ვალერი კვარაცხელიას „ოქროს კვეთა“ ეთერში დაბრუნდა
21.03.2017
ვალერი კვარაცხელიას გადაცემა „ოქროს კვეთა“ ობიექტივის ეთერში დაბრუნდა და ის ყოველ კვირას, 20:30 წუთზე გადის. ვალერი კვარაცხელია და მისი პარტია „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრი გადაცემის წამყვანი არ შეიძლება იყოს.

ვალერი კვარაცხელიას ობიექტივის ეთერში გადაცემა წინასაარჩევნო პერიოდშიც მიჰყავდა, თუმცა მაშინ, გადაცემა 6 თვით შეჩერდა.

„ეთერშია 6 თვის წინ შეწყვეტილი „ოქროს კვეთა,“- ასე მიესალა წამყვანი 5 მარტს აუდიტორიას. გადაცემას, რომელიც 50 წთ-ს გრძელდება, არ ჰყავს მოწვეული სტუმრები და რესპონდენტები, მაყურებელს ტელეეკრანიდან მხოლოდ წამყვანი ვალერი კვარაცხელია ესაუბრება.

„მე დღეს მაქვს შეწყალების სიგელი მიღებული და ეთერი დავიბრუნე. საითაც გული გამიწევს, იქით წავალ, რის თქმასაც ჩავთვლი აუცილებლად, იმის შესახებ მოგიყვებით იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი მაქვს,“ - ასე დააანონსა წამყვანა გადაცემის მომავალი თემები. „ის, რის შესახებაც მე ვსაუბრობ თქვენთან, მე მგონი, რომ სჭირდება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს,“ - მოვისმინეთ გადაცემის დასაწყისში.

ვალერი კვარაცხელია გადაცემის განმავლობაში ღიად გამოხატავდა თავის ანტიდასავლურ განწყობებსა და რუსეთის პოლიტიკის მიმართ სიმპათიას:

„ჩემი მთავარი მოწინააღმდეგე გახლავთ აშშ იმიტომ, რომ მე მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც შემიძლია და რითაც შემიძლია, ვებრძვი, ვეწინააღმდეგები და ვაკრიტიკებ მათ იმ პოლიტიკას, რომელიც არის ძალმომრეობის პოლიტიკა, რომელიც არის უსინდისო და უნამუსო პოლიტიკა, რომელიც არის მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონების პოლიტიკა და რაც მთავარია, რომელიც არის უზნეობის, უხამსობისა და უტიფრობის დანერგვა მთელ მსოფლიოში.“

„მე რუსული პოლიტიკის მიმართ მაქვს ძალიან პოზიტიური განწყობა. მთელი უკანასკნელი 15—16 წლის განმავლობაში რუსეთში ნაწარმოები პოლიტიკა, ასე მგონია, რომ ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე,“- ამბობდა კვარაცხელია.

წამყვანი უარყოფით კონტექსტში საუბრობდა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც: „ჩვენი მთავრობა ხალხს ატყუებს და ზეიმობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზალიბერალიზაცია მოხდა ევროპასთან და ეს თურმე ძალიან დიდი ბედნიერების მომტანია. გარწმუნებთ, რომ ეს არანაირი ბედნიერების მომტანი არ არის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70-80%-ისთვის იმიტომ, რომ ისინი, ვინც გულშიც კი ვერ გაივლებდა ევროპაში სამოგზაუროდ წასვლას, ხვალაც და ზეგაც და მაზეგაც გულში ვერ გაივლებენ იქ წასვლას, ხოლო ის 10 %, რომელიც ისედაც ახერხებდა ამას, ყოველგვარი ვიზალიბერალიზაცის გარეშე, რა თქმა უდნა, ამას ხვალაც და ზეგაც მოახერხებს“.

კვარაცხელია ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას 19 მარტის ეთერშიც განაგრძობდა: „ახლა, ზუსტად ახლა, დამდგარია ის დრო, რომ ჩვენ პრინციპულად შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ, რომ ხელს ვიღებთ დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე... და ვიწყებთ მუშაობას იმისათვის რომ გავხდეთ რუსეთის სამხედრო სტრატეგიული პარტნიორები.“

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 16

"დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით".


თეგები : ინტერესთა კონფლიქტი ;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ