13.01.2017
1. პრემიერის განცხადებას ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცების არშეშვებასა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან დაკავშირებით;
2. პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობას;
3. პოლიციის შესვლას „გირჩის“ ოფისში.
მართალია, თემა არ გადაიფარა, თუმცა გაზპრომთან დადებული შეთანხმების შესახებ მაყურებელმა ბევრი ვერაფერი გაიგო. ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ თავად მთავრობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დეტალები იმ მოტივით არ ეთქვათ, რომ ეს „კომერციული საიდუმლოებაა“, მოლაპარაკებებში ჩართული პირების ცალკეული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. შესაბამისად, თემაზე მომზადებული სიუჟეტებიც მეტწილად ბუნდოვანი იყო, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მედიას თავად გაუჭირდა საკითხში გარკვევა. მასალების უმეტესობაში ჭირდა ფაქტებს შორის ლოგიკური ჯაჭვის დანახვა. მიუხედავად ამისა, სიუჟეტებში აქცენტი იმაზე, რომ სწორედ მთავრობა არ აკონკრეტებს საკითხს სათანადოდ, არ ყოფილა, არც ის ღიად დარჩენილი კითხვები დასმულა, რაზეც შესაბამისი პირებისგან პასუხი ვერ მოვისმინეთ.
მნიშვნელოვანი ფაქტები:
1. 2017 წლის 11 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდა გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა მიიღებს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს საქართველო სომხეთში რუსული გაზის გატარების სანაცვლოდ, ნაწილობრივ კვლავ ნედლეულს მიიღებს, რაც შემდეგ ფულადი ანგარიშსწორების ფორმით გაგრძელდება.
2. ბოლო ხელშეკრულებით, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, საქართველო სომხეთში გატარებული რუსული გაზის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა. ანგარიშსწორების ამ ფორმის შეცვლას „გაზპრომი“ უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. შარშან ამგვარი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და საქართველომ ტრანზიტის პირობების შენარჩუნება შეძლო.
3. საქართველო გაზის 90 % -ს აზერბაიჯანიდან იღებს, აქამდე დანაკლისს სწორედ სომხეთში რუსული გაზის გატარების სანაცვლოდ მიღებული ბუნებრივი აირით (დაახლოებით 200 მლნ კუბური მეტრი გაზი )უფასოდ ავსებდა. ახალი პირობების ამოქმედების შედეგად, ქვეყანას დანაკლისის შესავსებად ამ მოცულობის გაზის შეძენა ან კვლავ აზერბაიჯანიდან, ან რუსეთიდან მოუწევს.
4. ხელშეკრულების პირობები გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთი 1000 კუბურ მეტრს საქართველოს 185 აშშ დოლარად მიჰყიდის.თუ აზერბაიჯანიდან ვერ მოხერხდება დამატებითი გაზის შემოტანა, საქართველოს „გაზპრომისთვის" 37 მლნ აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.
5. ახალი ხელშეკრულების მიხედვით რა თანხას გადაუხდის რუსეთი საქართველოს გაზის ტრანზიტისთვის, არ საჯაროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო „კომერციული საიდუმლოების“ მოტივით არ ავრცელებს. აქვე, საგულისხმოა, რომ კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, თუმცა დაადასტურა, რომ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხა შედეგობრივად, ძველი პირობების მიხედვით გატარებული გაზის 10 % ზე ნაკლებია. თუკი ტრანზიტის არსებულ საბაზრო ფასებსაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ტრანზიტიდან მიღებული თანხით, დეფიციტის შესავსებად საჭირო გაზს საქართველო ვეღარ შეისყიდის.
6. ვინაიდან უცნობია ტრანზიტისთვის რა თანხას მიიღებს ქვეყანა, გაუგებარია, შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.
რა გააშუქა მედიამ
("იმედის", რუსთავი 2- ის და საზოგადობერივი მაუწყებლის 11 იანვრის მთავარი გამოშვებები)
- სამივე საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ იცვლება გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, „საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებას“ - იმას, რომ შეთანხმება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდა, ხაზი ენერგეტიკის მინისტრმა სიუჟეტებში წარმოდგენილ სინქრონებში არაერთხელ გაუსვა.
თუმცა, ვერ გავიგეთ: რას ნიშნავს „საერთაშორისო სტანდარტი“. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი გვარწმუნებს, ყველაფერი ევროპული სტანდარტის შესაბამისად მოხდა, მას არ დაუკონკრეტებია, შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ. ეს საკითხი სიუჟეტებში განხილული არ ყოფილა.
- სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ ჩვენთვის წამგებიან ხელშეკრულებას დავთანხმდით. იმავე პირობას გაზპრომი შარშანაც აყენებდა, თუმცა მაშინ ქართულმა მხარემ უცვლელად დატოვება მოახერხა.
თუმცა, ვერ გავიგეთ, რა მდგომარეობაში იყო საქართველო და რატომ იყო ეს ის „მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეგვეძლო“, რა პირობები წაუყენა რუსეთმა საქართველოს, რატომ ვერ დაიცვა ქვეყანამ ინტერესები, რატომ გავხდით იძულებული, რომ დავთანხმებოდით ასეთ პირობებს, რა ულტიმატუმები წაუყენა რუსეთმა საქართველოს, რატომ გახდა ქართული მხარე იძულებული მისთვის თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, სიუჟეტში ოფიციალური პირების მისამართით არც ეს შეკითხვები და არც მათზე პასუხი ისმის.
- სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ თუ ქვეყანას დამატებითი გაზი დაჭირდება (და ცხადია, რომ დაჭირდება, რადგან შეიქმნება გაზის იმ მოცულობის დეფიციტი რასაც აქამდე რუსეთისგან ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ ვიღებდით) რუსეთი გაზს შეღავათიან ფასად, 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარად მიჰყიდის ქართულ მხარეს.
თუმცა ვერ გავიგეთ: რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ იმისთვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების გაზი არა რუსეთისგან, არამედ სხვა წყაროებისგან მიიღოს. არის თუ არა შემოთავაზებული 185 დოლარი, ფიქსირებული ტარიფი, თუკი დეფიციტური გაზის რუსეთისგან ყიდვა მოგვიწევს, ხომ არ მოიმატებს ეს ტარიფი, ან რა მოხდება მაშინ, თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ ტრანზიტის თანხა გადაგვიხადოს, გაზი კი არ მოგვყიდოს - არის თუ არა ეს რისკები ხელშეკრულებაში გაწერილი.
- სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოების ნაწილია.
თუმცა ვერ გავიგეთ: უფრო კონკრეტული არგუმენტები, რატომ არ საჯაროვდება ტრანზიტის საფასური, რამდენად არგუმენტირებულია ხელისუფლების პასუხი, რომ საფასური „კომერიცული საიდუმლეობაა“, როგორია საერთაშორისო ან ადგილობრივი პრაქტიკა, სხვა ამ ტიპის ხელშეკრულებებში ტრანზიტის საფასური არის თუ არა საჯარო. ვერ მოვისმინეთ, რას ფიქრობენ სფეროს სპეციალისტები ამ კონკრეტულ საკითხზე. მედიამ უბრალოდ გაიმეორა მინისტრის ნათქვამი, რომ „საფასური საიდუმლოა“, რატომაა საიდუმლო ან რამდენად ლეგიტიმურია მისი გასაიდუმლოება, ეს საკითხები სიუჟეტებში არ წამოჭრილა.
- რუსთავი 2 ის სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ - „ამ დრომდე გასაიდუმლოებულია, რა თანხას მიიღებს საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსული ენერგოგიგანტი კვლავ ტრანზიტის 10 % ის ანაზღაურებას აპირებს“ - ჟურნალისტის ამ სიტყვებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი პირობებით, საქართველო იმდენივე თანხას მიიღებს, რასაც ადრე ტრანზიტით გატარებული გაზის 10% - ის შემთხვევაში მიიღებდა.
თუმცა, ვერ გავიგეთ: თუ ახალი პირობებით რუსეთის მიერ გადასახდელი თანხა თანაბარზომადია გატარებული გაზის 10% ისა, მაშინ რატომ ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომ ეს თანხა, შედეგობრივად, იმაზე ნაკლებია, რასაც ადრე გატარებული გაზის 10 %-ით ვიღებდით. კურიერის სიუჟეტში ეს საკითხი უფრო ნათლად წარმოჩენილი არ ყოფილა, არ იყო ხაზი გასმული, რომ ეს მოლაპარაკება სწორედ ამ მიზეზითაა წამგებიანი. შესაბამისად, მაყურებელი ვერ გაიგებდა, რატომ არის ცუდი გაზის გატარების სანაცვლოდ ფულის მიღება, რატომ იყო წინა პირობები უკეთესი, როცა საქართველო ტრანზიტისთვის გატარებული გაზის 10% ნედლეულის სახით იღებდა.
- რუსთავი 2 ის სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ თუ საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობა დასჭირდება, მის შეძენას რუსეთისგან 185 დოლარად შეძლებს.
თუმცა, ვერ გავიგეთ - რას ნიშნავს 185 დოლარი, რამდენად ბევრია, ან ცოტა, რა ტარიფით ვიღებთ გაზს აზერბაიჯანიდან და რამდენით მეტია ან ნაკლები რუსეთის მიერ შემოთავაზებული ტარიფი აზერბაიჯანის ტარიფთან შედარებით. ეს საკითხი განხილული არ ყოფილა, უბრალოდ ითქვა, რომ 185 დოლარს გადავიხდით.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის და რუსთავი 2 ის სიუჟეტებში გავიგეთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აზრით, ეს არის მავნებლური ხელშეკრულება, „ხელისუფლების მოღალატური ქმედება“, „კაპიტულაცია“.
თუმცა, არ აუხსნიათ: კონკრეტულად რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს ხელშეკრულება, რატომ არის ის „მავნებლური“, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ინტერესებზე.
- „იმედის“ სიუჟეტიდან კი გავიგეთ, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველომ მაქსიმუმი მიიღო, „ამ მდგომარეობაში მივიღეთ საუკეთესო პირობები“ - ამის შესახებ სიუჟეტში დარგის ექსპერტებმა განაცხადეს.
თუმცა, ვერ მოვისმინეთ: შეთანხმების კრიტიკული შეფასებები. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწვეტილების გამო დღის განმავლობაში არაერთი პოლიტიკოსისა თუ სფეროს სპეციალისტისგან სხვა მედიასაშუალებებით ხელისუფლების კრიტიკა არაერთხელ გაისმა, „ქრონიკის“ სიუჟეტში ამგვარი მოსაზრებები ვერ მოხვდა.
- იმედის სიუჟეტიდან ასევე გავიგეთ, რომ „სამართლიანი ანაზღაურება მიღწეულია“, თუმცა „ზუსტად იგივე ფინანსური ეფექტი ჩვენ არ გვაქვს“ (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე)
თუმცა, ვერ გავიგეთ: თუკი იმავე ფინანსურ სარგებელს ვეღარ მივიღებთ, მაშინ, „სამართლიანი ანაზღაურება“ როგორღა მივიღეთ, ეს საკითხი მაყურებლისთვის ნათლად განმარტებული არ ყოფილა.
- „ქრონიკაში“ , სიუჟეტის შემდეგ, სტუმრად მიწვეული კახი კალაძისგან კიდევ ერთხელ გავიგეთ, ის რაც უკვე სიუჟეტშიც მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ ვერ გავიგეთ ის, რაც საკითხში გასარკვევად მნიშვნელოვანი იყო. ვერ გავიგეთ იმიტომ, რომ სტუმრად მიწვეულ მინისტრს არავინ ჰკითხა:
1. თუ დეფიციტის შევსების მიზნით გაზს რუსეთიდან შევიძენთ, მაშინ არის თუ არა დასახელებული 185 დოლარი ფიქსირებული, შეიძლება თუ არა რომ ფასი გაიზარდოს
2. რა მოხდება მაშინ, თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ მხოლოდ ტრანზიტის თანხა გადაგვიხადოს და ნედლეული არ მოგვყიდოს, არის თუ არა ეს რისკები ხელშეკრულებაში გათვლილი და დაზღვეული.
3. რა ულტიმატუმები წაუყენა რუსეთმა საქართველოს, რის გამოც ქვეყანა იძულებული გახდა, მისთვის წამგებიან პირობებს დათანხმებოდა
4. რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ დეფიციტი არა რუსეთიდან, არამედ სხვა წყაროებიდან შეავსოს?
5. როგორ და ვინ დაადგინა ტრანზიტის საფასური, იყო თუ არა ის ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილი და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.