24.05.2021
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ კოვიდგადატანილ ადამიანს აღენიშნება სხვადასხვა ჩივილები და გამოვლინებები. ეს შეიძლება იყოს კოვიდის გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ასევე ეს შეიძლება იყოს კოვიდის გადატანიდან საკმაოდ დიდი პერიოდის, ერთი, ორი თვის შემდეგაც კი.
ეს ჩივილები არის უძილობა, ეს შეიძლება იყოს შფოთვა, აჩქარებული გულის ცემა ან გულსისხლძარღვთა პრობლემა. ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს ირგვლივაც ვინც საუბრობს, რომ დაეწყო ნერვული აშლილობა, უჭირს კონცენტრაცია და მახსოვრობის დაქვეითება აღენიშნება.
მე კოვიდი 5 თვის წინ გადავიტანე. საკმაოდ მსუბუქ ფორმაში. სახლში, თვითიზოლაციაში. მქონდა თავიდან სტანდარტული სიმპტომები, ყნოსვის და გემოს დაკარგვა. ორი თვის შემდეგ დამეწყო კონცენტრაციასთან და მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები. გავხდი ძალიან გულმავიწყი. ერთხელ ნათქვამი ძალიან მარტივად მავიწყდებოდა გარკვეული პერიოდის შემდგომ. ასევე მქონდა პრობლემები და ახლაც მაქვს კონცენტრაციასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სისტემის მიერ ძალიან ცოტა თუ მიმდინარეობს საუბარი და კვლევები ამასთან დაკავშირებით. არადა, ეს მოსახლეობას აწუხებს, აინტერესებს, ეშინიათ, არ იციან, რა ქნან, მივიდნენ თუ არა ექიმთან ან როგორ უნდა იმკურნალონ.
ამასთან დაკავშირებით მოვამზადე გადაცემა “ფოკუსი”. ჩვენს გადაცემას როდესაც ვამზადებდით, ჩავწერეთ ადგილობრივი პანკისელები, კოვიდგადატანილი ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ სხვადასხვა ჩივილებზე საუბრობდნენ. მაგალითად, ერთი საუბრობდა, რომ უძილობა აწუხებს და შემდგომ მოუწია, რომ მისულიყო ექიმთან. დაუნიშნა გარკვეული ვიტამინები და ახლაც მკურნალობს. ასევე ერთ-ერთი კოვიდგადატანილი იყო, ვისაც ნერვული აშლილობა დაეწყო, რაც შემდგომ გულის პრობლემებში გადაიზარდა. ეს მიძინებული გარკვეული ტკივილები კოვიდის შემდგომ გამოეღვიძა ორგანიზმში.
კოვიდის დამარცხების ერთადერთი ეფექტური საშუალება არის ვაქცინა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, პანკისის შემთხვევაში, და მთლიანად ქვეყნის შემთხვევაში, ძალიან ბევრი პრობლემაა დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
პანკისის შემთხვევაში ძალიან კარგად გამოჩნდა საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობა, რაც არსებობს ამ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. ადამიანებმა დღემდე არ იციან ვაქცინის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა აიცრან, ან რა ვაქცინები არსებობს, როგორ მოქმედებს ისინი, როგორი ეფექტურობა გააჩნია. რადიო აქტიურად მუშაობს, აკეთებს გადაცემას და აქტიურად აშუქებს ამ თემას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ მასობრივი ხასიათი მიეცეს და უფრო ეფექტურად და აქტიურად წარიმართოს საინფორმაციო კამპანია, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს ყველამდე. დღეს ამის საჭიროება იქიდან გამომდინარეც ჩანს, რომ პანკისში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც აიცრა. მე რამდენადაც ვიცი, საჯაროდ ვინც ამაზე საუბრობს, შეიძლება იყოს 3-4 ადამიანი და მეტი აცრილი ჩვენ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გვყავს.