22.02.2015
პროფესიული სტანდარტების მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების “განუვითარებლებად” და „აგრესიულებად” მოხსენიება დისკრიმინაციულია და ამძაფრებს სტერეოტიპებს ბავშვების კონკრეტული ჯგუფის მიმართ. დისკრიმინაციულია ტერმინი “ქუჩის ბავშვებიც”. მის ნაცვლად სასურველია გამოვიყენოთ „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები“.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას: “მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება“.
ხოლო გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვებზე რეპორტაჟის მომზადებისას გვირჩევს, რომ უფრო მეტად აღარ მოვახდინოთ ბავშვების სტიგმატიზაცია: “თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან ადგილობრივი საზოგადოების მიერ გარიყვა”.
დისკრიმინაციულია გადაცემაში გასული კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც გადაცემის სტუმარი, მწერალი და პუბლიცისტი შადიმან შამანაძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე საუბრისას ამბობს: “ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი არის ადამიანის უფლებების დაცვით და ყველაზე ღვთისნიერი საქმეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, მით უმეტეს ბავშვების...”
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. მათი უფლებების დაცვის “ღვთისნიერ საქმედ” მოხსენიება მათ “არასრულფასოვნებაზე” ხაზის გასმაა.
შადიმან შამანაძე 112-ის მიერ სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის სმს და ვიდეო ზარის სერვისის დანერგვის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ სერვისის წყალობით ამ ადამიანებს “მუნჯის ენაზე” ელაპარაკებიან. აღსანიშნავია, რომ “მუნჯის ენა” არ არსებობს, არსებობს ჟესტების ენაზე საუბარი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ამავე მუხლის განმარტებითი ნაწილის მიხედვით, "პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".