ბოტანიკური ბაღი და მედიაგაშუქება
30.04.2016
/media/1001663/2018/02/28/89f6e1606a41c7bcdb6d117322312b02.jpg

რა გააშუქა მედიამ

თემის მედიაგაშუქება საკმაოდ ფრაგმენტული და ბუნდოვანი იყო. სიუჟეტების ნაწილიდან შემდეგი მესიჯები ისმოდა: „ბოტანიკურ ბაღს მიწა არ დაუკარგავს, გაცემული 4 ჰექტარის სანაცვლოდ ისევ 4 ჰექტარი მიიღო“; „ბოტანიკური ბაღისთვის სანაცვლოდ გადაცემული მიწა უკეთესია და ბაღი მას უფრო უკეთ გამოიყენებს, მეორე მხრივ კი, მიწა, რომელიც „ფინსერვისს“ გადაეცა, ქვაღორღიანი და გამოუსადეგარია“; „ფინსერვისისთვის გადაცემულ მიწას კულტურილი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა“; „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით“;

მედიასაშუალებების ნაწილში, ის ურთიერთკავშირი მიწების გაცვლასა და შინდისი-კრწანისის მიმდებარე მიწის აუქციონზე გატანას შორის, რაზეც ნაციონალური მოძრაობის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ, წარმოჩენილი საერთოდ არ ყოფილა. საერთო ჯამში, სიუჟეტების უმეტესობა გაუგებარი და ბუნდოვანი იყო. არ ჩანდა მცდელობა, ჟურნალისტებს თავად მოეძიებინათ და გადაემოწმებინათ გარკვეული ინფორმაცია თუნდაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით. გაშუქება, ძირითადად იმით შემოიფარგლა, თუ ვინ რა თქვა საკითხთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ოთხი არხის: იმედის, რუსთავი ორის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მიმოხილვას.

"იმედი" , დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება

26 აპრილის სიუჟეტის შესავალ ტექსტში წამყვანი ამბობს: „ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ მერიამ ბიძინა ივანიშვილს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია გადაუფორმა, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ ადგილი რომელიც „ფინსერვისს“ გადაეცა ხრიოკი იყო, სანაცვლოდ მიღებული მიწა უკეთესია“.

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ბაღის ტერიტორია „ფინსერვისს“ გადაეცა, თუმცა, არ ჩანს რა კომპანიაა „ფინსერვისი“, ვინ დგას მის უკან, რა კავშირები იკვეთება, არადა ამის დაზუსტება საჯარო რეესტრის მონაცემებით მარტივად შეიძლებოდა.

ჟურნალისტის თქმით, ნიკა მელია ამბობს, რომ 4 ჰექტარ მიწას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეეცვალა და იქ ბიძინა ივანიშვილი ახალი ნაგებობების აშენებას აპირებს. ინფორმაცია სხვა წყაროებთან გადამოწმებული არ იყო. მაყურებლისთვის ბუნდოვანი დარჩა, მართლა ჰქონდა თუ არა ამ ტერიტორიას ძეგლის სტატუსი და მოეხსნა თუ არა ის. თემა სიუჟეტში აღარ გაგრძელებულა.

სიუჟეტში ნახსენებია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით ივანიშვილს, გარდა ამ ოთხი ჰექტარი ტერიტორიისა, კიდევ 29 ჰექტარიც გადაეცემა, რასაც ასეულობით ხის გაჩეხვა მოჰყვება. სიუჟეტში მართალია, შინდისის გზა ნახსენებია, თუმცა არ ჩანს ის ურთიერთკავშირი აუქციონზე გატანილ მიწასა და ფინსერვისისთვის გადაცემულ ტერიტორიას შორის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობს. რატომ მოხდა უკვე დაწყებული მშენებარე გზის პროექტის გაუქმება? რატომ მოიჭრა 500 ხე, რატომ დაიხარჯა თანხები მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, თუკი ეს პროექტი შეიცვლებოდა და გზა იქ აღარ გავიდოდა? მერის მოადგილე სხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ გზის მიმართულების ცვლილება შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა: „ახალი ტერიტორია გზის გასაყვანად უფრო მომგებიანი და ხელსაყრელია“. მაშინ გაუგებარია, რატომ არ იცოდნენ შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ წინასწარვე და რატომ დაიხარჯა თანხები ტყუილად, რატომ გაიჩეხა ხეები. თემის ეს კუთხე სიუჟეტში წარმოჩენილი საერთოდ არ ყოფილა.

27 აპრილის სიუჟეტის შესავალი ტექსტიდან კი, მერის მოადგილეზე დაყრდნობით წამყვანი ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღსა და კომპანიას შორის მიწების გაცვლას, არც მიწის ფართობის დაკარგვა მოჰყოლია და არც ძეგლის სტატუსში ცვლილება. სტატუსის საკითხი ამ სიუჟეტიდანაც გაუგებარი დარჩა, ვერ მოვისმინეთ მერიის კონკრეტული არგუმენტაცია, თუ რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ სტატუსში ცვლილება არ მომხდარა - ბაღს 2007 წლიდან ძეგლის სტატუსი აქვს, ოფიციალურად, ის ტერიტორია, რომელიც გასხვისდა, ბაღს ეკუთვნოდა. იმედის სიუჟეტიდან ბუნდოვანი დარჩა, რას ამბობს მერია - საერთოდ არ ჰქონდა ამ კონკრეტულ 4 ჰექტარს ძეგლის სტატუსი თუ ამ სტატუსიანად, ცვლილებების გარეშე გასხვისდა. საკითხს ჟურნალისტები არ ჩაღრმავებიან.

სიუჟეტში იურისტი ანა ცინცაბაძე შინდისი-კრწანისის მიწის აუქციონზე გატანასა და ბოტანიკური ბაღისთვის გაცვლილ მიწას შორის ურთიერთკავშირზე საუბრობს. თუმცა მისი კომენტარი პირდაპირ, შესავალი ტექსტის გარეშე ებმის მერის მოადგილის სინქრონს და მაყურებლისთვის ნათელი არ არის, რაზე საუბრობს იურისტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 27 აპრილის ამ სიუჟეტში ბიძინა ივანიშვილი ნახსენები საერთოდ არ არის.

ამ სიუჟეტის შემდეგ,ეთერში გვიჩვენესნაწყვეტი ერთ-ერთი ფილმიდან, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების გაყიდვა სურდა და ამაში ივანიშვილის მონაწილეობას მოითხოვდა“. მე მას ვუთხარი, ეს ბაღები საერთო მოხმარებისაა, და როგორ შეიძლება გაყიდვა-მეთქი. მე პრივატიზაციაში მონაწილეობას არ მივიღებ, თუმცა თუ ვნახე რომ იქ რაღაც არასწორად მიდის, ვიყიდი და იმწამსვე დავუბრუნებ სახელმწიფოს საჩუქრად-მეთქი“.

„მოამბის“ დღის მთავარი გამოშვება

"მოამბის" 26 აპრილის სიუჟეტში აღინიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის ახალი მფლობელი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა. მართლაც არის თუ არა მიწის ახლანდელი მფლობელი ბიძინა ივანიშვილს კომპანია, იქნებ ეს პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებაა? ეს საკითხი თავად ჟურნალისტების მხრიდან გადამოწმებული არ ყოფილა, მაყურებელმა მხოლოდ ის მოისმინა, რომ „ნაციონალების თქმით, მიწის ახალი მფლობელი ივანიშვილის კუთვნილი კომპანიაა“.

სიუჟეტში საუბარიაიმაზეც, რომ ბიძინა ივანიშვილი შინდისის გზის მიმდებარედ აუქციონზე გატანილი კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის ყიდვას გეგმავს. ის ურთიერთკავშირი აუქციონსა და ბოტანიკური ბაღის მიწის გაცვლას შორის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა, არ ჩანს.

ამავე სიუჟეტში ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ „გუშინ ამ 4 ჰექტარზე მშენებლობა იყო წარმოუდგენელი, დღეს კი ის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია და მას აქვს სამშენებლო სტატუსი უკვე“. მელიას ამ განცხადებას მოსდევს ჟურნალისტის ტექსტი: „აქვს თუ არა ივანიშვილს სამშენებლო გეგმები, უცნობია“. არადა მნიშვნელოვანი ის კი არაა, აქვს თუ არა კონკრეტულ პირს სამშენებლო გეგმები, არამედ ის, შეეცვალა თუ არა სტატუსი მიწას და არსებობს თუ არა მშენებლობის ნებართვა.ამ თემის შესახებ დამატებითი მოკვლევა სიუჟეტში არ ჩანს.

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ფინსერვისის მიერ მიღებული მიწა სოლოლაკის ბიზნესცენტრთანაა ახლოს. რუკაზე კი გვიჩვენებენ ფინსერვისისთვის გადაცემულ მიწას და შინდისი-კრწანისის გზის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც აუქციონზეა გატანილი, რუკაზე ჩანს რომ სწორედ ეს ორი მიწა ესაზღვრება ერთანეთს და არა სოლოლაკის ბიზნესცენტრი.

საკითხის გარშემო დისკუსია 27 აპრილსაც გაგრძელდა.სიუჟეტში საუბარია 29 ჰექტარ მიწაზე, რომელიც კრწანისი-შინდისის გზასთან მდებარეობს და რომელიც შესაძლოა აუქციონზე ივანიშვილმა იყიდოს. ამ შემთხვევაშიც არაა ნახსენები, რომ „ფინსერვისის“ მიწა ესაზღვრება ამ 29 ჰექტარს. თბილსის მერის მოადგილე სიუჟეტში ამბობს, რომ აუქციონს არანაირი კავშირი არ აქვს ბოტანიკურ ბაღსა „ფინსერვისს“ შორის მიწების გაცვლასთან. გაშუქებულია „ფინსერვისის“ განცხადებაც, თუმცა ისევ არ ჩანს, რა კომპანიაა „ფინსერვისი“, ვინაა მისი მფლობელი. თემა პარლამენტარების შეფასებით გაგრძელდა.

რაც შეეხება აუქციონზე გატანილ მიწას, ის თუ რატომ გახდა საჭირო დაწყებული გზის მშენებლობის პროექტის გაუქმება, რატომ შეიცვალა მან მიმართულება, რატომ გაიჩეხა 500 ხე და ხომ არ იყო არამიზნობრივი ხარჯვა - ამ საკითხებზე სიუჟეტში საუბარი არ ყოფილა.

28 აპრილის სიუჟეტშიკი, კრწანისი-შინდისის მიწის შესახებ ნათქვამია, რომ ოპოზიციის აზრით აუქციონი მერიამ ივანიშვილის დავალებით მოაწყო. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის თქმით, ეს მიწა სარეკრეაციო ზონა 2-ში შედის და იქ მშენებლობა აკრძალულია. გამწვანების კომისიის წევრის თქმითაც, ამ სტატუსის მქონე ადგილზე მშენებლობა არ შეიძლება.

სიუჟეტში ფაქტები, ჟურნალისტის კომენტარები და მხარეთა შეფასებები არათანმიმდევრულად, გაუგებრადაა დალაგებული. სიუჟეტში არ ყოფილა ახსნილი ის, რომ ამ 29 ჰექტარს თავიდან ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, რაც შემდგომში სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსით შეიცვალა, შემდეგ კი აუქციონზე გასაყიდად გავიდა. შეცვლილი სტატუსით, მესაკუთრეს სპეციალური ზონალური შეთახნების საფუძველზე ადგილზეშეეძლებაკაფეების, რესტორნების, საყოფაცხოვრებო სათავსოების, სამეურნეო ობიექტების მშებელობის უფლება ექნება. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში კი მშენებლობადაუშვებელია.

ამ შემთხვევაშიც ნათლად არ ყოფილა წარმოჩენილი, ნაციონალური მოძრაობისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილის აზრით, რა კავშირი იკვეთება აუქციონზე გასაყიდ მიწასა და ბოტანიკურ ბაღსა და „ფინსერვისს“ შორის მიწების გაცვლას შორის.

2030

26 აპრილის სიუჟეტში შესავალ ტექსტშიმოვისმინეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებს“. ბაღის დირექტორი ამბობს რომ სანაცვლოდ უკეთესი მიწა მიიღეს. მასალაში ბიძნა ივანშვილი და კომპანია „ფინსერვისი“ საერთოდ არაა ნახსენები.

სიუჟეტში, ბაღის დირექტორზე დაყრდნობით ჟურნალისტი ამბობს, რომ ბაღმა ქვაღორღიანი ფერდობის ნაცვლად განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია შემოიერთა. ამ დროს, ქვაღორღიან მიწაზე საუბრისას ჩანს ეს კადრი:

ხოლო სანაცვლოდ მიღებულ მიწაზე საუბრისას, ეს:

ქართუ ჯგუფი, და ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ სიუჟეტის ბოლოს, დადებით კონტექსტშია ნახსენები. სიუჟეტში ბოტანიკური ბაღის დირექტორი საუბრობს, თუ როგორ უჭერს მხარს „ქართუ ჯგუფი“ ბოტანიკურ ბაღს, რამდენი თანხა აქვს დახარჯული და ა.შ. იქამდე, სიუჟეტში ბიძინა ივანიშვილი, „ქართუ“, ფინსერვისი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები და მაყურებლისთვის ასეთი პირდაპირი ბმა გაუგებარია, ბუნდოვანია. ამავე სიუჟეტში ვისმენთ „ქართუს“ წარმომადგენლის კომენტარს, იმაზე თუ რამდენი კეთილი საქმე აქვს კომპანიას ბოტანიკური ბაღისთვის გაკეთებული.

სიუჟეტის ბოლოს კი, ჟურნალისტის ტექსტში აღნიშნული იყო: “ნაციონალური მოძრაობის წევრები პროტესტს ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებითაც გამოთქვამდნენ. მაშინ ოპოზიცია ხეების უკანონო გადარგვაზე საუბრობდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო იყო. თავად ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები იხსენებენ, როგორი იყო ბაღი წლების წინ და რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.” მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, რას გულისხმობდა ჟურნალისტი, როცა ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები უსაფუძვლო აღმოჩნდა“, რას მოიცავდა ეს ბრალდებები და რატომ აღმოჩნდა უსაფუძვლო. ეს თემა მასალაში არ გაგრძელებულა, ვერ მოვისმინეთ ვერც ნაციონალური მოძრაობის „ბრალდებები“.

სიუჟეტის ბოლოს კიდევ ერთხელ აღინიშნა თუ რა კარგია ის ტერიტორია, რომელიც ბაღს „ფინსერვისისთვის“ მიცემული მიწის სანაცვლოდ გადაეცა.

კრწანისი-შინდისის გზის გაუქმებული პროექტი და მიმდებარე მიწა, რომელიც აუქციონზე გავიდა გასაყიდად, საერთოდ არაა ნახსენები.

27 აპრილისსიუჟტშიმერის მოადგილეზე დაყრდნობით, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბაღის გასხვისებულ მიწას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. ვერ ვახეთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც ნათქვამს დაადასტურებდა, ვერც საპირისპირო პოზიციები მოვისმინეთ, რომლებიც სხვა მედიასაშუალებების მიერ აქტიურად შუქდებოდა.

მთელი სიუჟეტი, ძირითადად, იმაზეა აგებული, რომ გაცვლა კანონიერად მოხდა და ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ძირითადი მესიჯი იყო, რომ ბაღს არ მოკლებია ტერიტორია, რომ „ფინსერვისისთვის“ გადაცემული მიწა ქვაღორღიანია, სანაცვლოდ მიღებული კი, წალკოტი. გარდა ამისა, არაერთხელ მოვისმინეთ ის, რომ ტერიტორიას ძეგლის სტატუსი არ ჰქონია. შინდისი-კრწანისის გზის მიმდებარე მიწის აუქციონზე გატანის საკითხი არც ამჯერად ყოფილა წარმოჩენილი.

თემაზე საუბარი სადისკუსიო ნაწილშიცგაგრძელდა,სადაც წამყვანს პირველ სტუმრად საკრებულოს წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ზაზა ვეკუა ჰყავდა. წამყვანმა შესავალ ტექსტში აღნიშნა, რომ ბაღის ნაწილი ფინსერვისს საკუთრებაში გიგი უგულავას მერობის დროსაც გადაეცა, ჟურნალისტმა არაერთხელ შეგვახსენა „ქართუს“ ღვაწლი ბაღის წინაშე.

როგორც კი სტუმარი საუბარს იწყებს აუქციონზე გატანილ 30 ჰექტარზე, წამყვანი საუბარს აწყვეტინებს და ისევ უბრუნდება „ფინსერვისსა“ და ბაღს შორს მიწების გაცვლის თემას. რესპონდენტს, მოგვიანებით ეძლევა საშუალება ამ საკითხზე ისაუბროს, თუმცა მაყურებელი, რომელმაც ა მხოლოდ 2030-ის ეს მასალა ნახა და თვალი არ უდევნებია სხვა მედიასაშუალებებისთვის, ვერ მიხვდება, რა კავშირი შეიძება იყოს მიწების გაცვლასა და აუქციონზე გატანილ მიწას შორის.

ვეკუა ამბობს, რომ ბაღის მიერ ფინსერვისისთვის მიცემული მიწა, ქვაღორღიანი სულაც არაა. ჟურნალისტი სტუმარს ჩაეკითხა, იყო თუ არა ნამყოფი ამ ტერიტორიაზე.

წამყვანი ფაქტობრივად ოპონირებას უწევს ვეკუას და უსვამს კრიტიკულ შეკითხვებს, მაგრამ სამწუხაროდ, კითხვების კრიტიკული პათოსი მომდევნო სტუმართან, გია ჟორჟოლიანთან საუბრისას აღარ გაგრძელებულა.

წამყვანი ზაზა ვეკუას ეკითხება „ფინსერვისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ 2007 წელს გიგი უგულავას მერობის პერიოდში იყიდა ბოტანიკური ბაღის ის ნაწილი, რომლის გაცვლაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის პრობლემა გახდა ახლა, ამ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა მრავალმილიონიანი ინვესტიცია და დაუბრუნდა ბოტანიკურ ბაღს, არ ფიქრობთ, რომ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ არის პოლიტიზებული?“

ხოლო, გია ჟორჟოლიანს ეკითხება: „როგორ ფიქრობთ, ნაციონალური მოძრაობის აქციები არის წინასაარჩევნოდ საბაბი ვითარების ესკალაციისთვის?“

მესამე სტუმრად ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო მოწვეული. ჟურნალისტმა მას სთხოვა, ესაუბრა, თუ რა ვითარება იყო “ნაციონალების” მმართველობის დროს თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ახლა რა ვითარებაა. სტუმარი ამბობს, რომ იმ პერიოდშიც საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დახმარებით იქნა შენარჩუნებული სამეცნიერო ჯგუფი. ბოლო სტუმარი მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე იყო, რომელიც ასევე აკრიტიკებდა ოპონენტებს. ბლოკის ბოლოს წამყვანმა აღნიშნა, რომ სურდა, სტუდიაში “ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მოეწვია: “პირდაპირ ეთერში მათ წამოაყენეს საკუთარი პირობები. პირდაპირ ვიტყვი, რომ იგივე “ნაციონალური მოძრაობისთვის” მედიის მისამართით პირობების წაყენება, შეიძლება ითქვას, რომ არის მიღებული პრაქტიკა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ უარი განვაცხადეთ პირობების შესრულებაზე,” - აღნიშნა მაკა ცინცაძემ.

„კურიერის“ დღის მთავარი გამოშვება

26 აპრილისსიუჟეტისაპროტესტო აქციიდან ჟურნალისტის ჩართვით დაიწყო, შემდეგ კი თემა, სიუჟეტით გაგრძელდა.მასალაშიარაერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ფინსერვისი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია.გაშუქებულიაბაღის დირექტორის პოზიცია, რომ ქვაღორღიანი ადგილი ხეხილიან მიწაში გაიცვალა. აქვე, ჟურნალისტი გვიჩნებს „ადგილს, რომელსაც დირექტორი ქვაღორღიანს უწოდებს“ და აზუსტებს, რომ „ამ კადრებში მწვანე ზოლი კარგად ჩანს, და ისიც რომ მიწა ქვაღორღიანი არ არის“.

საუბარია იმაზეც, რომ ბიძინა ივანიშვილი კრწანისი - შინდისის გზის მიმდებარედ აუქციონზე გატანილი კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის ყიდვას გეგმავს.აღნიშნუალია, რომ ამ გზის გასაყვანად უამრავი ხე მოჭრა, ახლა კი მიწაზე აუქციონი გამოცხადდა, პროექტი აქ არ განხორციელდება, ალტერნატიული გზის გასაყვანად კი 700 ზე მეტი ხე ისევ მოიჭრება. რატომ გაუქმდა მშენებლობა, ამაზე მერიაში არ საუბრობენ- ამბობს ჟურნალისტი. მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ გზის გადატანა დედაქალაქის განვითარების მიზნითაა განპირობებული. რას ნიშნავს, დედაქალაქის განვითარების მიზნით მშენებარე გზის პროექტის გაუქმება და მისი სხვა ადგილზე გადატანა? რატომ მოიჭრა პირველადი პროექტით განსაზღვრულ ადგილზე 500 -ამდე ხე და რატომ დაიხარჯა თანხები ამისთვის, თუკი პროექტს ადგილი უნდა შეეცვალა? თუკი ის ადგილი სადაც პროექტი პირველად უნდა განხორციელებულიყო, უვარგისი იყო და ამიტომ გადაწყდა მისი სხვაგან გადატანა, რატომ არ იმსჯელა და იფიქრა ამის შესახებ მერიამ თავის დროზე, მანამ სანამ ხეებს გაჩეხავდა და თანხებს დახარჯავდა? ეს კითხვები ჟურნალისტს მერის მოადგილისთვის არ დაუსვამს, ყოველ შემთხვევაში ეთერში ვერც კითხვები და ვერ პასუხები ვერ მოვისმინეთ.

27 აპრილის სიუჟეტში მერის მოადგილე ამბობს,რომ „მსუბუქი მშენებლობის“ უფლება ამ სტატუსის მიწაზე(სარეკრეაციო ზონა 2) შეიძლება, აღნიშნული არ ყოფილა, რომ იქამდე გზის სტატუსი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო იყო, სააც მშენებლობა დაუშვებელია, აქუციონზე გატანამდე კი მას სტატუსი შეეცვალა.

თემას სიუჟეტი 28 აპრილსაც მიეძღვნა. მასალაში საუბარია ივანიშვილისთვის გადაცემული მიწის სტატუსის ცვლილებაზე. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, ახალი სტატუსით მესაკუთრეს მშენებლობის უფლება აქვს.

შეჯამება

საერთო ჯამში მედიაგაშუქება იყო ზედაპირული და ფრაგმენტული. მაყურებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, პრობლემის ერთიანი სურათი სრულად და გასაგებად დაენახა. ცხადი იყო, რომ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების ნაწილს საკითხში გარკვევა გაუჭირდა, მათ მიერ მომზადებული მასალები კი ბუნდოვანი იყო, დაკარგული ჰქონდა თემის ფოკუსიც. ჟურნალისტებს არ დაუსვამთ ის კითხვები, რომელთა მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, ასევე, საერთოდ არ გაუშუქებიათ თემის მნიშვნელოვანი ასპექტები. გაშუქება, ძირითადად, შემოიფარგლა იმით, თუ რას ამბობდნენ მხარეები საკითხზე. თავად ჟურნალისტების მცდელობა, რომ თვითონვე მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია, გადაემოწმებინათ მხარეთა მიერ ნათქვამი, ფაქტობრივად არ ჩანდა.

ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ