პარანორმალური მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
15.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „კაცების დრო,“ 24 იანვარს, პარანორმალურ მოვლენებზე საუბარს დაეთმო.

„ისეთი საინტერესო თემით გიბრუნდებით, რომ ერთი სული მაქვს როდის გადავალთ პირდაპირ საქმეზე. ეს ეხება პარანორმალურ მოვლენებს, რამდენად რეალურია, მისი რა ნაწილია რეალური და რა არა“ - წამყვანის ამ შესავლის შემდეგ ეთერში ვიხილეთ სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტი გზას რუსთაველის თეატრის სარდაფებსა თუ გვირაბებში მიიკვლევდა და გაურკვეველი მოწყობილობის მეშვეობით, შენობაში არსებული საგნების ენერგიებს და აურას იკვლევდა. სიუჟეტი გაფორმებული იყო შესაბამისი მუსიკალური ფონით, პერიოდულად კი, კადრში შეშინებული ჟურნალისტის სახეც ჩანდა. სიუჟეტის ავტორის თქმით, რუსთაველის თეატრის შენობა „ძალიან მისტიურია“ – „როგორც ჩემი აპარატი ამბობს, აქ პარანორნალური მოვლენებიც ხდება“.

სიუჟეტიდან ასევე ვიგებთ, რომ თურმე, „სარკე ყველაზე მეტ უარყოფით ენერგიას და ინფორმაციას ინახავს“, რომ რუსთაველის თეატრის მესამე სართულის გვირაბი „იდუმალი და ჩუმია“.

„აქ ვიღაც დგას?“ ეკითხება ჟურნალისტი რესპონდენტს და ცარიელი ადგილისკენ მიუთითებს.

„არა ვიღაც დგას არა, აქ არის სიხშირული ანომალია, აქ არის პორტალი და არ არის გამორციხული, რომ იდგას ვინმე“ - პასუხობს რესპონდენტი, რომელიც სიუჟეტში წარდგენილი იყო როგორც „ეზოთერიკოსი“.

„კონკრეტულად რა არის, ვინ არის, რამდენნი არიან ამას ვერ ვიგებთ ხომ?“ - ჩაეკითხა ჟურნალისტი.

რესპონდენტი სიუჟეტში განმარტავს, რომ თეატრის რიგ ადგილებში „მეოთხე განზომილების არსებათა მოძრაობა ფიქსირდება“.

ჟურნალისტი: ესეთ მდგომარეობაში რომ არის ახლა აპარატი ჩავარდნილი, რას ნიშნავს?

რესპონდენტი: რას ნიშნავს და ფაქტობრივად, მოძრაობაა.

ჟურნალისტი: ა, დადიან?

„მოჩვენება არ ვიცი, მაგრამ აქ რაღაცა ხდება“ - გვიზიარებს თავის პოზიციას კიდევ ერთი რესპონდენტი, თეატრის მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი და ამატებს, რომ მას არ ეშინია.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ, საკითხი სტუდიაში სტუმართან მსჯელობით გაგრძელდა. სტუმრად მიწვეული იყო „პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი“.

„კაცების დრო“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დღის პირველ ნახევარში გადის.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, 43

ოკულტიზმის, პარანორმალური, სხვა მსგავსი მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება დაუშვებელია 23:00 საათამდე. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა შემცირდეს მგრძნობიარე აუდიტორიაზე ჰიპნოზირების ან სხვა უარყოფითი რეაქციის რისკი.

მუხლი 18:

დაუშვებელია მაუწყებლის მიერ არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის წარმოჩენა მეცნიერულ თეორიად ან ფაქტად.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ