ტრანსგენდერი ქალების სტიგმატიზაცია და დაუსაბუთებელი ბრალდებები
24.10.2016
„მას შემდეგ რაც ტრანსგენდერი ზიზი შეყელაძე დაჭრეს, სექსუალური უმცირესობების უფლებადმცველები კვლავ სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივზე ალაპრაკდნენ. ამბავი იმითაც გახდა საინტერესო, რომ ლგბტ თემს ტრანსგენდერთა ნაწილი გამოეყო და საკუთარი ორგანიზაცია დაარსა“ - წამყვანის ამგვარი შესავლის შემდეგ, „იმედის დროში“ 11 წუთიანი სიუჟეტი ვიხილეთ. 11 წუთიდან ჯამში ალბათ, 2 წუთზე ნაკები დაეთმო ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ფაქტსა და ზოგადად, იმ მძიმე გარემოზე საუბარს, რაშიც ამ ადამიანებს ცხოვრება უწევთ. სიუჟეტის უდიდეს ნაწილში კი, ლგბტ ორგანიზაციების დემონიზაცია მოვისმინეთ. ორგანიზაციები „გრანტიჭამიებად“ და ფულის არამიზნობრივად მფლანგველებად იყვნენ წარმოჩენილნი, თანაც ყოველგვარი კონკრეტული ფაქტისა და არგუმენტის გარეშე. გარდა ამისა, სიუჟეტში ტრანსგენდერი ადამიანები სტერეოტიპულად იყვნენ წარმოჩენილნი, მათ ძირითად საქმიანობად კი, სხეულით ვაჭრობა დასახელდა. ამავე სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში 40-ამდე ტრანსგენდერი ცხოვრობს, ბუნდოვანი დარჩა, რა სტატისტიკას ეყრდნობა ეს მონაცემი.

სიუჟეტში გვიყვებიან, როგორ გაიყო ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები ორ ნაწილად, ჟურნალისტის თქმით, დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის საქმის სასამართლო პროცესისას, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილი „სახელმწიფოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებას თხოვდა, ნაწილი კი უფლებადამცველებს აკრიტიკებდა“.

სიუჟეტის ავტორებმა გადაწყვიტეს რომ მასალის მთავარი ხაზი უნდა ყოფილიყო სწორედ ეს მეორე საკითხი - ლგბტ ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკა. ფაქტობრივად, არაფერი თქმულა ლგბტ ადამიანების დაცვის კუთხით სახელმწიფოს როლსა და ვალდებულებებზე, არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე, პრაქტიკაზე და ა.შ. სამაგიეროდ, მოვისმინეთ, რომ ლგბტ ორგანიზაციები ფულს ფლანგავენ, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და არა თემის საჭიროებებზე და უფლებების დაცვაზე.



„ტრანსგენდერთა ნაწილი უფლებადამცველებისგან თავს საკმარისად დაცულად არ გრძნობს“ -ამბობს ჟურნალისტი და ამის შემდეგ, სინქრონებსაც გვთავაზობს:

„ასეთი ტიპის ორგანიზაციები ახორციალებენ ისეთი ტიპის მიზნობრივ პროექტებს, რომელებიც არ არის სოციალურ პაკეტებთან მიბმული. ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ, განცხრომაში, ქონებრივ მდგომარეობაში, პირადი მიზნებისთვის გამოყენებული ფულით ყველაფერს აკეთებენ და აქვთ საკმაოდ დიდი ქონებაც დაგროვილი“.

„რამდენჯერმე მივმართე და გასამართლებელი იყო, რომ აი რესურსები არ გვაქვს, დაიშალა იდენტობა, არ გვაქვს გრანტები, არ გვაქვს დაფინანსება. ამ დროს კარგად ვხედავდი, ოფისს არაფერი არ აკლდა, ხელფასებს იღებდნენ“.

„რამდენჯერმე რაღაც დამჭირდა და ნუ, არ მივმართე, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდა აზრი, არ შეიბერტყავდა ყურებს. არ მოხდებოდა რეაგირება“.

არც ერთი ზემოთ მოყვანილი კომენტარიდან არ ჩანს კონკრეტული ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მოსაზრებას, რომ ლგბტ ორგანიზაციები თანხებს ფლანგავდნენ.

„რაში ხარჯავენ ფულს რეალურად ლგბტ ორგანიზაციები?“- სვამს რიტორიკულ შეკითხვას ჟურნალისტი და კითხვას თავადვე პასუხობს შემდეგი ტექსტით: „დაავადებათა კონტროლის ცენტრი 2014 წლიდან ახორციელებს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროგრამას. ერთ- ერთ კომპონენტს წარმოადგენს შიდსის პრევენცია ტრანსგენდერ პოპულაციაში. წელს ტენდერის გზით გამოვლინდა განმახორციელებლი ორგანიზაცია - თანასწორობის მოძრაობა, იგივე „ლგბტ საქართველო“. კონტრაქტის ღირებულება 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით 585 500 ლარის შეადგენს“. ისეა წარმოჩენილი, თითქოს 585 500 ლარი უაზროდ გაიფლანგა, კონრეტულად რა აქტივობებს მოხმარდა ეს თანხა, ან რა აქტივობები იგეგმება 2017 წლამდე, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ ორგანიზაციის წარმომადგენლების კომენტარები სიუჟეტში წარმოდგენილია, ზემოჩამოთვლილი კონკრეტული საკითხები პასუხგაუცემელი დარჩა. სიუჟეტის ავტორებმა ამის შესახებ რესპონდენტებს ან არაფერი კითხეს, ან ის ნაწილი, რომელშიც ამ თემაზე საუბრობდნენ, სიუჟეტში არ ჩასვეს.

გავიგეთ ისიც, რომ ადვოკატ ციალა რატიანის მუშაობით ლგბტ ადამიანების ნაწილი უკმაყოფილოა.

ერთ ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ გაიტაცეს და ციალა რატიანს დაურეკა:

„ციალას დავურეკე, იმან იქ დარეკა, აქ დარეკა მაგრამ დახმარება დღემდე არავის აღმოუჩენია“ - რა არის საქმის გარემოებები, ან რა სახის დახმარება უნდა აღმოეჩინა ადვოკატს მისთვის, არ დაკონკრეტებულა.

ლგბტ ორგანიზაციებისა და ადვოკატის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ჟურნალისტი „საგულისხმო“ ფაქტს გვაცნობს:

„საგულისხმოა ისიც, რომ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ატეხილი ხმაურის პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი, იგივე ტრანსგერნდერი მაცაცო ტატიშვილი მოინათლა. მაშინ მისი იდენტობა გაურკვეველი გახდა, რადგან ის თავს ტრანსგენდერად აღარ თვლიდა. დღეს კვლავ ტრანსგენდერის სტატუსით ფიქსირდება“.

საერთო ჯამში, იმის ნაცვლად, რომ სიუჟეტს მაყურებლისთვის გაეცნო ის არატოლერანტული გარემო, რომელშიც ტრანსგენდერი ადამიანები ცხოვრობენ, ეჩვენებინა რა არის მათი უფლებების დაცვაში სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა, როგორია საკანონმდებლო ჩარჩო, ან რამდენად საფუძვლიანად და დროულად ხდება ლგბტ ადამიანებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტების გამოძიება, სიუჟეტში მოვისმინეთ დაუსაბუთებელი ბრალდებული ლგბტ ორგანიზაციების მისამართით.

ამას გარდა, სიუჟეტის კიდევ ერთი ხაზი თავად ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ გვიქმნიდა სტერეოტიპულ წარმოდგენებს. ახლო ხედებით გვიჩვენეს წითელპომადიანი ტუჩები და ქუსლიანი ფეხსაცმელები. საინტერესოა, ჰეტეროსექსუალი ქალის შესახებ საუბრის დროსაც იგივენაირად თუ აჩვენებდნენ მის ტუჩებსა და ქუსლიან ფეხსაცმელს ახლო ხედებით. ტრანსგენდერი - ტიტრში სახელისა და გვარის ქვემოთ სწორედ ასეთი მითითება ჰქონდათ ჩაწერილ ადამიანებს, თითქოს ტრანსგენდერობა პროფესია იყოს. მათ პროფესიას ჟურნალისტი კიდევ უფრო ჩაუღრმავდა და ყველა მათგანი სექსმუშაკად მონათლა: „ისინი ხშირად არიან ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ვერ საქმდებიან, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო სხეულით ვაჭრობაა“- ამბობს ჟურნალისტი. სიუჟეტში გამოყენებულმა ამგვარმა კადრებმა და შეფასებებმა, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ არსებული სტიგმის გაძლიერებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სახელმძღვანელო წესები: ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემის გაშუქება

თეგები : სტიგმატიზება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ