04.07.2017
მედიაჩეკერი გთავაზობთ, "კურიერის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის გაშუქების მიმოხილვას.
20 ივნისის “კურიერი” - 25 წელი ეკრანზე
მაყურებელთან დამშვიდობების მეორე დღესვე, 20 ივნისს "კურიერის" მთავარ გამოშვებაში ზაალ უდუმაშვილის შესახებ სიუჟეტი სახელწოდებით, “25 წელი ეკრანზე” გავიდა. სიუჟეტი მერობის კანდიდატის განვლილ კარიერას ეხებოდა.
“რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე მაყურებელს დაემშვიდობა, თუმცა შეხვედრა უკვე ახალ ამპლუაში შედგება” - აღნიშნა წამყვანმა შესავალ ტექსტში.
სიუჟეტში "რუსთავი 2-ის" თანამშრომლები, გენერალური დირექტორი და წამყვანები უდუმაშვილს პოზიტიურად ახასიათებდნენ.
“ურთულესი პერიოდები გვაქვს "რუსთავი 2-ში" გამოვლილი და მე არ ვიცი სად და როგორ პოულობდა ეს ადამიანი ენერგიას თავის თავში იმისთვის, რომ დარჩენილიყო ყველა სიტუაციაში ასეთი მშვიდი, ასეთი გაწონასწორებული,” - ასე გაიხსენა უდუმაშვილი "რუსთავი 2-ის" პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ.
“ზალიკო შედის ამ ქვეყანაში იმ ძალიან მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფში, და ამ კომპანიაში მეგულება ასეთი ადამიანები მხოლოდ, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ომში გაიმარჯვებს. ჯერჯერობით ამის გამოცდილება "რუსთავი 2-ის" გარეთ ამ ქვეყანაში, არც პოლიტიკოსს და არც სხვა ვინმეს არ აქვს,” - ამბობდა ტელევიზიის დირექტორი ნიკა გვარამია.
„ომშიც ვყოფილვართ და სიხარულშიც, შეუპოვარი ადამიანია [ზაალ უდუმაშვილი],“ - ამბობდა კომენტარში დიანა ჯოჯუა, რომელიც ამავდროლად, იმ საინფორმაციო გამოშვებას უძღვებოდა, რომელშიც ეს სიუჟეტი განთავსდა. მანვე სიუჟეტის დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატს ასე მიმართა: “კიდევ ერთხელ წარმატებები, ზალიკო”.
26 ივნისის “კურიერი” -
"ზალიკო თბილისის მერად” ,
წამყვანმა სიუჟეტის შესავალ ტექსტში ზაალ უდუმაშვილი მერობის მთავარ პრეტენდენტად მოიხსენია, ასეთივე შეფასება დაიმსახურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამყვანისგან, ის „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ შეფასდა.
"თბილისის მერობის მთავარი პრეტენდენტი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ზაალ უდუმაშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ. თავის პირველივე გამოსვლაში ცნობილი ტელეწამყვანი ამბობს - "მე შევძლებ" და თბილისის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. პოლიტიკურ კონკურენტად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მმართველი პარტიის კანდიდატს ასახელებს" - აღნიშნა წამყვანმა შესავალში.
სიუჟეტს, რომელიც ამ შესავალ ტექსტს მოსდევდა, ერქვა „ზალიკო თბილისის მერად“. ეს სიტყვები, როგორც ჩანს, კანდიდატის საარჩევნო სლოგანიცაა, რადგანაც მისი წარდგენისას ტრიბუნას სწორედ ეს წინადადება ეწერა. თავად სიუჟეტი კი წარდგენისას გადაღებული კადრით - ზაალ უდუმაშვილისა და ბავშვის ჩახუტებით იწყება.
ზაალ უდუმაშვილის სამომავლო გეგმებზე საუბრის შემდეგ, მისი მხარდამჭერი ცნობილი სახეების, ლექსენის, დავით დეფის, გიული ალასანიას, მარინა ბერიძის კომენტარებიც შემოგვთავაზეს, სადაც ისინი მერობის კანდიდატის პოზიტიურ მხარეებზე აკეთებდნენ აქცენტს და მას მხარდაჭერას უცხადებდნენ.
სიუჟეტის ბოლოს კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ზალიკო უდუმაშვილი „მოქალაქეებთან ერთად გეგმავს თბილისში ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებას“.
27 ივნისის “კურიერი” -
ზალიკოს შეხვედრა მოსახლეობასთან
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" პირველი სიუჟეტი 27 ივნისს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადებას ეხებოდა. სიუჟეტის დასრულებისთანავე "კურიერის" ჟურნალისტმა 27 ივნისისთვის უკვე დასახელებული კანდიდატების, ან სავარაუდო კანდიდატების შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტის თქმით, მიუხედავად, იმისა რომ საარჩევნო კამპანია დაწყებული არ იყო, მერობის კანდიდატები ამომრჩეველს უკვე ხვდებოდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში მაყურებელს მხოლოდ უდუმაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრის კადრების ხილვის საშუალება ჰქონდა.
28 ივნისის “კურიერი” - "უდუმაშვილმა თბილისის მთავრობა გააკრიტიკა "
ზაალ უდუმაშვილის გარეშე არც 28 ივნისის "კურიერს" ჩაუვლია. საინფორმაციო გამოშვების მეორე ნაწილში ერთ-ერთი სიუჟეტი თბილისში ე.წ. ზაჰესის ხიდთან მიმავალი გზის ჩანგრევას შეეხებოდა. მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომლის კომენტარიც "კურიერმა" მაყურებელს შესთავაზა, ზაალ უდუმაშვილი იყო, რომელმაც თბილისის მერია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო გააკრიტიკა.
2 ივლისი "კურიერი P.S." -
თბილისზე შეყვარებული კანდიდატი
ზაალ უდუმაშვილის შესახებ და მისი მონაწილეობით "რუსთავი 2-ის" მაყურებელმა კიდევ ერთი პოზიტიური სიუჟეტი 2 ივლისს ნახა. სიუჟეტი 20 ივნისს გასული მასალის მსგავსი იყო და ზაალ უდუმაშვილის პიროვნული თვისებებისა თუ მიზნების გაცნობას ემსახურებოდა.
“უკვე მე-7 დღეა, რაც ჩვენი კოლეგა აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ზალიკო უდუმაშვილი ორშაბათს ოფიციალურად წარუდგინეს დედაქალაქს, როგორც მერობის კანდიდატი. იმავე წუთიდან ის ზედაკავებულ ადამიანდ იქცა. ზალიკო ისედაც, „რუსთავი 2-ში“ მუშაობის პერიოდშიც, უჩიოდა დროის დეფიციტს, მაგრამ მაშინ ამ ერთ შენობაში მაინც უწევდა ტრიალი, ახლა კი ის მთელ თბილისს არის მოდებული, მისმა საქმიანობამ სულ სხვა მასშტაბები შეიძინა. ადრე თუ ეკრანიდან ელაპარაკებოდა მაყურებელს, ახლა პირისპირ უწევს მოსახლეობასთან და მათ პრობლემებთან შეხვედრა. მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, ზალიკო მაინც იცლის ახლობლებისა და მეგობრებისთვისაც, ზოგჯერ საკუთარი თავისთვის და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისთვის, მაგალითად, თეა ადეიშვილისთვის”, თქვა წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას.
სიუჟეტი იწყება კადრებით, რომელშიც ზაალ უდუმაშვილს გზაზე მიმავალი ავტომობილის მძღოლი ხელის აწევით ესალმება, ქალი კი, ეხუტება და ეუბნება: "როგორ მინდა შენ მერი გახდე".
“აქამდე ზალიკო უდუმაშვილი მაყურებელს მხოლოდ ეკრანიდან ესალმებოდა. თბილისი მისი სახლია და ამ სახლის სიყვარულმა ტელევიზორის ყუთიდან ქალაქის ქუჩებში გამოიყვანა,” - ამბობს ჟურნალისტი თავის ყოფილ კოლეგასა და თბილისი მერობის კანდიდატზე, შემდეგ კი კადრში უდუმაშვილი ჩნდება, რომელიც კვლავ ხალხს ესალმება და ბავშვებს ეთამაშება.
მოგვიანებით ჟურნალისტიც და მერობის კანდიდატი იმ ქუჩაზე მიდიან, სადაც უდუმაშვილი გაიზარდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მერობის კანდიდატი ამ ქუჩაზე მიმდინარე “წინასაარჩევნო რემონტით არ ტყუვდება.” შემდეგ კი აღნიშნავს, რომ დაუღალავად შეუძლია მის რესპონდენტს ძველი თბილისის გადარჩენის პროგრამაზე საუბარი.
“ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში შესვლა ერთი შეხედვით არც ისე რთულია. იცის თბილისისთვის ყველა საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხი. მენეჯერის გამოცდილებაც აქვს და ქალაქის თავისთვის აუცილებელი თვისებებიც,” - გვიყვება სიუჟეტის ავტორი უდუმაშვილზე და მას მშვიდ, დინჯ და გაწონასწორებულ პიროვნებად ახასიათებს.
ამის შემდეგ მაყურებელი უდუმაშვილის სპორტული ცხოვრების, სამეგობროსა და სკოლაში განვლილი წლების შესახებაც იღებს ინფორმაციას. ჟურნალისტი ამბობს, რომ უდუმაშვილის გულწრფელი სახის ნახვა “მისი ბავშვობაში” დაბრუნებითაა შესაძლებელი. ამის საჩვენებლად იმ სკოლაში მიდიან, რომელშიც უდუმაშვილი სწავლობდა.
“ეს ზალიკოს სიმწიფის ატესტატია. ხუთოსანი ბიჭი არ იყო, მაგრამ გვარწმუნებს, რომ მის გრაფაში ყველა ოთხი გამართულია,” - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც დასძენს, რომ მერობის კანდიდატმა თავისი ინტელექტი არაერთხელ დაამტკიცა და "ფორდი ბოიარდისა" და "რა, სად, როდისის" გადაცემების ა იმ მომენტებს გვიჩვენებს არქივიდან, სადაც უდუმაშვილი დასმულ ინტელექტუალურ შეკითხვებს პასუხობს.
სიუჟეტის დასრულების შემდეგ, გადაცემის წამყვანმა კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება ზალიკოს.