ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება „მე-9 არხის“ სიუჟტში
08.05.2017
4 მაისს ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხის“ მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სიუჟეტი მომზადდა, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალი ყვებოდა, რომ მასსა და მის არასრულწლოვან შვილებზე მეუღლე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. სიუჟეტში არასრულწლოვანი შვილების ირიბი იდენტიფიცირება ხდება, რადგანაც ნათქვამია ბრალდებული მამის სახელი და გვარი. ასევე, ჩაწერილია ერთ-ერთი შვილის კომენტარიც, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. ინტერვიუში მისი სახე დაფარული არ არის.

მამაკაცს, რომელიც ამჟამად არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლითაა დაკავებული, თანასოფლელები იცავდნენ და აცხადებდნენ, რომ შვილებზე არა მამა, არამედ თავად დედა ძალადობდა: „მე შევსწრებივარ, რომ ცემდა. ნაპობით ცემდა თავის შვილს, კეფაში ურტყამდა. მაგის ხელში როგორ უნდა გაიზარდოს შვილი“, - ამბობდა ერთ-ერთი ადგილობრივი.

გარდა ამისა, სიუჟეტში მთელი აქცენტი იმაზეა, რომ კაცის მხრიდან ცოლზე ძალადობა თავად ცოლის მიერ იყო პროვოცირებული: „ყველა ქმარი იზამდა უფრო უარესს, ვიდრე ამ შემთხვევაში ბატონმა მამუკამ გააკეთა“, „კაცი გახდა იძულებული და რო ვერ გალახა, ტელევიზორი გატეხა“, „ოჯახის ქალი, ხუთი შვილის დედამ ტიტველი გადაიღოს სურათი და ვიღაცას გაუგზავნოს სურათი, ეს არის საქმე? ჩვენ ხო ქალები ვართ“, „კანონი კი, აძლევს ქალბატონებს რაღაც პრივილეგიას, რომ მართლები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში სოფელმა ვიცით, მეზობლებმა ვიცით, ყველა თითოეულმა ადამიანმა ვიცით, მართალია ეს ადამიანი (ბრალდებული)“.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ორივე მხარე დადასტურებით საუბრობდა, სიუჟეტში სავარაუდო არასრულწლოვნის კომენტარი შემოგვთავაზეს, სადაც ის სრულად იყო იდენტიფიცირებული, გარდა ამისა, მისი და ბრალდებული მამის იდენტიფიცრებით, მოხდა დანარჩენი არასრულწლოვანი ბავშვების იდენტიფიცირებაც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ „ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში“ ვკითხულობთ, რომ „ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, როდესაც ის არის ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი...ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება როგორც პირდაპირი, ისე ირიბი დაუშვებელია, იმის მიუხედავად, ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის". ქარტიის მე-8 პრინციპიც ბავშვთა უფლებების დაცვას შეეხება, სადაც ნათქვამია, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის თანახმად კი, „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო“.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ