერპლი მდინარე ენგურში. შარშან აგვისტოში ენგურში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამოირიყა, რომელიც ზუგდიდში რამდენიმე თვის დაგროვილი პენსიის ასაღებად მოდიოდა.
ერთი თვის შემდეგ კი, უკვე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ხურჩაში, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა მდინარე ენგურის გადმოცურვის შემდეგ. კიდევ დარჩა ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება დაუბრუნდეს პანდემიამდე ნიშნულს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ენგურის ხიდი ჯერჯერობით ყველასთვის ღია არაა. აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსვლა შეუძლია ადამიანთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას. ესენი არიან პენსიონერები, ავადმყოფები და სპეციალური საშვის მქონე პირები.
ეს საშვი არის ერთთვიანი, სოხუმში გაიცემა და დაახლოებით 45 ლარი ღირს. აფხაზეთის ყველა მცხოვრებისთვის ხიდის გახსნის გადაწყვეტილება კი უკვე სოხუმმა უნდა მიიღოს.
გალელები “ლაივპრესთან” საუბარში ამბობენ, რომ მათთვის მთავარი დაბრკოლება მაინც სავალდებულო კარანტინი იყო. მათ ასე სჯერათ დღესაც, რომ შეძლებენ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას უკვე კარანტინის მოხსნის შემდეგ. პენსიონერების, ავადმყოფების და საშვიანების გარდა, პრინციპში არც არავინ მიდიოდა ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტთან, რადგან არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ გამოატარებდნენ.
ახლა კი აქვთ იმედი მოლაპარაკებების, თუნდაც თანხის სანაცვლოდ და გარკვეული დაშვებების, რომ გამოატარებენ პრობლემების გარეშე. რეალურად კი, 19 აპრილიდან, უკვე მას შემდეგ, რაც ოფიციალურად კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამოჩნდება ვინ შეძლებს ზუგდიდში გადმოსვლას, ადამიანთა რა კატეგორია, რა ასაკობრივი ჯგუფი და ა.შ. ანუ პრაქტიკაში როგორ გადაითარგმნება უკვე ეს შემსუბუქება.
კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილება გალელებს ერთის მხრივ ძალიან გაუხარდათ. სოციალურ ქსელში ულოცავდნენ ერთმანეთს ამ გადაწყვეტილებას და მადლობას ეუბნებოდნენ ახალგაზრდებს, ვინც გვერდში დაუდგა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ხმა უფრო ხმამაღლა გააგონა დანარჩენ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ამბობენ რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ძვირი დაჯდა, ადამიანების სიცოცხლე.
მათ აქვთ სრულიად ლეგიტიმური კითხვები: მსხვერპლი რატომ გახდა საჭირო ამისთვის და ტრაგედია რატომ ვერ აირიდეს თავიდან? გალელები ახლა დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომ ადმინისტრაციული საზღვარი ყველასთვის გახსნან, თუმცა ეს როდის მოხდება, ბუნებრივია არავინ იცის. მათი თქმით, ახლა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს აქტიურად სოხუმთან იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ გადაწყვეტილების მიღება.
19 აპრილიდან კი, მოქალაქეებს ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით შეამოწმებენ. ასევე ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობით. მათთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტი საოკუპაციო საზღვრის სიახლოვეს, რუხის კლინიკაში იქნება. მანამდე კი, ტრაგედიის გამო თბილისმა და სოხუმმა თითი ერთმანეთისკენ გაიშვირეს.
როგორც ყოველთვის, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომხდარში საოკუპაციო რეჟიმი დაადანაშაულა, სოხუმმა კი კარანტინზე გაამახვილა ყურადღება და გალელებს ურჩია, რომ “საქართველოში” მოსახვედრად მხოლოდ ენგურის ხიდით ისარგებლონ. აფხაზეთის მთავრობამ, ლეგიტიმურმა მთავრობამ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი დაეხმარნენ მდინარე ენგურში დაღუპულთა ოჯახებს და მათ საკმაოდ სოლიდური თანხა გადასცეს, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ეს არ დააკონკრეტეს ჩვენთან საუბარში.
ასევე ამბობენ, რომ კიდევ განაგრძობენ ამ დახმარებას ამ ოჯახებისთვის და ტრაგედიის პირისპირ მარტოს არ დატოვებენ.