25.07.2015
სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და
სოციალური მედიის როლი კრიზისული სიტუაციის დროს განსაკუთრებულად
იზრდება. წყალდიდობის, ტერაქტების, მიწისძვრისა თუ ცუნამის შესახებ
ინფორმაცია პირველად სწორედ სოციალური ქსელებით ვრცელდება ხოლმე. ასე
მოხდა 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროსაც - მოქალაქე
ჟურნალისტებმა ტრადიციულ მედიას დაასწრეს, კამერები ტელეფონებით
„ჩაანაცვლეს“ და სტიქიის პირველივე საათებიდან მათი ფეისბუქ
პროფილები, პრაქტიკულად, ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო
იყო.
წყალდიდობის დაწყებისას სოციალური
ქსელებში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ტრადიციული მედიის მისამართით,
ტელევიზიებმა მოვლენის ადგილზე მისვლა და სპეციალური გამოშვების
ეთერში გაშვება სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ
შეძლეს.
ასეთ სიტუაციაში ლოგიკურად
გაიზარდა მოთხოვნა სოციალური ქსელითა თუ იუთუბით გავრცელებულ
ინფორმაციაზე. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ფეისბუქის
მომხმარებელმა გიორგი მანჯავიძემ (GIO FOX-მა) 13 ივნისს შემთხვევის
ადგილიდან ატვირთა, 1925 გაზიარება და 78 ათასზე მეტი ნახვა
აქვს.
“გულწრფელად გეტყით, თავდაპირველად
ძალიან გავბრაზდი და კარგადაც გამოვლანძღე ჩვენი ტელემედია... ეს
იმიტომ, რომ იმ მომენტში ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშე ვიყავი
დარჩენილი, როგორც მაყურებელი. აი მოგვიანებით კი ჩემში
"ჟურნალისტობამ" სძლია მაყურებლის პოზიციას და მივხვდი, რომ ჩემს
კოლეგებს აშკარად გაუჭირდებოდათ მობილიზება საგანგებო ეთერისთვის
სტიქიის გამო”, - ამბობს გიორგი მანჯავიძე. მან ტელეფონი აიღო,
შემთხვევის ადგილზე წავიდა და მთელი ღამის განმავლობაში აწვდიდა
სოციალური ქსელების მომხმარებლებს ინფორმაციას მოვლენათა
ეპიცენტრიდან.
მანამ, სანამ გადამღები ჯგუფი
ადგილზე მივიდოდა და ტელევიზიისთვის ინფორმაციისა და კადრების
მიწოდებას შეძლებდა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ აუდიტორიას ინფორმაციას
ტელეკომპანიის ვებისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით
აწვდიდა. ისინი აქტიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელში მოსახლეობის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციასაც. ტელევიზიის ვებგვერდის გამშვები
რედაქტორის, რუსა მაჩაიძის, თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა
ოფიციალურ უწყებებსაც უჭირდათ, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად
სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყეს:
“ყველაზე პრობლემატური კი ის იყო,
რომ ინფორმაცია არავის ჰქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ყველანაირი მასალა
გამოგვექვეყნებინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი წყარო ფეისბუქი იყო.
ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე ჩვენი ჟურნალისტები ადგილებამდე
მივიდოდნენ. შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ვამოწმებდით სოციალურ
ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. იმდენად დიდი იყო ინფორმაციაზე
მოთხოვნა, რომ ტელეკომპანიის საიტი რამდენჯერმე გაითიშა. ასეთ დროს,
ინფორმაციას პირდაპირ ფეისბუქის გვერდზე ვაქვეყნებდით. ამიტომ
ვფიქრობ, რომ ამ ღამეს სოციალურმა ქსელებმა ყველაზე კარგად იმუშავა.
ინფორმაციის მიღების თვალსაზრისითაც და გავრცელების მხრივაც”, -
ამბობს რუსა მაჩაიძე.
მოგვიანებით ტელევიზიები ეთერში
სოციალურ ქსელებში გარცელებულ კადრებსაც აქტიურად გადასცემდნენ.
თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ
სოციალური ქსელში ინფორმაციას რიგითი ადამიანები გადაუმოწმებლად
აქვეყნებენ, აზიარებენ და ავრცელებენ, ფეისბუქი ხშირად დეზინფორმაციის
წყაროც იყო. მაგალითად, ვრცელდებოდა სხვა ქვეყნებსა და სიტუაციაში
გადაღებული ფოტოები, როგორ დასეირნობდა ლომი თუ ნიანგი ქუჩაში, ფოტოს
მინაწერში კი აღნიშნული იყო, რომ ის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის
დროს იყო გადაღებული.
სოციალური ქსელით გავრცელდა
მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოები ბაგებში ვეფხვის არსებობის
შესახებაც. ტრადიციული მედიის გამოშვებებში ეს ფოტოებიც მოხვდა.
მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ეს ვეფხვი სინამდვილეში კატა
ყოფილა.
ჟურნალისტ თამარ კარელიძის თქმით,
ის, რომ უცხოურმა მედიამ საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში აქცენტი
ზოოპარკიდან გაქცეულ ჰიპოპოტამზე გააკეთა, იმის ბრალია, რომ სხვა
ამბებმა ქვეყნიდან ვერ გააღწია.
“იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა
საქართველოში, თითქმის არავინ წერდა ტვიტერზე საქართველოდან
ინგლისურად. მე იმ დღეს დავიწყე წერა, როცა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა
და უცხოური მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდი იყო. იმავე დღეს მომწერა
და მიმდინარე ამბების შესახებ ეთერში ჩამრთო რადიო LBC-მ, ასევე,
სკაიპით ჩავერთე Sky News-ს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ”, -
ამბობს თამარ კარელიძე,
მისი თქმით, ტვიტერი ძალიან კარგი
საშუალებაა ინფორმაციის საერთაშორისო მასშტაბით გასავრცელებლად, თუმცა
ამ რესურსს საქართველოში არ ვიყენებთ. არადა, ტვიტერი უკვე დიდი ხანია
მსოფლიოში ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფ საშუალებად იქცა. ეს
სოციალური ქსელი საშულებას იძლევა მოძებნო ბოლო ინფორმაცია სასურველი
ან ყველაზე პოპულარული თემების შესახებ.
შეიძლება ითქვას, რომ 13 ივნისს,
თბილისის წყალდიდობისას, სოციალურმა მედიამ ტრადიციულ მედიასთან
შედარებით უფრო ოპერატიულად იმუშავა, ინფორმაციაც სწრაფად, ვირუსულად
ვრცელდებოდა. მოქალაქე ჟურნალისტები ინფორმაციის გასავრცელებლად,
ყველაზე ხშირად, ფეისბუქსა და იუთუბის იყენებდნენ.