რა გამოტოვა „მოამბემ“ ელისაშვილის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში
07.11.2017
8 საათიანი „მოამბე“ აუდიტორიას მერობის კანდიდატების ხედვებს პერიოდულად აცნობს. 3 ოქტომბერს ამგვარი სიუჟეტი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შესახებ გავიდა.

„იმაზე, რისი მოგვარებაც სურს, საუბრობს ყველგან, ყველაზე მეტს კი პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა სტაჟიანმა ჟურნალისტმა და უკვე პოლიტიკოსმა იცის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების მედალს ორი მხარე აქვს, ერთი, როცა კონკურენტების უფრო სჯერათ, ვიდრე შენი და მეორე, როცა პირიქით, მეტად გენდობიან“ - ჟურნალისტის ამ ტექსტს ადევს კადრები 19 სექტემბრის შეხვედრიდან, სადაც ქართული ოცნების“ შტაბის წევრები მაშინ მივიდნენ, როცა კანდიდატი ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა და დიდუბის გამგებლის მოადგილემ ელისაშვილს ტყუილების გავრცელებაში დასდეს ბრალი.

„ველოდები, რომ ჩემმა შვილებმა ირბინონ და ითამაშონ, აი ეს მამაკაცი (ელისაშვილი) ტყუილს ამბობს, რომ კორპუსი შენდებაო“ - ისმის 3 ოქტომბრის სიუჟეტში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის ხმაც.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ტექსტიდან ისე იკვეთებოდა, თითქოს ელისაშვილს რიგითი ამომრჩევლები შეხვდნენ და მათ დასდეს ბრალი ტყუილების ტირაჟირებაში. მასალაში ჟურნალისტს არ აღუნიშნავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები იყვნენ.

ის, რომ 19 სექტემბრის ინციდენტის მონაწილეები არა რიგითი, უპარტიო ამომრჩევლები, არამედ თავად მმართველი გუნდის შტაბის წევრები და გამგებლის მოადგილე იყვნენ, დასტურდება ვიდეოდან, რომელიც ელისაშვილის შტაბმა გაავრცელა.

თეგები : არჩევნები; მანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ