‘ახლა მთავარია, რომ სათქმელი თქვა’ - FOX NEWS-ის პოლიტიკის პროდიუსერი ნანა საჯაია
28.04.2020
"სანდო ინფორმაციის შიმშილი ახლა იმაზე მძაფრია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ, მთავარია, რომ სათქმელი მიაწოდო მაუყურებელს და არ აქვს დიდი მნიშვნელობა  ამბავს სამზარეულოდან მოყვები თუ ცარიელი მანჰეტენიდან, მთავარია, რომ თქვა", -  ნანა საჯაია, Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაზე გვესაუბრება და საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

- მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მედიასაშუალებების უმრავლესობა ნაწილობრივ ან მთლიანად დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. როგორ შეიცვალა მუშაობის სტილი, თქვენი გამოცდილების შესახებ მოგვიყევით...

ყველაზე მთავარი, რაც დისტანციური მუშაობის წარმატებას განაპირობებს, სამზადისია. დღეს გადავედით დისტანციურ მუშაობაზე და ხვალ გადაცემას პირდაპირ სახლიდან წავიყვანთ, წარმოუდგენელია. ორი თვის წინ რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის  იმ მდგომარეობაზე, რომელშიც დღეს ვარ, ვიფიქრებდი, რომ სიზმარს მიყვება.

დიდი ცვლილება იყო, ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივია და ერთ ღამეში გადავეწყეთ, ეტაპობრივად ხდებოდა. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნელ-ნელა ვტესტავდით, ასე იქცეოდნენ ჩემი კოლეგებიც, სხვა ამერიკული მედიასაშუალებებიდან. მაგალითად, ჯგუფიდან ერთი ადამიანი მუშაობდა სახლიდან და მენეჯერები აკვირდებოდნენ, რა დაბრკოლებებს აწყდებოდა, აფერხებდა თუ არა მისი დისტანციურად მუშაობა პროცესს, აისახებოდა თუ არა ეს ხარისხზე და ა.შ - ასე იხვეწებოდა პროცესი.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა გაითვალისწინოს მედიამ მუშაობის ასეთ რეჟიმზე გადასვლამდე?

ყველაზე მთავარია, საკონტაქტო მონაცემები მქონდეს. როდესაც სამსახურში ვარ, არ მჭირდება ცხრანიშნიანი ნომრის აკრეფვა, ისე ვუკავშირდები საეთეროს თუ სხვადასხვა დეპარტამენტებს, იქნება ეს გრაფიკების თუ სატელიტის. მე ვაშინგტონის ბიუროში ვმუშაობ, მთავარი შტაბი არის ნიუ იორკში და იქაც პირდაპირ ვრეკავ, არავის ნომრის ცოდნა არ მჭირდება. ახლა სახლიდან მარტივად ვერავის ვურეკავ, მობილურიდან უნდა დავრეკო. წარმოუდგენელია, ვინმემ ზეპირად იცოდეს ყველას ნომერი, ამიტომ პირველ რიგში საკონტაქტო ინფორმაცია გავმართეთ.

ძალიან გამოგვადგა როლების გადანაწილება - ყველამ უნდა იცოდეს კონკრეტულ დღეს რა ევალება. კრიზისის დროს ეს როლები შესაძლოა მოდიფიცირდეს. ზოგადად, პოლიტიკის პროდიუსერი ვარ და პოლიტიკას ვაშუქებ, მაგრამ ახლა მთლიანად ამერიკული მედია, ყველა აშუქებს კორონავირუსს სხვადასხვა ჭრილში.

 
- ეს გეგმა FOX NEWS-ში აქამდეც არსებობდა ექსტრემალური სიტუაციებისთვის თუ სპონტანურად შეიმუშავეთ?

ზოგადად, ცხადია, ეს მონაცემები ყველა სისტემაში არის, მაგრამ ახლა შემოკლებული ვერსია შევქმენით. გამოვყავით კონტაქტები, ვისიც აუცილებლად დაგვჭირდება. იგივე ეხება ჯგუფურ მეილებს, პატარა ორგანიზაციაში, სადაც 7-8 ადამიანი მუშაობს, შეიძლება ყველას მეილი იცოდე ზეპირად, მაგრამ დიდ, გიგანტურ მედიასაშუალებაში, სადაც 1000 და მეტი ადამიანია, არის ჯგუფური მეილები. მაგალითად, ოპერატორების group-email, სადაც როგორც კი რაღაც ნოემრს შეიყვან, შეტყობინება ავტომატურად ყველა ოპერატორს მიუვა, ან მემონტაჟეებს, პროდიუსერებს, რესერჩერებს და ა.შ. იმეილები დახარისხებულია ჯგუფებად და დეპარტამენტებად.

- გახსოვთ, როგორი იყო დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის პირველი სამუშაო დღე?

altწარმოიდგინეთ, როცა ვიქენდის საინფორმაციო გადაცემაზე ვმუშაობ, ძირითადად, ვმუშაობ remote team-ებთან, გარე გადამღები ჯგუფები შემომყავს ეთერში. სახლიდან მუშაობის პირველ დღეს 4 ჯგუფი მყავდა გასაყვანი - ერთი პენტაგონში იყო და აკეთებდა მასალას, რა მდგომარეობაა ამერიკის სამხედრო დანაყოფებში; მეორე ჯგუფი ლონდონის ბიუროდან იყო ჩასული მილანში, მაშინ იტალიაში იყო პიკი და იქედან მიმოხილვას გააკეთებდა; მესამე იყო სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, სადაც ასევე იყო პიკი, რადგან მოხუცთა თავშესაფარში იყო დიდი აფეთქება; და მეოთხე იყო ნიუ-იორკის ჯგუფი, რომელიც ეთერში უნდა გამეყვანა. მე, ამ დროს, ვიჯექი ჩემს სამზარეულოში, მედგა ლეპტოპი, ტელეფონი, აიპედი, მეორე აიპედი, მაგრამ ვიყავი ძალიან დასტრესილი, დაბნეული და სრულიად წარმოუგენელი მეჩვენებოდა, რომ იმ დღეს ჩვენ ჩავამთავრებდით ნორმალურად. დაძაბული და დასტრესილი ვიყავი.

ვიყავი ჰიპერაქტიური ყველა ჟურნალისტთან ურთიერთობაში, ვის იმეილს ვწერდი, ვის ვემესიჯებოდი, ვის ვურეკავდი, ვის ზუმში ვერთვებოდი... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო დღე, რაც FOX-ში ვმუშაობ. მაგრამ, დღის ბოლოს, ეთერს რომ შევხედე, ვერავინ მიხვდებოდა, რომ ჩვენ იმ დღეს ყველანი არანორმალური სტრესის ქვეშ ვიყავით და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს არის, რომ მაყურებელი რომ ჩართავს ტელევიზორს, მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მისაღებადაც ის თქვენს არხს უყურებს.


♦  როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ეფექტურად - წაიკითხეთ გზამკვლევში, რომელიც მომზადებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, IREX M-TAG-ის პროგრამის ფარგლებში



- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის ამ რეჟიმში მუშაობისას?

მე პროდიუსერი ვარ და როდესაც ჟურნალისტი გამყავს ეთერში, იმ წუთს ვზივარ საეთეროში რეჟისორის გვერდით და ვკარნახობ რომელ წამს რა უნდა გამოჩნდეს ეკრანზე, როდის ვიდეო, როდის ინტერვიუს ნაწილი, ვეუბნები რომელ სიტყვაზე უნდა შეწყვიტოს, გრაფიკა როდის გამოჩნდეს და ა.შ. ამას ყველაფერს ვკარნახობ. დისტანციურად კი ეს სეგმენტი სრულიად გაქრა, მე იქ არ ვარ.

თუ სხვა დროს საეთეროში 15 ადამიანია, ახლა არის მხოლოდ 2, ან მაქსიმუმ 3, ვინც აუცილებელია, რომ იმ წუთას იქ იყოს, რომელთა იქ ყოფნის გარეშე გადაცემა ეთერში ვერ გავა, მხოლოდ ეს ხალხი მიდის სტუდიაში. რადგან ახლა ეს როლი ამოჭრილია, ეს ინფორმაცია უნდა შევიყვანო სისტემაში წამობრივი სიზუსტით, ჩემი ჟურნალისტი საუბარს რომ დაიწყებს, მისი დასრულების ბოლო ორი სიტყვა რა არის უნდა ჩავუწერო, იმიტომ, რომ ამას რომ გაიგებს რეჟისორი, ამის მერე ჩართოს სინქრონი. ასევე, უნდა ჩავუწერო რამდენ წამს გრძელდება ეს სინქრონი. მე იქ არა ვარ, რომ ეს ვუთხრა ან ხელით ვანიშნო, მან ზუსტად უნდა იცოდეს, სად გაჭრას.

სტრესულია და რთულია, მაგრამ უფრო მობილიზებულს გხდის. და კიდევ ერთი, როდესაც სახლიდან ვმუშაობ, არ მაქვს არავის იმედი. იქ თუ რაღაცას ვერ ვასწრებ, ან არ ვიცი როგორ გავაკეთო, უცებ შემიძლია აღმასრულებელ პროდიუსერს ვკითხო. სახლში ეს არ მაქვს და არც იმის დრო მაქვს, რომ ვრეკო და ვარჩიო, ამიტომ, უფრო ჩემი თავის იმედად ვარ და უფრო მობილიზებული.

alt


- ასეთი რეჟიმი, რომელსაც მთელი რიგი გამოწვევები ახლავს, ალბათ, იმოქმედებდა ხარისხზეც…

ყველაფერს ისე ვერ გააკეთებ სახლიდან, როგორც ტელევიზიაში ყოფნისას იზამდი. რა არის პრიორიტეტი - ის, რომ ახალი ამბავი რაცაა ის მოხვდეს ეთერში სწრაფად, თუ საუკეთესო კადრი გქონდეს ამ ამბის სათქმელად? ჩემთვის პრიორიტეტია, რომ ამბავი ვთქვათ ზუსტად და დროულად. ახლა საუკეთესო კადრს არ ვეძებ, თუ დრო მაქვს, მოვძებნი, მაგრამ მირჩვენია, რომ ამბავი პირველმა ჩვენ ვთქვათ.

ერთი შემთხვევა მახსენდება, - მე და ჩემი ჟურნალისტი სახლებიდან ვმუშაობდით, მემონტაჟე ლოს-ანჟელესის ბიუროში იყო და ინტერვიუ უნდა ჩაგვეწერა მიჩიგანში, სადაც იყო აქცია, აპროტესტებდნენ გუბერნატორის მკაცრ ზომებს კორნავირუსის დროს. რადგან თავშეყრა აკრძალული იყო, მოიფიქრეს, რომ მანქანებით შეკრებილიყვნენ და წრე დაერტყათ მიჩიგანში კაპიტოლიუმის შენობისთვის.

ჩვენ წინა დღეს ვამზადებდით მასალას, რომელ შტატში როგორ აპროტესტებდნენ აკრძალვებს. რესპონდენტს, რომელიც უნდა ჩამეწერა მიჩიგანში, არ ჰქონდა სკაიპი, არადა, აუცილებლად ასე უნდა ჩამეწერა, რადგან ჩვენს სისტემში სკაიპის ვიდეო პირდაპირ შემოდის, ლოს-ანჯელესის ბიურო შემოვიდოდა და დაამონტაჟებდა იმ ნაწილს, რომელიც დაგვჭირდებოდა.. ტელეფონით ავუხსენი როგორ გადმოეტვირთა სკაიპი, დარეგისტრირდა, ფოტო დააყენა, შესანიშნავი, წიგნების ფონი შეარჩია, მაგრამ, რატომღაც იყო ტექნიკური ხარვეზი ვაშინგტონის ბიუროში და ამ ადამიანის გამოსახულებას ვერ ხედავდნენ.

ზუსტად ერთი საათი დავხარჯეთ იმაში, რომ ეს კაცი შემოგვეყვანა და ჩაგვეწერა. ბოლოს მითხრა, 10 წუთი მაქვს და ამ 10 წუთში თუ ვერ ჩაგეწერეთ, NBC-სთან მაქვს ინტერვიუო. ეს ნიშნავდა, რომ წყალში მიყრიდა მთელი დღის შრომას. ბოლოს გადავწყვიტეთ რომ Zoom-ით ჩაგვეწერა, - ლოს-ანჯელესის ბიუროს მემონტაჟემ გამოაგზავნა ზუმის ლინკი, მე ჩავერთე ვაშინგტონიდან, რესპონდენტი მიჩიგანიდან - როგორც კი მისი გამოსახულება გამოჩნდა, მე გავთიშე ჩემი ვიდეო და ჩავწერე. ზუსტად 2 წუთი მქონდა ინტერვიუ, 3 კითხვა დავუსვი, დარჩენილ 7 წუთში თაიმ-კოდები ვუთხარი მემონტაჟეს, დავრეკე ჟურნალისტთან და ვიდრე NBC-იმ ჩაწერა მასთან ინტერვიუ, ჩვენ უკვე მზად გვქონდა და ეთერში გავუშვით.

საერთოდ არ იყო ადვილი. სხვა დროს, დრო რომ მქონოდა, ამ კაცს მიჩიგანის რომელიმე სტუდიაში მოვიწვევდი, მექნებოდა განათება, კამერა, მეყოლებიდა ოპერატორი, ხმის რეჟისორი და ბევრად უკეთესი ვიზუალი იქნებოდა, მაგრამ, გავიდა სიუჟეტი, შეიძლება გადასარევი არ იყო, მაგრამ რესპონდენტმაც და სიუჟეტმაც, სათქმელი თქვა. ეს არის ახლა მთავარი, - სათქმელი ითქვას.

- რა მოხდა სტუდიური გადაცემების შემთხვევაში, სტუდიებიდან სახლებში ტექნიკურად როგორ მოახერხეთ გადაწყობა?

ეს გადაწყვეტილება მენეჯმენტის დონეზე მიიღება, მე არ ვყოფილვარ ამის ნაწილი. მაგრამ ვაშინგტონის ბიუროში არის დაახლოებით 25-მდე პროდიუსერი და ზუსტად ვიცი, რომ ყველა სახლიდან მუშაობს. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტელევიზიაში მიდის მხოლოდ staff-ის აუციებელი შემადგენლობა და ვინ იქნება ამ შემადგენლობაში, დეპარტამენტი წყვეტს.

altთუ დააკვირდებით ეთერს და შემდეგ ცნობილი წამყვანების ტვიტერის ან ინსტაგრამის ანგარიშებს, ნახავთ რომ უმრავლესობას სტუდია სახლში აქვს მოწყობილი. მაგალითად, CNN-ის წამყვანმა ელისონ კამეროტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რამდენიმე კადრი, როგორ უწყობენ მას სტუდიას სახლში. განათებები, ხმები, მისულია სამი თანამშრომელი, რომლებიც ყველაფერს აწყობენ ისე, რომ როდესაც ეთერში იქნება, თვითონ ჩართოს და სახლიდან წაიყვანოს გადაცემა. ვინმეს მისვლა აღარ დასჭირდეს.

რაც შეეხება აღჭურვას, გიგანტურ მედიასაშუალებებს არ უჭირთ, რომ წამყვანს სტუდია მოუწყონ სახლში, ფონი შეურჩიონ, განათება და კამერები დაამონტაჟონ. რა თქმა უნდა, ისე არ გამოიყურება როგორც, სტუდიიდან, მაგრამ, ერთი შეხედვით, შეიძლება ვერც გაარჩიო.

- პროდიუსერები და წამყვანები გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტები და ოპერატორები როგორ მუშაობენ?

ამერიკულ მედიაში პოპულარული მეთოდია, რომ ჟურნალისტი სადღაც დგას და იქიდან ერთვება მთელი დღის განმავლობაში. ახლა, მაგალითად, ჟურნალისტი და ოპერატორი ერთი მანქანით არ მიდიან, ერთმანეთს ხვდებიან გადაღების ადგილზე, სოციალური დისტანციის წესებით დაცვით, ნიღბებით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხელთათმანებით, 20 წუთი იმუშავებენ ერთად და მერე იშლებიან.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ფოქსის ჟურნალისტმა, რომელიც თეთრ სახლს აშუქებს, ტვიტერზე დადო ვიდეო, როგორ მუშაობდა მანქანიდან. ავტომანქანით იდგა თეთრ სახლთან და იქ ჰქონდა ყველაფერი - ლეპტოპი, ტელეფონი, ინტერნეტი. ჩართვის დროს გადადიოდა მანქანიდან, მეორე მანქანაში კი იყო ოპერატორი, ჩაერთვებოდა 2 წუთით გადაცემას, მერე ისევ დაიშლებოდნენ, გადანაწილდებოდნენ თავიანთ ავტომობილებში. ეს არის სრულიად არაორდინალური გარემო და არ მგონია, 2 თვის წინ ვინმეს დაეჯერებინა, რომ ეს მოხერხებადი იყო.

altშიდა სისტემებით ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ FOX-ზე სად რა სამზადისია, სად რა ინტერვიუ იწერება. და, ერთ დღეს მე ვუყურებდი, როგორ იდგა წამყვანი რეზინის ხელთათმანებით და ოპერატორი, რომელიც კადრს უსწორებდა, N95 სამედიცინო ნიღბით. ჟურნალისტს გადაცემა მიყავდა ცარიელი მანჰეტენიდან, არ იყო ვიზუალურად მრავალფეროვანი, როგორც ორი თვის წინ იყო სტუდიიდან, მაგრამ თავის მისიას ასრულებდა, ამბავს ყვებოდა და ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ამბავი მოყვე.

ბევრი ურთიერთსაპირისპირო, მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგი მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი, ზოგი არამიზანმიმართულად, მაგრამ მაინც დამაბნეველი და ამ შემთხვევაში, მედიის როლი არის ის, რომ მოყვეს რა ხდება, ფაქტებზე დაყრდნობით. ამას ქუჩიდანაც ახერხებს და არ სჭირდება, რომ ერთდროულად 7 კამერა იღებდეს.



რედაქცია: სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საკუთრივ ნანა საჯაიას და არ წარმოადგენს FOX NEWS-ის ოფიციალურ პოზიციას





 


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ