რა გავლენა იქონია კოვიდ-19-მა საქართველოს მთიან რეგიონებზე
29.06.2021




გიორგი ბოლქვაძე „მთის ამბები“

პანდემიის პირველი ფაზის დროს, ფეისბუქის სქროლვისას შევამჩნიე, რომ ჩემი ნათესავები თუნდაც, მეგობრები და მათი ოჯახები, ფოტოებს დებდნენ სოფლებიდან, სადაც დიდი ხანია არ ყოფილან.

ამის შემდეგ გამიჩნდა ინტერესი, რომ მენახა რა ხდებოდა სოფლებში და წავედი ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც მაქვს ბავშვობა გატარებული. იქ რომ ავედი, დამაინტერესა ამ საკითხმა და დავიწყე ფილმის მომზადება. მეზობლებს ვესაუბრე, ბებიებს, ბაბუებს და ყველაზე მეტად ბებიები ისე იყვნენ გახარებული, რომ მეორედ დავიბადეთო ასე მეუბნებოდნენ, რადგან დიდი ხნის უნახავი შვილები და შვილიშვილები მათთან ერთად იყვნენ.

ბოლო პერიოდი, პანდემიამდე, შეინიშნებოდა, რომ აღარ იყვნენ ახალგაზრდები სოფელში და, რომ ავედი, ბავშვობის პერიოდი გამახსენდა, ჟრიამული რომ იყო. ძალიან უჩვეულო სანახაობა იყო და, ამავე დროს, სასიამოვნო. ამ პანდემიამ, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაღაც კუთხით, აი, ასეთი დადებითი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში. ისიც ვიცი, რომ ძალიან ბევრი ისეთი სახლი გაიღო, სადაც წლობით, 5-10 წელი არავინ ასულა და იქ კვამლი აადინეს. ესეც მნიშვნელოვანია.

ადამიანებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა და სოფელი უფრო დააფასეს. ვიცით, რომ ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. სამსახურები დაკარგეს და დაიწყეს იმაზე ფიქრი, რა ალტერნატიული გზა შეიძლება იპოვოსნ იმისთვის, რომ რაღაც შემოსავალი მიიღოსნ სამომავლოდ, თუ დიდხანს გაგრძელდა ეს პანდემია, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ეს ადამიანები მიხვდნენ იმას, რომ, რა თქმა უნდა, სოფელი და სოფლის მეურნეობა იქნებოდა გამოსავალი.

რაც შეეხება უარყოფით გავლენას მთიან რეგიონებზე. ისეთი რეგიონები როგორიც არის სვანეთი, სადაც “მთის ამბები” მუშაობს, იგივე თუშეთი და სტეფანწმინდა ვიცით, რომ აქ ტურიზმი არის ერთ-ერთი მოწინავე დარგი და შემოსავალი, პირველწყარო, შეიძლება ითქვას, ადგილობრივებისთვის. ძალიან შესამჩნევია, თვალშისაცემია ის, რომ ტურიზმი ფაქტობრივად მოკვდა ორი წლის განმავლობაში ამ მთიან რეგიონებში. ვინც ნამყოფია სვანეთში, სტეფანწმინდაში და თუშეთში, რომ ახვიდეთ, ძალიან კარგად შეიმჩნევა ეს.

სამწუხარო რეალობა დადგა ამ კუთხით. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მუშაობის განმავლობაში რაც მოვისმინე, შემოსავალი განახევრდა კი არა, ხშირ შემთხვევაში განულდა კიდეც.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაიხევს ეს ვირუსი უკან. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი. უნდა გააქტიურდეს სახელმწიფოს მხრიდან კამპანია აცრის პოპულარიზაციისთვის, იმიტომ რომ თუ გვინდა მთიან რეგიონებს და ყველას, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ერთადერთი გამოსავალი არის აცრა. მოვუწოდებ ყველას, რომ ავიცრათ, დავიცვათ თავი და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ