ბეჭდური მედია 17 მაისის მოლოდინში
17.02.2015
ქართულმა ბეჭდურმა მედიამ გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე პუბლიკაცია დაუთმო 17 მაისს , როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. გაზეთებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, თუ როგორ აპირებენ ლგბტ თემის წარმომადგენლები საქართველოში 17 მაისის აღნიშვნას და რამდენად იქნება დაცული მათი უსაფრთხოება სახელმწიფოს მიერ.
გაზეთი „რეზონანსი“ მთელი კვირის განმავლობაში ამ თემაზე ნეიტრალური ტონით წერდა. ორშაბათს, 11 მაისს, „რეზონანსმა“ პირველი გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჩუმი ჩვიდმეტი მაისი“. სტატიაში ლგბტ ჯგუფების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წინასწარ არ აპირებენ დააანონსონ, თუ როგორ აღნიშნავენ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რადგან გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ დღის აღნიშვნა საქართველოში განსაკუთრებული საფრთხეების შემცველია. ამ საკითხზე ჟურნალისტი ასევე აქვეყნებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის კომენტარს: „იქნება თუ არა ლგბტ პირების უსაფრთხოება დაცული, ეს თავად ლგბტ პირების უფლებების დამცველ ორგანიზაციებზეა დამოკიდებული“. შემდეგ კი შსს-ს წარმომადგენელი აზუსტებს, რომ „პოლიცია თავისი კომპეტენციისა და კანონის შესაბამისად იმოქმედებს“. სტატიის ავტორი ასევე შეეცადა, გაერკვია, რას გეგმავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისს, ვინაიდან ეს დღე გასულ წელს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს და ოჯახებს დალოცავს.
„რეზონანსმა“ ასევე ნეიტრალური ტონით გააშუქა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ორგანიზაცია „იდენტობის“ სარჩელზე. 13 მაისს ამ თემაზე გაზეთის ბოლო გვერდზე გამოქვეყნებულია სიახლე, რომელსაც 2013 წლის 17 მაისის დემონსტრაციის დარბევის საარქივო ფოტო ადევს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარბევას კონტრაქციაში მონაწილე პირების მხრიდან. ამ ინფორმაციას გაზეთი ასევე იმეორებს 15 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „2 წლის წინანდელი 17 მაისისათვის საქართველო 38 ათასი ევროთი დააჯარიმეს“.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე 13 მაისს ინფორმაცია გაზეთმა „ალიამაც“ გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფოსთვის დაკისრებულ ჯარიმად სრულიად სხვა ციფრია დასახელებული - „17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ 32000 ევროს გადახდა დააკისრა“. სიახლის ილუსტრაციად „იდენტობის“ ლოგოა გამოყენებული. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება არა 2013 წელს, არამედ 2012 წელს რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული აქციის დაშლას. მასალას თან ახლავს სარედაქციო მინაწერი: „ჰოდა, გადაიხადოს ახლა ეს 32 ათასი ევრო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც სულ იმას იყვედრება, ჩვენს დროს ყველაფერი კარგად იყო და ხალხს ვიცავდითო“.
17 მაისის თემას „ალია“ შემდეგ ნომრებშიც ეხება. 14 მაისს, მე-11 გვერდზე გაზეთი აქვეყნებს primetimenews.ge-ს სიახლეს, სათაურით: „რას წერს მამა პეტრე მოახლოებულ 17 მაისზე“. ინფორმაცია მთლიანად ეთმობა მართლმადიდებელი სასულიერო პირის, მამა პეტრეს მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს. „ვერც ეკლესია მიიღებს მშვიდად ცოდვის დემონსტრირებას. ერთად ვებრძოლოთ ცოდვას და არა ცოდვილს“, - აღნიშნავს სასულიერო პირი.
„ალიას“ 15 მაისის ნომერში, მე-5 გვერდზე გამოქვეყნებულია მორიგი სიახლე სათაურით: „ჩიორა თაქთაქიშვილი: 17 მაისის გამოცხადება ოჯახის დღედ არის კიდევ ერთი ძალადობა“. სიახლის წყაროდ დასახელებულია infotime.ge და მას კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის შემცველი რედაქციის მინაწერი ახლავს.
17 მაისის თემას ეხება გაზეთი Prime Time. მე-14 გვერდზე გამოქვეყნებულია ნახევარგვერდიანი ფოტოკოლაჟი, რომელზეც 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირებისა და კონტრაქციის მონაწილეთა მსვლელობა და დაპირისპირების კადრებია ასახული. „17 მაისს რუსთაველზე მასშტაბური მსვლელობა იგეგმება“ - გვამცნობს პუბლიკაციის სათაური. ქვესათაურში კი ირკვევა, რომ რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი გეგმავს „აღლუმის“ მოწყობას, რასაც „აღლუმის“ მხარდამჭერი, გია კორკოტაშვილი აანონსებს. მისი სიტყვები გამოტანილია ქვესათაურშიც: „გია კორკოტაშვილი: საკმაოდ დიდი აღლუმი და სახალხო დღესასწაული იქნება. 17 მაისს „ლგბტ“ საზოგადოებაც გეგმავს ღონისძიებას“. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, რომელ აქციაში მიიღებს მონაწილეობას - „ან აწყურის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, ან ლგბტ-ის დღესასწაული. ვისაც რა სულიერება აქვს, ისე აღნიშნოს ეს დღე“.
17 მაისის თემას ყველაზე დიდი ადგილი - 2,5 გვერდი და 3 პუბლიკაცია დაუთმო გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ . სტატიებში უხვად არის გამოყენებული სიძულვილის ენა. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შიში, სტერეოტიპული შეხედულებები და სიძულვილის ენა ჩანს როგორც ჟურნალისტების, ისე რესპონდენტების ფრაზებში. რესპონდენტები თავიანთი ინტრეპრეტაციით წარმოადგენენ ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს. ამ მხრივ, დარღვეულია ბალანსიც, რადგან გაზეთი ადგილს არ უთმობს საპირისპირო მოსაზრებების მქონე რესპონდენტებს და მათ განსხვავებულ შეხედულებებს.
„საზოგადოება, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად, პათოლოგიად ან დიდ ცოდვად არ მიიჩნევს, სიკვდილისთვის არის განწირული“, - ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია „ასავალ-დასავალის“ მე-10 გვერდზე. სიტყვები ეკუთვნის „მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელს, პეტრე მამრაძეს, რომელიც მოახლოებული 17 მაისის შესახებ იწყებს საუბარს და შემდეგ ჟურნალისტის სხვადასხვა შეკითხვას პასუხობს. კიდევ ერთი მასალა იმავე ნომერში შემდეგი სათურით გამოქვეყნდა: „ალასანიას პარტია 17 მაისს გეი-აღლუმის ჩატარებას ემხრობა!“ ჟურნალისტი სტატიაში აცხადებს, რომ „ალასანიას პარტია ანტიმართლმადიდებლურია და ამიტომ მან მხარდამჭერები ლესბოსელ-გეი-ბისექსუალ-ტრანსსექსუალებში უნდა ეძებოს“. მსგავსი პოზიციაა გამოხატული სტატიის პირველივე აბზაცშიც: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დაგვიწერია, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ისეთივე ანტიქართული და ანტიეკლესიური წარმონაქმნია, როგორიც ნაცმო! თანაც ამას თვით ირაკლი ალასანია და მისი თანამზრახველები ღიად და დაუფარავად ადასტურებენ! დიახ, ოპოზიციაში გადაბარგებული ირაკლი ალასანია ლგბტ-ლობისტად გამოგვეცხადა“.
კიდევ უფრო მეტი ჰომოფობიური გამონათქვამი, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისადმი ზიზღი და 17 მაისისადმი შიში ჩანს გაზეთის 21 გვერდზე, ნახევარგვერდიან პუბლიკაციაში, სათაურით: „არსებობს იმის საშიშროება, რომ 17 მაისს გეი-აღლუმი გაიმართოს!“ ეს არის ინტერვიუ სოფელ დიღმის ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ დავით ისაკაძესთან. ჟურნალისტის მიერ მომზადებულ შესავალსა და კითხვებში, ასევე, რესპონდენტის პასუხებში მრავლად არის გამოყენებული სიძულვილის ენა. პუბლიაციაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები და მათი უფლებების დამცველები დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით არიან მოხსენიებული.

თეგები : სოციალური მედია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ