როგორ ვმართოთ სტრესი პანდემიის პირობებში - ინტერვიუ ჯანა ჯავახიშვილთან
16.05.2020
როგორ მივხვდეთ, რომ პროფესიული გადაწვის ეტაპზე ვართ, ან ძლიერ სტრესს განვიცდით, როგორ გავუმკლავდეთ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს, როგორ ავირიდოთ ზიანი იმ აგრესიისგან, რისი სამიზნეც, შესაძლოა, მარტივად გავხდეთ, რა როლი აქვს სტრესთან გამკლავებაში ჩვენს დამსაქმებელს, რატომ გვჭირდება აღიარება, მხარდაჭერა და დასვენება - კორონავირუსის პანდემიის პირობებში მედიის წარმომადგენლებისთვის გაზრდილ ფსიქოლოგიურ რისკებზე, გამოწვევებსა და სტრესის მართვაზე “მედიაჩეკერი” ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა.

- კორონავირუსის პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ყველა ძალიან სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. თუმცა ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლისთვის რისკები განსაკუთრებულად გაზრდილია. არიან ამ ჯგუფში ჟურნალისტები?

ერთი მხრივ, ყველასთვის გაზრდილია ფსიქოლოგიური რისკები და მითუმეტეს ე.წ. “ფრონტის ხაზის მუშაკებისთვის”. ჟურნალისტები სწორედ რომ წინა ხაზის პროფესიონალები არიან, ვინც პირველები მიდიან, პირველები ხედავენ რა ხდება და პირველები გადასცემენ საზოგადოებას ინფორმაციას. ანუ, რისკი გაზრდილია, გარკვეულწილად. მაგრამ, ამავე დროს, ამ ვითარებაში, სტრესთან გამკლავებაში ძალიან გვეხმარება ჩვენი პროფესიული დანიშნულების გაცნობიერება.

ჟურნალისტი, ამ შემთხვევაში, ზრუნავს, რომ საზოგადოებამ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს, ფსიქოლოგი ზრუნავს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, მედპერსონალი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ანუ, ვისაც ამ სიტუაციაში არ დაეკარგა პროფესიული მუშაობის საშუალება, უნდა ჩავთვალოთ, რომ პრივილეგირებულები ვართ, გარკვეული თვალსაზრისით. დიახ, რისკები მაღალია, მაგრამ, ამავე დროს, დაცვითი ფაქტორიც ძალიან მაღალია - პროფესიულ როლში ყოფნა, საკუთარი მისიის გაცნობიერება.

- რამდენად ამძიმებს ამ მდგომარეობას ის, რომ სხვებისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს არ შეუძლიათ დისტანცირდნენ ამ ამბებისგან და მთელი დღის განმავლობაში მოცული არიან პანდემიასთან დაკავშირებული საკითხებით. ეს ხომ არ არის დამატებითი სტრესორი?

არსებობს ასეთი ცნება, პროფესიული გადაწვა და პროფესიული სტრესი. პროფესიული გადაწვა არის ხანგრძლივი პროფესიული სტრესის, მისი კუმულაციის (დაგროვების) შედეგი. განსაკუთრებით, რისკ ფაქტორად ითვლება, როცა ჟურნალისტი ქაოტურ გარემოში მუშაობს.

კრიზისის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრესორი ჟურნალისტისთვის არის ის, რომ ის ადვილად ხდება აგრესიის სამიზნე. აგრესია და ბრაზი კი ამ სიტუაციაში უხვად არის. ბევრი გარემოება მოქმედებს ჩვენზე - გადადების საშიშროებაა, დაუცველობის განცდა, ეკონომიკური ფაქტორი, ზოგმა სამსახური დაკარგა, ზოგს ჯანმრთელობის მეტი რისკი აქვს და ა.შ. და ასეთ დროს, ამ განსაკუთრებულ ვითარებაში, გადაწყვეტილებები, რომელსაც უფლებამოსილი პირები იღებენ, ხანდახან შესაძლოა სწორი არ იყოს. ეს ჩანს, ამას ყველა ვხედავთ და ასეთ დროს, მათკენ საზოგადოების რისხვა მიემართება, თუმცა ვერ სწვდება. ეს რისხვა, თავის მხრივ, ამ პირებში თავდაცვით აგრესიას იწვევს და ვინ არის პირველი ეშელონი თავდაცვითი აგრესიის? რა თქმა უნდა, ჟურნალისტი. ამგვარად, ჟურნალისტი ხდება აგრესიის იოლი სამიზე როგორც საზოგადოების, ასევე გადაწყვეტილებების მიმღები პირების მხრიდან.

ადვილად ხელმისაწვდომი სამიზნეა ჟურნალისტი, მიტომ, რომ ის ხილვადია, ყოველ დღე ხედავ ტელეეკრანებზე, ვიდეოებში, სოციალურ ქსელში და ადვილია “მის თვალში ბეწვი შეამჩნიო, როცა შენს თვალში დირეს ვერ ხედავ”.

უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გამოიმუშაოს ჟურნალისტმა, არის ის, რომ უნდა მიიღოს სიტუაცია ისეთი, როგორიც არის, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. არსებობს სპეციალური ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, როგორ იმუშაონ არაკეთილგანწყობილ გარემოცვაში.


კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მედიის წარმომადგენლებისთვის გაზრდილ ფსიქოლოგიურ რისკებზე და სტრესის მართვაზე, ვრცლად მოუსმინეთ ჯანა ჯავახიშვილს


- ასეთ ვითარებაში, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რა შეიძლება გააკეთოს ჟურნალისტმა, მედიის ნებისმიერმა წარმომადგენელმა, რომ გაუმკლავდეს ამ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს?


არსებობს ემოციური რეგულაციის ტექნიკები და ეს უნდა იყოს ჟურნალისტის მომზადების და სწავლების ნაწილი. როგორც ‘ფრონტზე’ გასვლას და ‘ფრონტზე’ ყოფნას სჭირდებაა მომზადება, ისე ‘ფრონტიდან’ დაბრუნებასაც უნდა მომზადება. Სამხედროების წვრთნაში, არის ფაზები, თუ როგორ მოვამზადოთ სამხედროები ფრონტის ხაზზე წასასვლელად, როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს, როგორ მოვამზადოთ ფრონტის ხაზიდან დასაბრუნებლად. ასევე უნდა იყოს ჟრნალისტისთვის. კრიზისის გაშუქება შესაძლებელია მატრამვირებელი გამოცდილება იყოს, იმიტომ, რომ ერთია რომ ბრაზის სამიზნე ხარ და მეორეა - ადამიანური ტრაგედიები და ტკივილები, რომელსაც აშუქებ, ასეთ დროს თავად ჟურნალისტის ტრამვირების საფრთხე დიდია.

Რომ დავაჯამოთ, კრიზისის გაშუქებისას, ჟურნალისტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოემზადოს, რომ ის შეიძლება გახდეს ბრაზის, აგრესიისა და დამამცირებელი მოპყრობის სამიზნე და გალანძღვის ობიექტი. ეს უნდა გაითვალისწინოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ შეფასებებზე.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია - იცოდეს, რომ კრიზისის გაშუქებისას იგი პირისპირ შეხვდება ადამიანურ ტკივილსა და ტრაგედიებს და უნდა იყოს ამისთვის მზად. ამისთვის საკუთარი ემოციების მართვა უნდა შეეძლოს, უნდა იყოს ამაში გამოცდილი. აქ უაღრესად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგად ცნობა. ასევე, საკუთარ ემოციებში გარკვევისა და ემოციური რეგულაციის უნარ-ჩვევების ვარჯიში. ეს არის ის ფაქტორები, რითიც ინდივიდუალურად შეუძლია ჟურნალისტს თავი დაიცვას.

ვთქვათ, ჟურნალისტს პანდემიამდე პირადი პრობლემები ჰქონდა და ამის გამო მას ემოციური წონასწორობა აქვს დარღვეული. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, მან დაზოგოს საკუთარი თავი და არ წავიდეს რთულ საქმეზე. Მან საკუთარი ემოციური ლიმიტები უნდა გააცნობიეროს. ასევე, უნდა იცოდეს ე.წ. “ტრიგერების” (ეს არის ჩამრთველი მექანიზმი, ანუ რაზე ვრეაგირებთ ძალიან ემოციურად) ამოცნობა/გაცნობიერება. თუ ვიცი რა იწვევს ჩემში მძაფრ ემოციებს (რა ‘მატრიგერებს’), ან მოვერიდები, ან მივმართავ ემოციური რეგულაციის ტექნიკებს, რათა ჩემი ემოციური მდგომარეობა ვაკონტროლო.

- ჟურნალისტებს ხშირად არ რჩებათ დრო იმის გასაანალიზებლად, რა ხდება მათ თავს, როგორია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ შესაძლოა სტერსს განვიცდით?

თუ კარგად ვიცნობთ ჩვენს თავს, მარტივად მივხვდებით. პირველი ნიშანი ის არის, რომ ქცევა გეცვლება, უფრო გაღიზიანებული ხდები, ან გამოფიტვის განცდა გაქვს, ან ძილის ჩვევა გეცვლება - გიჭირს დაძინება, ან/და ძილი წყვეტილი გახდა, დილიდან დაღლილი იღვიძებ, მოუსვენრად ხარ, სამსახურში წასვლა არ გეხალისება, უგუნებოდ ხარ, პრობლემები შეგექმნა პარტნიორთან თუ ოჯახის წევრთან ურიერთობაში, გაღიზიანებს სამსახურებრივი ვითარება, ცდილობ ნაკლები კონტაქტი გქონდეს ადამიანებთან, ან დაიწყე ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება... თუ ქცევები და ზოგადი მდგომარეობა შეგეცვალა, ეს უკვე იმის ნიშანია რომ რაღაცაა შესაცვლელი, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს და პირიქით, გამოკეთდეს.

სტერეოტიპული აზრია, რომ გადაღლის ან სტრესის დროს, უნდა გაუშვა ჟურნალისტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან. ეს არ არის ასე, ადამიანს აქვს სტრესის მიმართ მედეგობის უნარი და ჩვენ ერთმანეთის დახმარებაც შგვიძლია ამ თვალსაზრისით. ასევე, შესაძლებელია პრობლემების თავიდან აცილებაზე ზრუნვაც. პრევენციაა უაღრესად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა იწვევს პროფესიულ გადაწვას და როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს მისი თვიდან აცილებისთვის. აქ ვსაუბრობ ე.წ. თანატოლთა მიერ თანატოლთა დახმარებაზე, ანუ, ჩვენ შემთხვევაში - ჟურნალისტთა ურთიერთდახმარებაზე. თუ შევამჩნიეთ კოლეგას, რომ ქცევა შეცვალა, ვკითხოთ, ხომ არ სჭირდება დასვენება, ზოგადად - მნიშვენლოვანია ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანი და მგრძნობიარე ვიყოთ, მხარდაჭერა გამოვუხატოთ ერთმანეთს. თუ კოლეგიალური ურთიერთმხარდაჭერის სისტემა მოქმედებს, შესაძლოა ფსიქოთერაპევტთან მისვლა არც გახდეს საჭირო.

- რა ხდება მაშინ, როდესაც ამ ნიშნებს ვერ ვხედავთ და ისევ ამ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას?

ის ჟურნალისტი, რომელიც ვერ იცავს დასვენებისა და შრომის რეჟიმს და არ აძლევს თავს მოდუნების საშუალებას, ასევე, თუ არ არის საკმარისი ურთიერთმხარდაჭერის სისტემა მედიაორგანიზაციებში, შეიძლება ჟურნალისტი ისეთ კონდიციამდე მივიდეს, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

თუ ადამიანი პროფესიულად გადაიწვა, სათანადო პროფესიული მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს, ის შესაძლოა ან საერთოდ წავიდეს პროფესიიდან, ან დიდი ხნით დაიჭიროს პაუზა. სწორედ ამიტომ, პრევენცია უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამ თვალსაზრისით, ეფექტურია მედიაორგანიზაციაში პროფესიული გადაწვის საპრევენციო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა. Ზოგადად, შტატზე ზრუნვაზზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა. თუ ჟურნალისტი რთულ პირობებში მუშაობს, საჭიროა ამის აღიარება, დასვენების რეჟიმის უზრუნველყოფა, შტატზე ზრუნვის სხვადასხვა მეთოდების დანერგვა. სტრესისგან დაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი დაცვითი ფაქტორი არის, ასევე, მადლიერება. ბიბისის ჟურნალისტებში შესწავლილ იქნა პოსტ ტრავმული სტრსული აშლილობის სიმპტომები მათ მიერ ერაყის ომის გაშუქების მერე. აღმოჩნდა, რომ პოსტ ტრავმული სტრსული აშლილობის სიმპტომები სტატისტიკურად ბევრად უფრო ნაკლებად იყო გამოხატული იმ ინგლისელ ჟურნალისტებში, რომელთა “ლაინ-მენეჯერები” (უშუალო მენეჯერები) აღიარებდნენ, რომ მათ რთულ პირობებში მოუწიათ მუშაობა (ბრძოლის ველზე), და მადლობას გამოუხატავდნენ ამისთვის.

ე.წ. “ფრილანსერი” ჟურნალისტები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვინაიდან, შეიძლება, არ ჰყავდეთ მხარდამჭერი გუნდი, თუმცა, მაინც შეიძლება არაფორმალური კავშირებით ერთმანეთის მხარდაჭერა.

თუ მიუხედავად პრევენციული ღონისძიებებისა, ადამიანი მაინც გრძნობს, რომ უკვე ვეღარ უმკლავდება საკუთარ ემოციურ მდგომარებას, მაშინ, რასაკვირველია, საქმეში ფსიქოლოგიური დახმარება უნდა ჩავრთოთ.

ადამიანებს, და მათ შორის, ჟურნალისტებსაც გვაქვს სტრესთან გამკლავებისა და აღდგენის უნარი. მთავარია, ვიცოდეთ პროფესიული სტრესისგან თავის დაცვა და ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ერთმანეთზე.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ