როგორ წაგვართვა კომენდანტის საათმა თავისუფლება - მარიამ პერტაია
12.07.2021
მე ვარ “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი, მარიამ პატარაია.

ეგრეთ წოდებული „კომენდანტის საათი“, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ თავდაპირველად შემოგვაპარა, შემოგვასაღა, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდი, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ აღმოჩნდა. ამას ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მივხვდით. გვახსოვს ყველას, როდესაც ახალი დაწყებული იყო ეს პერიოდი, მაშინ ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ საჭირო იყო იზოლირება, დისტანცია, და ამაზე თითქოს არსებობდა შეთანხმება, და ყველა ვითმენდით და ვიყავით სახლში. მაგრამ შემდეგ უკვე, კონკრეტული მაგალითებით, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს მისთვის იყო ბერკეტი სხვადასხვა მიმართულებით და წარმატებით იყენებდა. მაგალითად, თუნდაც პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის. გვახსოვს ჩვენ არაერთი საპროტესტო აქცია ამ პერიოდში, რომელიც ვერ გადადიოდა განგრძობით დროში, იმიტომ რომ ადამიანებს ეშინოდათ საღამოს საათებში გარეთ გამოსვლა. პრობლემა სინამდვილეში იყო უმოტივობა. რატომ არ უქმდებოდა „კომენდანტის საათი“ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლები კლების ნაცვლად იზრდებოდა. ეს ცხადჰყოფდა იმას, რომ ადამიანების სახლში გამოკეტვა არ იყო ეფექტური ვირუსთან საბრძოლველად და, სინამდვილეში, სხვა მიმართულებით იყო საჭირო ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, ვგულისხმობ, ჯანდაცვის სისტემას მენეჯმენტს.

გვახსოვს მაშინ ყველას გადატვირთული კლინიკები, ადამიანები იმიტომ იღუპებოდნენ, რომ ადგილები არ იყო კლინიკებში. ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ, კოლაფსის წინაშე როგორ აღმოვჩნდით. გასული წლის შემოდგომა ყველაზე მძიმე იყო ამ თვალსაზრისით. ასეთ დროს გეუბნება სახელმწიფო, რომ 9 საათიდან დილის 6 საათამდე სახლში ყოფნა შეაჩერებს თითქოს ვირუსს. ბუნებრივია, ამან ადამიანებში გამოიწვია სამართლიანი პროტესტი, რადგან ვერ ახსნეს რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეზღუდვები. გარდა ამისა, „კომენდანტის საათს“ ჩემი აზრით, უსამართლოდ იყენებდა ხელისუფლება სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მიმართ. მაგალითად, გვახსოვს ჩვენ 31 დეკემბერს და 6 იანვარს მოიხსნა „კომენდანტის საათი“ და ჩვენ ვიზეიმეთ ეს დღესასწაულები, მაგრამ მაგალითად კათოლიკე მრევლს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ თავიანთი დღესასწაული სრულფასოვნად აღენიშნათ. მახსოვს, რომ 4 აპრილის ნაცვლად, 3 აპრილს აღნიშნეს ადამიანებმა, იმიტომ რომ უფლება არ მისცეს, რომ იმ ღამეს გამოსულიყვნენ და ისევე ჩაეტარებინათ რიტუალი, როგორც ჩავატარეთ, მაგალითად, ჩვენ.

გარდა ამ პოლიტიკური ბერკეტის, რომელსაც იყენებდა წარმატებით, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის შევსების წყაროც იყო: ჯარიმები, რომელსაც უწერდნენ სამართალდამცველები ადამიანებს, რომლებიც გადიოდნენ ღამის საათებში ქუჩაში. ჩვენ ამ თემაზე მუშაობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთოდ არ მოგვაწოდა სტატისტიკა, რამდენი ადამიანი იყო დაჯარიმებული და თანხაში რამდენი იყო ეს. მაგრამ რადგან პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას დაჯარიმებულების შესახებ, ჩვენ მაინც შევძელით, რომ ზოგადი სურათი აღგვედგინა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო 2,897 ადამიანი დაჯარიმებული და გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა შეადგენდა 5,794,000 ლარს. ეს ცხადჰყოფს იმას, თუ რამდენად დიდ თანხაზე იყო საუბარი.

მოვისმინეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრის განცხადება ცოტა ხნის წინ და საერთოდ ამნისტია გამოცხადდა „კომენდანტის საათის“ დროს დაჯარიმებულ ადამიანებზე. ამან კიდევ უფრო დიდი უსამართლობის განცდა და პროტესტი გამოიწვია იმ ადამიანებში, რომლებმაც გადაიხადეს ეს თანხა. ისინი მიიჩნევენ, რომ რატომ არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული ის ადამიანები, რომლებმაც არ გადაიხადეს და რატომ დავისაჯეთ ჩვენ, რომლებმაც ეს თანხმები გადავიხადეთ.

რომ მოიხსნა „კომენდანტის საათი“, გამოჩნდა როგორი ბედნიერები არიან ამით ადამიანები. ქუთაისი საკმაოდ ადრე იძინებს და არ არის აქტიური ქალაქი. უბნებში, საღამოს საათებში თუ გახვალთ, შეხედავთ როგორი ბედნიერები არიან ადამიანები იმ ურთიერთობებით, რომელიც მანამდე აკლდათ.

მოკლედ, საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ „კომენდანტის საათმა“, რომლის პირობებშიც თვეების განმავლობაში გვამყოფა ჩვენ ხელისუფლებამ, წაგვართვა თავისუფლების ასობით დღე, ათასობით საათი და ბიუჯეტი შეივსო მილიონობით ლარით. თუმცა კორონავირუსი მაინც ვერ დაამარცხა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ