პრეზიდენტის ვეტო და მანიპულაცია „მოამბეში“
16.01.2018
15 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადება 9 საათიანი „მოამბის“ მთავარი თემა იყო. როგორც წამყვანის, ისე სიუჟეტის ავტორის ტექსტებში მოსაზრებები ფაქტებად იყო წარმოჩენილი, ბალანსი კი ფორმალურად იყო დაცული. მაყურებელი ვერ გაიგებდა, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ ცვლილებების მოწინააღმდეგეებს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. მასალაში, ასევე წარმოდგენილი იყო არასწორი, შეცდომაში შემყვანი ფაქტებიც.

წამყვანმა შესავალ ტექსტში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვეტოს იმ კანონპროექტს ადებს, რომელიც მაუწყებლის დამოუკიდებლობის და განვითარების გარანტი იქნება: „გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილს ეხება, რომელიც პირველი არხის დღის ეთერში, ისიც შეზღუდული დროით, კომერციული რეკლამის განთავსებას გულისხმობს. რეკლამიდან მისაღები დამატებითი თანხა, რომელიც სარეკლამო ბაზრის მცირე ნაწილს წარმოადგენს, მაუწყებლის ჟურნალისტებსა და მათ პროფესიულ განვითარებას უნდა მოხმარდეს“.



ეს ქვეტექსტი იკითხებოდა მთლიან სიუჟეტშიც, განსაკუთრებით კი სიუჟეტის ბოლო ნაწილში, სადაც ავტორმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა კარგ ცვლილებებს დაადო ვეტო პრეზიდენტმა: „პარლამენტი თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ იმსჯელებს და კიდევ ერთხელ დაუბრუნდება კანონს, რომელიც მაუწყებელს საშუალებას მისცემს აქცენტი გააკეთოს ხარისხზე, წაახალისოს ინოვაციები და ახალი მედია პროდუქტები, უკეთ დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და პირველი ქართული ტელევიზია ბაზრის ნომერ პირველ მოთამაშედ აქციოს“. თუმცა, მაყურებლისთვის არ აუხსნიათ როგორ აქცევს მაუწყებელს „ნომერ პირველ მოთამაშედ“ კანონპროექტი. გაუგებარი დარჩა რას ეფუძნებოდა ჟურნალისტის ეს ტექსტი.

მოსაზრებები ფაქტად იყო წარმოდგენილი წამყვანის შესავალი ტექსტის იმ ნაწილშიც, სადაც ის ინტელექტუალური მედიაპროდუქტის უტენდეროდ შესყიდვაზე საუბრობდა. წამყვანის ტექსტი: „პრეზიდენტისთვის სადავო გახდა კანონპროექტის ის ნაწილიც, რომელიც გადაცემების, სერიალების და სხვა ინტელექტუალური მედიაპროდუქტის უტენდეროდ შესყიდვას ეხება. ცვლილების მიზანი არის ის, რომ შემოქმედებითი ტელე-რადიო და ვებპროდუქციის შეძენის დროს გადამწყვეტი იყოს არა ფასი, არამედ ხარისხი, რაც პირდაპირ აისახება რეიტინგზე,” - აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში არსად არის აღნიშნული, რომ შემოქმედებითი ტელე-რადიო და ვებ-პროდუქციის შეძენის დროს გადამწყვეტი ხარისხი იქნება.

სიუჟეტში ასევე მოყვანილი იყო არასრული და არაზუსტი ფაქტებიც.კანონპროექტის იმ ნაწილზე საუბრისას, რომელიც მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის განთავსებას ეხება და რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნა გაუგზავნა პარლამენტს, სიუჟეტში მხოლოდ ის აღინიშნა, რომ სარეკლამო ბაზარი 90 მილიონ ლარს შეადგენს, მაუწყებელმა კი კომერციული რეკლამით, საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა მაქსიმუმ 2 მილიონის მოპოვება შეძლოს. ჟურნალისტი დასძენს: „ისმის შეკითხვა, ანგრევს თუ არა ბაზარს, 1.8 %“. ჟურნალისტს არ უთქვამს მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პრეზიდენტსაც აღნიშნული აქვს თავის დასაბუთებაში - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კანონით გათვალისწინებული დაფინასება 2016-2017 წლებში 40 მილიონს აღემატება, ხოლო 2018 წლისთვის 50 მილიონს აჭარბებს, რაც მთლიან სატელევიზიო სივრცეში არსებული სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია. ამ მნიშვნელოვანი დეტალის აღნიშვნის გარეშე, მხოლოდ იმის თქმას, რომ ცვლილებებით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზრის მხოლოდ 1.8% -ის მოპოვებას შეძლებს, მაყურებელი ცალსახად შეჰყავს შეცდომაში.

კანონპროექტის იმ ნაწილზე საუბრისას, კი რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შესყიდვების შესახებ კანონის ჩარჩოდან ნაწილობრივ გადის და რომელსაც ასევე დაურთო პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნა, სიუჟეტში აღინიშნა, რომ ინტელექტუალური პროდუქტის შეძენაზე ტენდერის გაუქმება ქვეყნას 2019 წელს ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე ისედაც მოუწევს. ჟურნალისტს არ აღუნიშნავს, რომ ზემოხსენებული დირექტივის მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების შეძენისას ტენდერის გაუქმება უნდა მოხდეს ერთიანი სტანდარტის მიხედვით, უნდა შემუშავდეს საერთო მიდგომა ყველა სახელმწიფო უწყებისთვის.

„თავად ევროდირექტივის ტექსტიდან გამომდინარე, ნებისმიერი გამონაკლისი, რომელსაც ეს დირექტივა უშვებს, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტს, როგორებიცაა: თანასწორობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა. თუმცა, შემოთავაზებულ კანონპროექტში არანაირი მინიმალური გარანტიაც კი, რომ შესყიდვების პროცესში ეს პრინციპები დაცული იქნება, მოცემული არ არის“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

გარდა ამისა, „მოამბის“ მასალაში ბალანსიც ფორმალურად იყო დაცული, გამოყენებული იყო მარგველაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც არსობრივად არ ჩანდა კონკრეტულად რა შენიშვნები ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით, არ ისმოდა არც კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო მაუწყებლების არგუმენტები. მოწინააღმდეგე დეპუტატების, „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის და „ქართული ოცნების წევრის“ დავით ჭიჭინაძის კომენტარებით კი მაუწყებელმა ბალანსი ფორმალურად დაიცვა. მაშინ როცა მთელი სიუჟეტი, წამყვანისა და ავტორის შესავალი ტექსტის ჩათვლით, აქცენტირებულია იმაზე, თუ როგორი კარგი ცვლილებები შედის კანონპროექტში და როგორი უსაგნოა პრეზიდენტის და სხვა პირთა პრეტენზიები, ზურაბ ჭიაბერაშვილის და დავით ჭიჭინაძის 24 წამიანი ზოგადი კომენტარების მასალაში ჩასმით ბალანსი ფორმალურად დაიცვა მაუწყებელმა, ვინაიდან აუდიტორიისთვის გაუგებარი დარჩა კონრეტულად რატომ ეწინააღმდეგებიან ამ კანონპროექტს.

თეგები : მანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ