05.02.2018
სიუჟეტში მამიდები ამბობენ, რომ დედამ არასრულწლოვანი შვილი სახლიდან გამოაგდო და “ის სიგლახე დაანახა, რაც არ შეიძლებოდა”. შემდეგ ისმის მეორე მამიდის სიტყვები, რომელსაც, მისი თქმით, დედა შვილს ეუბნებოდა “ჩაგრეცხავ კანალიზაციაშიო; შენ არავის არ უყვარხარო, ბავშვს ეუბნებოდა, ჩემ გარდაო და იმორჩილებდა ბავშვს”. “ის კაცები რომ მოდიოდნენ, მე მცემდნენ, მამიდაო, მაგზავნიდნენ. თითო ღერი პაპიროზის გულისხთვის 50-ჯერ უნდა ჩასულიყო ბავშვი”.
მასალა აჩენს კითხვებს: რა მდგომარეობაში იქნება არასრულწლოვანი, თუკი ამ სიუჟეტს ნახავს? ხომ არ შეუქმნის ამგვარი მასალა მის ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობას ხელს? ხომ არ გახდება ის ბულინგის მსხვერპლი იმ ფონზე, რომ მასალაში მისი ირიბი იდენტიფიცირება ხდება? (მამიდები და დედა არიან იდენტიფიცირებულნი).
ამავე სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ბავშვს, ამ დავის გამო საბუთები წესრიგში არ აქვს და სკოლაში არა მოსწავლის, არამედ მსმენელის სტატუსით დადის. თუმცა ეს დეტალი ამბის მეორეხარისხოვან ნაწილადაა წარმოჩენილი და ძირითადი აქცენტი არა ამ საკითხზე, არამედ უფროსების დავაზე კეთდება. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის დაინტერესება სახელმწიფოს როლზე, არ ისმის კითხვა, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ არასრულწლოვანს არ შეეზღუდოს განათლების მიღების უფლება, ან რატომ არ ჰყავს მეურვე არასრულწლოვანს, ან ვინაა პასუხისმგებელი მასზე. სამაგიეროდ, დეტალურად ვისმენთ, რომ სასამართლო პროცესზე მულებმა რძალს სცემეს, რომ მამიდებს არც მეზობლებთან აქვთ კარგი ურთიერთობა და ა.შ. მასალაში არაერთხელ აღინიშნა, რომ რძლისა და მეზობლების აზრით, მამიდებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ისე თითქოს, “ფსიქიკური პრობლემა” სიტყვის მასალა, ან სალანძღავი სიტყვა იყოს.
საბოლოო ჯამში, მასალის ამოსავალი წერტილი არის არა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ რძალ-მულის კონფლიქტის სენსაციური დეტალები.