06.03.2017
აუდიტორია 115 მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (ინფორმაციის გაყალბება) პრინციპები.
განცხადების მიხედვით, სტატიის სათაურშივე საუბარია იმაზე, ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან და მასალის ერთ ნაწილში, აუდიტორია 115 შედარებულია ბოლშევიკებთან, რითიც ხდება მათი მარგინალიზება: „ჟურნალისტი მკითხველს დაბეჯითებით უმტკიცებს, რომ აუდიტორია 115-ის მიერ წარმოებული კამპანია სიცრუეა და თან ამავდროულად გვამცნობს, რომ მის უკან “ვიღაც” დგას“.
„შემდეგი ნაწილი კი ეთმობა აუდიტორია 115-ის ე.წ სქემის ჯაჭვის გაშიფრვას. სქემაში მტკიცებით ფორმაში არის ნაჩვენები „გავლენის აგენტების ჩანერგვა კომპანიაში“, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ დონორებიდან დაფინანსება და ა.შ. თუმცა არც წყარო და არც რაიმე ტიპის მტკიცებულება ჟურნალისტს არ მოჰყავს ამ ყველაფრის დასამტკიცებლად“, - ვკითხულობთ აუდიტორია განცხადებაში.
საქმეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღია სხდომაზე განიხილავს