სასაფლაოზე მცხოვრები ბავშვები პალიტრა TV-ს სიუჟეტში
13.03.2017
6 მარტს „პალიტრანიუსის“ ერთ-ერთი სიუჟეტი სასაფლაოს საყარაულოში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების თემას ეხებოდა, სადაც ჟურნალისტი დედასთან და ბებიასთან ერთად მცხოვრები სამი არასრულწლოვნის მძიმე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა. მასალაში ბავშვები სენსაციურ და სენტიმენტალურ ჭილში გაშუქდნენ, აჩვენეს ატირებული პატარები, კადრებს კი ტრაგიკული მუსიკა გასდევდა.

სიუჟეტი საფლავზე მოთამაშე ბავშვების კადრით იწყება, რასაც არასრულწლოვნების დედის კომენტარი ერთვის: „ისეთი შეყვარებულები არიან, სულ სასაფლაოზე გარბიან ხოლმე. ხშირად თამაშობენ,“ - რესპონდენტის ამ ფრაზას მოყვება წამყვანის „მხატვრული“ ტექსტი, რომელიც სიუჟეტის მუსიკასთან ერთად, კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა ამ ამბავს: „იმის ნაცვლად, რომ პატარები ახლა სკვერში ან სულაც ეზოში თამაშობდნენ, უკვე წლებია მათი საყვარელი და გასართობი ადგილი სასაფლაოა. ბავშვობის ლამაზ წლებს აქ, ამ ადგილას გაატარებენ. სასაფლაოზე გარდაცვლილთა მეზობლობა მათი განაჩენია. ეს პატარები, საფლავის პრიალა მარმარილოს ჯებირების ნაცვლად, ნამდვილ კარუსელებზე უნდა კატაობდნენ... ახლა მათი მეზობლები საფლავებია და ამ საფლავებზე იშვიათად გამოჩენილი ჭირისუფლები.“

სიუჟეტში დედა იმ მძიმე სოციალურ პირობებზე ყვება, რომელშიც ის და მისი შვილები ცხოვრობენ, კადრში დედის გვერდით ჩანს მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დედის მონათხრობს ისმენს და ტირის.

სენტიმენტალურია სიუჟეტის დასასრულიც: „ამ ბავშვებს ცოცხალი ადამიანები ენატრებათ... შემთხვევითი არაა, რომ ისინი სასაფლაოზე ცხოვრობენ, მათი არსებობა ისეთივე შავი ფერისაა, როგორიც ძაძებში გამოწყობილი ჭირისუფალი. ისინი დამპალოს სასაფლაოზე მიცვალებულთაგან თავის დასაღწევად იბრძვიან... მათ სამყოფელს სხვა მგლოვიარეთა ხმა მოიცავს, ღამე კი ლამპიონების ნაცვლად, ჩაბნელებულ სამარხებზე ანთებული კანდელები ანათებენ“.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, ჟურნალისტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ გადაუხვიონ უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებსა და ნორმებს ბავშვთა პრობლემების გაშუქებისას, კერძოდ: „მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით“.


თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ