09.03.2017
კრიზისული სიტუაციები,
კატასტროფები, ბუნებრივი კატასტროფები - მედიის ყურადღების ცენტრში,
როგორც წესი, დაუყოვნებლივ ხვდება.
ასეთ დროს მედიასაშუალებები
იწყებენ ბრძოლას, თუ ვინ აცნობებს აუდიტორიას პირველად მოსალოდნელი
საფრთხის შესახებ, ვინ დაასწრებს კატასტროფის ენით აღუწერელი კადრების
ავრცელებას, ვინ მოყვება ადამიანურ ტრაგედიებზე, სტიქიის დამანგრეველ
და ხშირად სიცოხლისათვის სახიფათო შედეგებზე, ვინ უამბობს მაყურებელს
გადარჩენილების ისტორიას.
ყველაზე მნიშვნელოვნად ამ 3 ფაზაში
მედიის როლი პირველ 2 შემთხვევაში განიხილება. მედიამ უნდა შეძლოს და
დროულად მოამზადოს აუდიტორია მოსალოდნელი საფრთხისთვის, ასევე
მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ევაკუაციისა და საგანგებო
სიტუაციაში საზოგადოების ზუსტი ინფორმირების პროცესში.
მნიშვნელოვანია, როგორ არჩევს
მედია იმ კატასტროფას, რაც უნდა გააშუქოს. ცხადია, ყველაფერი
ობიექტივში ვერ ხვდება და მედიას უწევს ეთერში გასაშვებად ღირებული
ამბების შერჩევა.
ბუნებრივი კატასტროფების დროს
საერთაშორისო მედია ხშირად ისეთი ქვეყნებითაც ინტერესდება, რომლებსაც
სხვა მიზეზით ყურადღებას ნაკლებად, ან საერთოდ არ აქცევდა. ამის
განმსაზღვრელი, რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, სტიქიის მასშტაბურობა
და მსხვერპლის რაოდენობაა. რაც უფრო შთამბეჭდავია სტატისტიკა, მით
მეტია ინტერესი საერთაშორისო მედიაში და მით უფრო დიდხანს რჩება ეს
თემა აქტუალური.
საკმაოდ მრავალფეროვნად და
ხანგრძლივად გაშუქდა დამანგრეველი მიწისძვრა პაკისტანში 2005 წელს.
მიწისძვრის ცენტრი ქაშმირის რეგიონში იყო. მაშინ სტიქიამ გავლენა
იქონია ინდოეთის მოსაზღვრე რეგიონებზეც. თუმცა BBC-ის ყურადღება უფრო
მეტად მიიქცია პაკისტანმა, სადაც 38 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, 60
ათასი დაშავდა და 3.3 მილიონი უსახლ-კაროდ დარჩა. აღსანიშნავია კიდევ
ერთი დრამატული გარემოება - პასკისტანში მიწისძვრის შემდეგ ადამიანები
სიცივისა და შიმშილისგანაც დაიღუპნენ. ინდოეთში კი ათას ოთხასი
ადამიანი დაიღუპა.
პაკისტანის მიწისძვრამდე 4 კვირით
ადრე BBC-მ ნაკლები ყურადღება დაუთმო ქარიშხალ შტანსის გაშუქებას
ცენტრალურ ამერიკაში. ამ სტიქიას 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამაგიეროდ საკმაოდ აქტიურად გაშუქდა ამავე რეგიონში დატრიალებული
ქარიშხალი კატარინა და რიტა. ამ კატასტროფას 10 ათასამდე ადამიანი
ემსხვერპლა და განადგურდა დაახლოებით 90 ათასი კვადრატული მილი
მიწა.
მაშინ, როცა მედია ექსკლუზიური
კადრებისთვის და ამბის დრამატულად ჩვენებისთვის იბრძვის, როცა მედია
შეუსვენებლად მუშაობს და მის მიერ დაკარგული ყოველი წამი
მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალია შეცდომების დაშვების, არაზუსტი
და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გადაცემის რისკი. განსაკუთრებით ე.წ.
სოციალური მედიის პირობებში, როდესაც პირველ ინფორმაციას მოქალაქეები
არა მედიიდან, არამედ სოციალური ქსელებიდან იგებენ. ამ დროს მედია
ხდება მეორე წყარო, რომელიც ამოწმებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული
ინფორმაციის სანდოობას და უფრო სარწმუნო ინფორმაციას გადასცემს
აუდიტორიას.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც
საერთაშორისო მედიაში ბუნებრივი კატასტროფების გაშუქებისას
წარმოიქმნება, სტერეოტიპების გამყარებაა ამა თუ იმ ქვეყნის ან
ადამიანების შესახებ, რომლებიც სტიქიის დამანგრეველ ზონაში
მოყვნენ.
2010 წელს ჰაიტის მიწისძვრის დროს
200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჟურნალისტები ჰაიტიზე მოვლენების
გასაშუქებლად მაშველებზე და ექიმებზე ადრე ჩავიდნენ. საერთაშორისო
აუდიტორიის ნაწილისთვის ეს იყო პირველი შეხება ჰაიტისთან და პირველივე
შემთხვევისას ამ ქვეყნის შესახებ მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია
მიიღეს.
მეინსტრიმ მედია აქცენტს აკეთებდა
იმაზე, თუ როგორ მძიმე სიტუაციაში ცხოვრობდნენ ჰაიტელები
მიწისძვრამდე. მაგალითად CNN-ზე ჰაიტისთან დაკავშირებით გვხვდებოდა
შემდეგი ფრაზები: “დასავლეთ ნახევარსფეროს უღარიბესი ქვეყანა”,
“ყველაზე ნაკლებად განვითარებადი ქვეყანა”, რომელშიც მძვინვარებს
კრიმინალი და უსამართლობა. NBC-მ და რამდენიმე სხვა მედიასაშუალებამ
მოამზადა მასალა ჰაიტელებზე, რომლებიც ნარჩენებით იკვებებიან. CNN და
სხვა მსხვილი მედიასაშუალებები მძარცველებად მოიხსენიებდნენ
ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე დღე არ ჰქონდათ საკვები ნაჭამი და
დანგრეული შენობებიდან იღებდნენ საჭმელს. ჰაიტის მცხოვრებლები
საერთაშორისო მედიაში მიიჩნეოდნენ სხვადასხვა ეპიდემიის წყაროდ.
გარდა ამისა, ჰაიტის მიწისძვრა იყო
შემთხვევა, როდესაც მედიამ ყოველგვარი ეთიკის ნორმები დაივიწყა და
სრულად აჩვენა სტიქიის შემაძრწუნებელი მხარე. თითქმის ყველა
საერთაშორისო გამოცემასა და მედიაეთერში მოხვდა გარდაცვლილთა
სისხლიანი კადრები. ზოგიერთი გარდაცვლილის ახლობლებმა პირველად ამ
კადრებიდან შეიტყვეს მათი გარდაცვალების შესახებ.
“ჰაიტელი ხალხი თავად სთხოვდა
ჟურნალისტებს გვამების გადაღებას და მათი ისტორიების მოყოლას. მათ
სურდათ, რომ მსოფლიოს დაენახა, სცოდნოდა როგორ საშინელ მდგომარეობაში
იყვნენ”, - ასე განმარტავს ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების ქცევას ნიუ
იორკ თაიმსის ფოტორედაქტორის თანაშემწე მაიკლ მაკნელი American
Journalism Review-ში გამოქვეყნებულ მასალაში სახელწოდებით: Too
Graphic?
ამავე მასალაში ჰაიტის მცხოვრები
Valérie Payen-Jean Baptiste კი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა
მიწისძვრის დროს, შეშფოთებულია იმ ფოტოებით, რაც ჰაიტიდან
საერთაშორისო მედიაში გავრცელდა.
“ვიცი, ახალი ამბების სააგენტოებმა
გადაიღეს ფოტოები და ამის უფლება მათ ადამიანებმა ფულის სანაცვლოდ
მისცეს. მაგრამ, მე რასაც ვხედავ, ხალხი ჰაიტიში ძალიან
განაწყენებულია. ზოგიერთი ფოტო შეურაცხმყოფელია, კატასტროფაა, ჩვენ
ისედაც ბევრი განვიცადეთ.
მე არ ვაკრიტიკებ ჟურნალისტებს,
ვინც საუბრობდა მიწისძვრის დროს მომხდარ ფაქტებზე. მე ვაკრიტიკებ
ათასობით არასაჭირო ფოტოს და ვიდეოს, სადაც ჩანს გარდაცვლილი
ადამიანები, მათი სხეულის ნაწილები, ადამიანების სიშიშვლე,
ადამიანების ტრაგედია, რომლებიც საკვებისა და წყლის რიგში დგანან. ეს
სისასტიკე მართლა აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების
მობილიზებისთვის?” - დასძინა Valérie Payen-Jean Baptiste-მ.
ფოტოს წყარო:
blog.lewispr.com