27.04.2021
ბორჯომში ვაქცინაცია 18 მარტს დაიწყო და ამავე დღეს დასრულდა. იმუნიზაციის მსურველებზე ნეგატიურად იმოქმედა იმავე დღეს ახალციხეში მომხდარმა ძალიან მძიმე ამბავმა და პორტალზეც, შესაბამისად, აღარავინ დარეგისტრირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ვაქცინა სამედიცინო ცენტრიდან საერთოდ გაიტანა.
ტელეკომპანია “ბორჯომის” ფეისბუქ გვერდზე ჩვენ გამოკითხვა გავაკეთეთ. გვაინტერესებდა განწყობები ადგილობრივი მოსახლეობის: სურთ თუ არა აცრის გაკეთება ადგილობრივებს, რასაც მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია და გამოხმაურება მოჰყვა, რასაც, ბუნებრივია, ველოდით. ვერ ვიტყვი, რომ უმრავლესობის პასუხი დადებითი იყო, და აქ კიდევ ერთი პრობლემა არაინფორმირებულობაა, განსაკუთრებით, ალბათ, რეგიონებში.
მაგრამ ვისაც ჰქონდა სურვილი ვაქცინაციის, ვინც მიუხედავად არსებული ძალიან მწირი ინფორმაციისა, მაინც გადაწყვიტა გაეკეთებინა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, მისთვის გაჩნდა ახალი გამოწვევა: სად გაიკეთოს ვაქცინა ანუ სად დარეგისტრირდეს.
ბორჯომთან გეოგრაფიულად ყველაზე ახლომდებარე ქალაქებიდან, ახალციხეში ასევე შეწყდა იმუნიზაციის პროცესი. ხაშურში მიმდინარეობს, თუმცა აქ არ არის არჩევანის საშუალება წარმოდგენილ ვაქცინებს შორის.
ამიტომ რჩება თბილისი და, წარმოიდგინეთ თქვენ 65 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად იმუნიზაციის პორტალზეც კი ვერ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ტრანსპორტი, როგორ უნდა იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაიკეთოს ვაქცინა და იმავე დღეს დაბრუნდეს უკან. მე პირადად ვესაუბრე ადამიანებს, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა გაიკეთონ ვაქცინა.
მათი ასაკი არის დაახლოებით 70, 80, 85 წელი. მაგრამ აღმოჩდნენ დილემის წინაშე: სად და რა საშუალებით. წარმოიდგინეთ ბორჯომში, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებლები, რომლებსაც მხოლოდ ბორჯომამდე ჩამოსასვლელად და უკან დასაბრუნებლად სჭირდებათ ერთი დღე.
როგორ წავლენ ასაცრელად დედაქალაში ან, თუნდაც, ყველაზე ახლომდებარე ხაშურის ჰოსპიტალში. ადმინისტრირების თვალსაზრისით, ბევრი პრობლემაა და, შესაბამისად, კითხვებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტორლის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხები ჩვენს კითხვებზე ვერ მივიღეთ. შესაბამისად, მოსახლეობასაც ვერ ვუთხარით როგორც მედიამ, ადგილობრივმა, როდის გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი ბორჯომში ან გაგრძელდება თუ არა საერთოდ.
არადა, როგორც უკვე თავში ვთქვი, არაინფორმირებულობაა ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში და, თუ ვამბობთ, რომ ვაქცინაციაა პანდემიის დასრულების გარანტი, მაშინ გამოდის რომ სახელმწიფო თავისი გადაწყვეტილებებით აფერხებს ისედაც ნელი ტემპით მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს.