როგორ იმოქმედა პანდემიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტზე
05.07.2021
„ნინოწმინდაში პანდემიამ საქმიანობის ბევრ სფეროზე იქონია გავლენა და ყველა ეს სფერო კავშირშია ერთმანეთთან.“ ანაიტ ზალალიანი - რადიო ნორი



რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ჩვენს მუნიციპალიტეტზე, მაგალითად, უმუშევრობაზე, რადგან პანდემიის დროს ბევრი დაწესებულება დაიკეტა. მე გიამბობთ, თუ როგორ დაზარალდნენ ამის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები.

პანდემიამ საქმიანობის ბევრ სფეროზე იქონია გავლენა და ეს სფეროები ყველა კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, იმის გამო, რომ დაიკეტა რესტორნები და საბანკეტო დარბაზები, უმუშევრად დარჩნენ მზარეულები, უმუშევრად დარჩნენ ოფიციანტები, მუსიკოსები, ადამიანები რომლებიც ღონისძიებებს კამერით იღებენ, ფოტოგრაფები, “თამადა”, ანუ ადამიანები, რომლებიც უძღვებიან ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. დიდად დაზარალდნენ მკერავებიც. ხალხი აღარ დადის მათთან კაბების შესაკერად, რადგან აღარ ესწრებიან ღონისძიებებს, ქორწილებსა და დაბადების დღეებს. ასევე დაზარალდნენ სილამაზის სალონები, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი თვით იყვნენ დაკეტილები. როდესაც აღადგინეს მუშაობა, მაინც ცოტა შემოსავალიჰქონდათ. განსაკუთრებით ისინი დაზარალდნენ, ვინც ფართს ქირაობენ, შემოსავალი ძლივს ჰყოფნით ქირის გადასახდელად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქალაქი არ არის დიდი, მაინც შესაძლებელია რაიმე საქმით დაკავდეს ხალხი. ასევე აქ მცხოვრებლები, როგორც წესი, ზამთრის მარაგს იმზადებენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენენ. სოფლებში ბევრმა დიდი კრედიტიც აიღო. იმის გამო, რომ გზები ჩაიკეტა, ხალხი ვერ წავიდა სამუშაოდ საზღვარგარეთ. არადა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 70% სწორედ საზღვარგარეთ სამუშაოდ დადის. ხალხმა კარტოფილიც ვერ გაყიდა. გაყიდეს მცირე ნაწილი. ფასი დაბალი იყო, 40 თეთრი. ხალხს ეგონა, რომ დრო გავიდოდა და მეტი ფასი დაედებოდა, მაგრამ ვინც ჩამოდიოდა საყიდლად, მხოლოდ 20 თეთრს სთავაზობდა. ბევრმა ფერმერმა გადაყარა კიდეც კარტოფილი. ან მოხარშული სახით ძროხებს აჭამა.

ბევრმა ფერმერმა გვითხრა, რომ სახელმწიფოსგან 300 ლარიანი დახმარება მიიღო. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ მიიღეს ეს 300 ლარი, რადგან არ იყვნენ ოფიციალურად დარეგისტრირებულები ანუ არ იხდიდნენ გადასახადებს. ამიტომ ეს თანხა ვერ მიიღეს.

ჩვენ ვამზადებთ სტატიებს, ვიღებთ ინტერვიუებს თემაზე, თუ რა ვაქცინები არსებობს, ვინ რომელი ვაქცინა შეიძლება რომ გაიკეთოს. მოსახლეობა დასაწყისში იყო ძალიან წინააღმდეგი, არავის უნდოდა აცრა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ სიუჟეტების მომზადება ამ თემაზე, თუ რატომ არის საჭირო ვაქცინაცია, რატომ არის კარგი, რა უკუჩვენება აქვს, ვისთვის არ შეიძლება აცრა, ამის შედეგად, ხალხი უფრო მეტად ინფორმირებულია, და ახლა შემიძლა ვთქვა, რომ ბევრს გაუჩნდა სურვილი და 30-ზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა. დანარჩენები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო უწყებებსა და სკოლებში, ამბობენ, რომ მომავალში მაინც მოგვიწევს და ამიტომ სჯობს ახლავე ავიცრათ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ