გადაცემა „პირად ექიმს“ ქარტიაში უჩივიან
17.02.2017
ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პირად ექიმთან“ დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 27 იანვრის გადაცემაში დაირღვა ქარტიის მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მერვე (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპები.

განცხადების მიხედვით, 27 იანვარს, გადაცემის მიმდინარეობისას, წამყვანმა გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით, მაყურებელს აჩვენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი. ეს გადაცემა ეძღვნებოდა D ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობას ბავშვებში, ამასთან, საუბარი იყო რაქიტის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გამოვლენის ნიშნების შესახებ.

„გადაცემის წამყვანმა ბავშვის სხეული გამოიყენა საჩვენებელ ობიექტად. შედეგად, მან ხელყო ბავშვის ღირსება, ხოლო მისი დეფორმირებული გულ-მკერდის ჩვენებით, გაუმართლებლად შეიჭრა ბავშვის პირად ცხოვრებაში. ამასთან, გადაცემაში ნაჩვენები კადრები, შესაძლოა, გამხდარიყო ბავშვებს შორის ბულინგის საფუძველი სასწავლო დაწესებულებაში,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

განმცხადებლების აზრით, გადაცემაში ეთიკური პრინციპი დარღვეულია, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მის ავტორებს თანხმობა ბავშვის მშობლისგან: „მართალია, ორგანიზაციისთვის უცნობია, გადაცემაში მოწვევისთვის არსებობდა თუ არა ბავშვის მშობლის თანხმობა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარი თანხმობა იარსებებდა გადაცემის წამყვანის მხრიდან მაინც ჰქონდა ადგილი ბავშვის ღირსების შელახვას. ბავშვის სხეულის გამოყენება საჩვენებელ ობიექტად, რომელზე მითითებითაც, გადაცემაში მოწვეულმა პედიატრმა მაყურებელს აჩვენა გულ-მკერდის დეფორმაციის დონე, ლახავს ადამიანის ღირსებას, რადგან ამ უკანასკნელს წარმოაჩენს, როგორც საგანს ან დაავადებულ პიროვნებას, რომლის სხეულზეც შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება“ - ვკითხულობთ PHR-ის განცხადებაში.

საქმეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს.


თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ