21.06.2021
სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით გართულდა ინფორმაციის მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებისგან. ჩვენ ხშირად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს რეგიონში, რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და, რაც მთავარია, რა კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობამ მოიმატოს.
ხშირად, როდესაც მივდივართ რესპოდენტებთან და ვესაუბრებით ვაქცინის დადებით მხარეებზე, გვეუბნებიან, რომ იცით რა, ჩვენი ექიმებიც არ არიან აცრილები და ჩვენ რატომ უნდა ავიცრათ. თუ კარგია, ისინი რატომ არ იცრებიან. ამის ძალიან დიდი შიში აქვთ და, ვფიქრობ, რომ მაგალითი იქნება თითოეული ექიმი, ვინც გაიკეთებს ვაქცინას. ძალიან ბევრჯერ ვცადეთ, რომ შეგვეთავაზებინა გადაცემის ფორმატი, თუ სტატიის ფორმატი, რომ მოვიდნენ, ისაუბრონ და დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ ვაქცინა არის სასარგებლო და ვაქცინა არის აუცილებელი.
14-15 მაისს, სამცხე-ჯავახეთში იყვნენ ჩამოსულები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები UNICEF-ის მხარდაჭერით და ამ დღეს ახალქალაქში, სადაც ძალიან დაბალი არის აცრილთა რაოდენობა, 25 ექიმი აიცრა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან, მით უფრო მეტი გამოთქვამს სურვილს, რომ აიცრას. ამიტომ მეტი უნდა ვწეროთ, თუმცა სამწუხაროდ ამაში გვიშლის ხელს ის, რომ არ თანამშრომლობენ ჩვენთან, არ უნდათ კომენტარის გაკეთება.
ბუნებრივია, პანდემიამ ჩვენს მუშაობაზეც ძალიან ცუდად იმოქმედა. იმ დროს, როდესაც არ გვქონდა გასვლის უფლება და თითქმის ყველა ორგანიზაცია თუ დაწესებულება დაკეტილი იყო, ბუნებრივია, ჩვენც მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუების ჩაწერა გვიხდებოდა. ამ შემთხვევაშიც, ძალიან მარტივად იძვრენენ რესპოდენტები თავს და გვითიშავდნენ ტელეფონს. ამიტომ ინფორმაციის მოძიება ამ კუთხით იყო ძალიან რთული.
ადგილზე გასვლის შემთხვევაში ცუდი ის იყო, რომ ადამიანები, რიგით მოსახლეობას ვგულისხმობ, ხშირად არც კი გვიღებდნენ კარს. იცით რა არის, ჩვენ გვეშინია კორონავირუსის. ამ კუთხითაც იყო გართულებული ვითარება, რომ კომუნიკაციას ვერ ვამყარებდით ამ ადამიანებთან.
ჩვენ ზუსტი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია აცრილი ჩვენს რეგიონში. ნინოწმინდასა და ახალქალაქში ფაქტობრივად არავინ იყო აცრილი და ამ კუთხით განსაკუთრებით რთული ვითარება არის.
ჩვენ გვინდოდა, რომ ჩაგვეწერა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ნინოწმინდასა და ახალქალაქში. თუმცა უარი თქვეს. თვითონ ექიმებსაც არ ჰქონდათ სურვილი, რომ შევსულიყავით სამედიცინო დაწესებულებაში და გვესაუბრა და ეთქვათ, რა იყო პრობლემა, რატომ ჰქონდა მოსახლეობას ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ მათგან ეს ინფორმაცია და უარი თქვეს ჩვენთან ჩაწერაზე.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებსთან ჰქონდეთ კონტაქტი, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენს რადიოში გავიდეს, რომ მოსახლეობა დარწმუნდეს, ვაქცინის გაკეთება კარგია და აუცილებელია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს.