25.08.2016
„ქრონიკამ“ 24 აგვისტოს გამოშვებაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე „ახალი დეტალები“ გაგვაცნო.
„ერთ-ერთი ვერსიით, დემურ სტურუას სოფელში პრობლემები ჰქონდა, საქმე ეხება მობილური ტელეფონის ქურდობას, რომელიც მას ბრალდებოდა“- ასეთი იყო წამყვანის შესავალი ტექსტი.
როგორც აღმოჩნდა, საუბარია პოლიციელ გოდერძი თევზაძის ჩვენებაზე, სადაც ის ამბობს, რომ დემურ სტურუამ ტელეფონი მისსავე მეგობარს მოპარა. პოლიციელ თევზაძეს, სტურუას ოჯახი, ბრალს მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სდებს.
„ჩვენებით ირკვევა, რომ მობილური ტელეფონი დემურ სტურუამ 16 წლის თანასოფლელის დაკრძალვის დღეს, გარდაცვლილს მოპარა“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი საკადრო ტექსტში.
„ქრონიკას“ არც ინფორმაციის გადამოწმება დავიწყებია: ჩაწერა გარდაცვლილის ოჯახი, რომელიც ტელეფონის მოპარვის ფაქტს აბსურდულს უწოდებს და პოლიციელის ჩვენებას მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს, ჩაწერა იმ 16 წლის გარდაცვლილის ოჯახი, რომელსაც ჩვენების მიხედვით, სტურუამ ტელეფონი მოპარა, ეცადა ჩაეწერა თავად პოლიციელიც, რომელმაც კომენტარის მიცემაზე უარი თქვა დაბოლოს: იმედის გადამღები ჯგუფი იმ ლომბარდში მივიდა, სადაც მათივე თქმით, სტურუა მობილურ ტელეფონებს ალომბარდებდა. ჟურნალისტის თქმით, ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს მათი ნივთებია, „ჯერ უცნობია, არის თუ არა მათში დაკრძალვიდან დაკარგული ტელეფონი“.
16 წლის გარდაცვლილის ოჯახის შესახებ, რომელსაც, ჩვენების მიხედვით, სტურუამ ტელეფონი მოპარა, ჟურნალისტი ამბობს „მათ (ოჯახს) კამერასთან საუბარი არ სურთ, თუმცა ამბობენ, რომ მათ ხელი არავისთვის დაუდიათ“.
მთელი 5 წუთიანი სიუჟეტი ეძღვნება პოლიციელის ჩვენებას. სიუჟეტში ჩაწერილი არც ერთი წყარო არ ადასტურებს ტელეფონის მოპარვის ფაქტს. ერთადერთი, რასაც ჟურნალისტი ეყრდნობა, არის იმ პოლიციელის ჩვენება, რომელსაც ოჯახის წევრები ბრალს სტურუას თვითმკველობამდე მიყვანაში სდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ქრონიკას“ ფაქტობრივად, არ ჰყავდა არც ერთი წყარო, რომელიც ინფორმაციას დაადასტურებდა, სიუჟეტის მომზადება და ეთერში გაშვება მაინც გადაწყდა.
სიუჟეტის კიდევ ერთი ხაზი ისაა, რომ თითქოს, სტურუას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მეზობლებთან.
„არსებობს ვერსია, რომ სტურუას ფაქტის გამო თანასოფლელებთან ურთიერთობა დაეძაბა და დაფნარი დატოვა. ამ ინფორმაციას თანასოფლელები არ ადასტურებენ“
მეზობელი: ძალიან მშვიდი პიროვნება იყო და პატიოსანი ბავშვი
ჟურნალისტი: ბოლო პერიოდში კონფლიქტი არავისთან ჰქონია?
მეზობელი: არა
მეზობელი: „ჩვენთან მაგალითად, კონფლიქტი არ ჰქონია, რა კონფლიქტი უნდა ჰქონოდა, დადებითი, კარგი ბიჭი იყო“
იმას, რომ სტურუას თანასოფლელებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, სიუჟეტში ჩაწერილი არც ერთი წყარო არ ადასტურებს. შესაბამისად, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გვიზიარებს ჟურნალისტი ვერსიას, რომ „სტურუას ფაქტის გამო თანასოფლელებთან ურთიერთობა დაეძაბა“? სიუჟეტიდან ეს გაუგებარი დარჩა.
სიუჟეტის ბოლოს, ჩართვაში კი ჟურნალისტი ამბობს, რომ „ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია წერილი“ , საუბარია იმ წერილზე, რომელიც სავარაუდოდ, დემურ სტურუას ეკუთვნის და რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციელ გოდერძი თეთრაძის მხრიდან ზეწოლაა დასახლებული.
საბოლოოდ, გაუგებარი დარჩა, რა იყო სიუჟეტის მიზანი, რატომ იყო ის, რაც სიუჟეტში ვნახეთ, „საქმის ახალი დეტალი“? რა დამატებით ღირებულებას სძენდა თავად საქმეს, სტურუას მიერ ტელეფონის მოპარვა/ არმოპარვის საკითხი? რა იყო სიუჟეტის მიზანი, მართლაც ახალი დეტალების ჩვენება, თუ სტურუას გარშემო იმ ვერსიის გაჟღერება, რომ მან ტელეფონი მოიპარა? რატომ გავიდა ეთერში სიუჟეტი, რომელშიც, ნათქვამია, რომ „სტურუას ტელეფონის მოპარვა ბრალდებოდა“, მაშინ, როცა ამას სიუჟეტში წარმოდგენილი წყაროები არ ადასტურებენ? რატომ გვითხრეს ჟურნალისტებმა ვერსია, რომ სტურუას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თანასოფლელებთან, მაშინ, როცა ჩაწერილი თანასოფლელები, მხოლოდ, პოზიტიურად აფასებენ სტურუას პიროვნებას....
„ქრონიკამდე“ იმავე თემაზე სტატია, აიპრესმაც გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რედაქციაში შემოვიდა სატელეფონი ზარი, „პირი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებდა, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე, თანასოფლელებთან ურთიერთობა დაეძაბა, რის მიზეზიც თავისი მეგობრის დაკრძალვაზე გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონის მოპარვა გახდა“. ეს სტატიაც ვარაუდებს ეყრდნობა და წყაროები არც ამ შემთხვევაში ადასტურებენ ტელეფონის მოპარვის ფაქტს.
თუმცა „აიპრესი“ უფრო შორსაც მიდის და ამავე სტატიაში დეტალურად გვიყვება ამბავს, თუ როგორ არ ატანდა „ბიცოლა მისსავე სახლში დასვენებულ მიცვალებულს, სტურუას დედას, გაწეული ხარჯების - 162 ლარის ანაზღაურებამდე“.