მედია, არჩევნები და ბავშვი, როგორც დეკორაცია
29.09.2017
თითოეულმა პოლიტიკოსმა ზუსტად იცის შედეგი, რასაც ბავშვთან მომღიმარი სახით გადაღებული ფოტო მოუტანს. გათვლები შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორიისთვის ზუსტად არის გაკეთებული, კარგად აპრობირებული მეთოდი ჭრის, კადრს მედია იტაცებს, ის ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტში, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ტრიალებს ტელესივრცეშიც და შედეგიც მიღწეულია - პოლიტიკოსის პოზიტიური იმიჯი შექმნილია.

პოლიტიკოსები ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად წინსაარჩევნო კამპანიისას იყენებენ. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როცა პროგრამის პრეზენტაციაზე პატარა გოგონა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით აღმოჩნდა, ერთობლივმა ფოტომ კი მოიცვა როგორც სოციალური ქსელები, ისე ინტერნეტგამოცემები. მათი შეხვედრის კადრები სატელევიზიო სიუჟეტებშიც არაერთხელ ვიხილეთ.



ტენდეცნია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გრძელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით “ქართული ოცნება” აქტიურობს, პარტიამ საკუთარი პარტიისა და კანდიდატების რეკლამირებისთვის ბავშვები არაერთხელ გამოიყენა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მესამე კლასის მოსწავლესთან ერთად არის გადაღებული.


ბავშვით ხელში ისაუბრა კახი კალაძემ მოსახლეობასთან კიდევ ერთ შეხვედრაზე, სადაც ის ჯანდაცვის პროგრამების განვითარებაზე მსჯელობდა.



ბავშვებს იყენებენ კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოც".




დღესდღეობით, საქართველოში ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება კანონით აკრძალული არ არის და ის ეთიკის ჭრილში განსახილება. რატომ არის პრობლემა, ბავშვის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენება - ეს კითხვა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტ მაია ცირამუას დავუსვით. იგი ფიქრობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესში არ შედის, მონაწილეობდეს პოლიტიკოსის პიარ აქტივობაში: “ეს არ არის ბავშვის გაცნობიერებული არჩევანი, ბავშვმა არ შეიძლება იცოდეს, რომელი პარტიისკენ იხრება მისი პოლიტიკური სიმპატიები, ეს ყველაფერი ემსგავსება ბავშვებით მანიპულირებას”, - ამბობს მედიაჩეკერთან საუბარში მაია ცირამუა.

ვიზუალური მასალა ბავშვისა და პოლიტიკოსის მონაწილეობით, მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, ხშირად, ამ შეხვედრების შესახებ მომზადებულ სიახლეებს ონლაინმედიაში სწორედ ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოები ერთვის. მედია ცალკე მასალებსაც კი უძღვნის იმის გარკვევას, თუ ვინაა ესა თუ ის ბავშვი, რომელიც პოლიტიკოსის გვერდით “შემთხვევით” გამოჩნდა.

რა პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, რომელიც პოლიტიკოსის ამგვარ ფოტოებს თუ ვიდეომასალას აზიარებს, ან ურთავს სიახლეს? მაია ცირამუას აზრით, მედია მსგავსი საკითხების გაშუქებისას სწორედ ბავშვის უფლებების პრინციპიდან უნდა ამოდიოდეს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი ნახავს, რომ ბავშვით მანიპულაციის მცდელობა კადრს მიღმა დარჩა და მედიასივრცეში ვერ მოხვდა, მიხვდება, რომ მისმა ქცევამ შედეგი ვერ გამოიღო და მომავლში აღარ ეცდება წინასაარჩევნო კამპანია ბავშვების გამოყენებით აწარმოოს: “მედიას აქვს დიდი რესურსი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, დაეხმაროს პოლიტიკოსებს დაისწავლონ სხვა ტიპის ქცევები”, - ამბობს მაია ცირამუა.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს .

თეგები : ბავშვთა საკითხები; არჩევნები;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ