„დედისაგან გასაყიდად გამეტებული“ ბავშვების იდენტიფიცირება „ობიექტივის“ სიუჟეტში
01.02.2018
„იმის მიუხედავდ, რომ 7 წლის მარიამი და 6 წლის გიორგი დედამ გასაყიდად გაიმეტა, ბავშვები მის ნახვაზე ოცნებობენ“, - ასე იწყება 30 იანვარს ობიექტივზე მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობით გასული სიუჟეტი, რომელიც მცხეთაში მცხოვრები ოჯახის სოციალურ სიდუხჭირეზე მოგვითხრობს. მასალაში მცირეწლოვანი ბავშვები იდენტიფიცირებულნი არიან.

გარდა იმისა, რომ სიუჟეტი ბავშვების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს, ჟურნალისტი ტრავმირებულ ბავშვებს დედის გახსენებასაც სთხოვს: „დედა გელაპარაკა სკაიპში? რა გითხრა?“- ბავშვს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს და ტირის, მის აცრემლებულ სახეს „შინდლერის სიის“ საუნდტრეკის ფონზე, რამდენიმე წამის განმავლობაში გვიჩვენებენ.

სიუჟეტი Facebook-ზეც გავრცელდა და მას 120 ათასამდე ნახვა და 3 ათასამდე გაზიარება აქვს, რაც ზრდის რისკს, რომ 120 ათასამდე ადამიანისთვის მცხეთაში მცხოვრები მარიამი და გიორგი მუდამ დედისგან მიტოვებულ, საცოდავ ბავშვებთან ასოცირდებოდეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული „ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმწღვანელო წესების“ თანახმად, ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, მედიამ უპირატესი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესს უნდა მიანიჭოს. სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:

უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.

თავიდან აირიდეთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება.

ბავშვი არ გამოიყენოთ როგორც რაიმე ობიექტი, რომელიც უფრო სენ­ ტიმენტალურს ხდის მასალას, ან ალამაზებს ეთერს, ანდა შესაძლებელია მასზე ექსპერიმენტების ჩატარება.

ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რა­ იმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარეს­ დეს მისი მდგომარეობა.

ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს.

მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გააშუქოთ თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი, სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად.

რაც არ უნდა მძიმე იყოს ისტორია, ეცადეთ წარმოაჩინოთ პოზიტიური დე­ ტალებიც. მაგალითად, ყველა ბავშვს, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პი­ რობებისა, აქვს ინტერესები, ჰობი. მასაც, სხვა ბავშვების მსგავსად, უყვარს თამაში, კითხვა, ხატვა და ა.შ. მნიშვნელოვანია ამგვარი დეტალების ჟურნა­ლისტურ პროდუქტში წარმოჩენაც.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ