ქარტიის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას, მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია და აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას:
“ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში,” - ვკითხულობთ სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში.
დისტანციური მუშაობის ორგანიზების ნაწილში, რომელიც ქარტიის გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია, მედიამენეჯერებისთვის და ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციებია გაწერილი. გზამკვლევში მოცემულია კონკრეტული რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ვიდრე დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ და ასევე რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ უკვე დისტანციურად მუშაობენ. ამავე ნაწილში ქარტია მედიასაშუალებებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და საჭირო რესურსებს კონტენტის გასამრავალფეროვნებლად.
დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევა გზამკვლევიდან:
- ვიდრე დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადახვალთ, მოაწყვეთ სარედაქციო თათბირი და გაიარეთ ტექნიკური საკითხები - გუნდის რა ნაწილს შეუძლია სახლიდან მუშაობა და ვისთვის არის აუცილებელი ოფისში ყოფნა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
- ვიდრე სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადახვალთ, განსაზღვრეთ, რა ტიპის მასალები შეგიძლიათ მოამზადოთ სახლიდან და რა დაგჭირდებათ ამისთვის;
- არ დაივიწყოთ დღის დილით დაგეგმვის აუცილებლობა. არსებობს არაერთი პროგრამა, რომელიც ჯგუფური კონფერენციის გამართვის საშუალებას მოგცემთ. ასეთებია: www.zoom.us, www.hangouts.google.com, www.join.me, www.facebook.com/workplace
- დისტანციური მუშაობის რეჟიმში ახალი ვიდეოპროდუქციის შესაქმნელად, შესაძლოა, საარქივო ვიდეომასალა გამოიყენოთ, რომელსაც ახლებურად შეფუთავთ, რამდენიმე ვიდეოსგან ერთს დაამზადებთ, ონლაინრესურსებზე არსებულ ვიდეოებს გამოიყენებთ და ა.შ. ასეთ დროს, მთავარია, მიუთითოთ ვიდეოს წყარო, გადაამოწმოთ მისი ავთენტურობა და დაიცვათ საავტორო უფლებები;
- თუ არ გაქვთ კარგი მონაცემების კომპიუტერი და შესაბამისი სამონტაჟო პროგრამები, შეგიძლიათ ვიდეოს დასამონტაჟებლად მობილური აპლიკაციები გამოიყენოთ2 (KineMaster, Splice Quik, Adobe Premiere Clip, Magisto);
- ინტერნეტში უამრავი წყაროა, საიდანაც უფასოდ შეიძლება ისეთი ფოტოების გადმოწერა და გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა ამბავსაც შეესაბამება და, ამავე დროს, მაქსიმალურად აგაცილებთ თავიდან ერთი და იმავე ფოტოს ხშირად გამეორების რისკს (www.freepik.com, www.flickr.com).
ქარტიის მიერ შემუშავებული გზამკვლევი საერთაშორისო და საქართველოში
მომუშავე მედიასაშუალებების, მედიაექსპერტებისა და ცალკეული
ჟურნალისტების გამოცდილებას ეყრდნობა. მასში გათვალისწინებულია
ადგილობრივი კონტექსტი და სპეციფიკა, ასევე, გამოყენებულია
საქართველოსა და მსოფლიოში მედიის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული
საერთაშორისო ორგანიზაციების ნაშრომები, მიგნებები, რჩევები და
რეკომენდაციები.
“ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი ქართულ რეალობაში გააჩენს საწყის
ცოდნას პანდემიის მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქების თაობაზე,
ამავდროულად, ჟურნალისტებს უფრო უსაფრთხოდ მუშაობაში დაეხმარება და
ასევე, ხელს შეუწყობს პროფესიული დისკუსიების წამოწყებას ეპიდემიების,
პანდემიებისა და ინფექციური დაავადებების გაშუქებასთან დაკავშირებულ
თემებზე.” - ნათქვამია სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში.
ქარტიის ინფორმაციით, მომავალ კვირას გზამკვლევის ახალი თავი
გამოქვეყნდება, რომელიც ეთიკურ დილემებს შეეხება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია COVID-19-ის გაშუქების სახელმძღვანელო
წესებს პროგრამის „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული
მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში ამზადებს, რომელსაც USAID-ის
მხარდაჭერით IREX ახორციელებს.
გარეკანის ფოტო - www.nytimes.com