08.04.2018
“მე და გოგის საპატრიარქოში მისვლა გთხოვეს უწმინდესთან შესახვედრად. საუბარმა ძალიან მშვიდ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა. მიხარია, რომ პატრიარქი არ გავს მისი მრევლის იმ წევრებს, რომელნიც ასეთი დაუნდობელნი არიან ჩვენს მიმართ. მან სიყვარულისკენ და შენდობისკენ მოგვიწოდა. გვითხრა რომ წყენას არა ატარებს და ჩვენც იგივეს გვთხოვს. რაც შეეხება კრიტიკას, თავად აღნიშნა, რომ კრიტიკა და შეცდომებზე საუბარი, მხოლოდ გააჯანსაღებს ეკლესიას და პირველ რიგში მათთვის არის აუცილებელი. ბედნიერი ვარ რომ ეს საუბარი შედგა. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად მეგობრებო. გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია”.
ნინია კაკაბაძემ პოსტს ფოტო დაურთო, რომელზეც ის და გოგი
გვახარია საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-სთან ერთად
ჩანან.
სინამდვილეში, ეს ფოტო 2016 წელს,
საქართველოს პატრიარქთან შორენა ბეგაშვილის სტუმრობას ასახავს.
შესაბამისად, ნინია კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო
დამონტაჟებულია
ნინია კაკაბაძის სტატუსი ონლაინ მედიის ნაწილმა გადამოწმების გარეშე, როგორც ფაქტი ისე გაავრცელა. ასე მოიქცა სააგენტო - on.ge, ipress.ge, mediamall.ge, digest.pia.ge და fortuna.ge. აღსანიშნავია, რომ fortuna.ge-ს პატრიარქისა და შორენა ბეგაშვილის შეხვედრის შესახებ ამბავი ამავე ფოტოთი 2016 წლის 29 მარტს აქვს გამოქვეყნებული.
როგორც კი გაირკვა, რომ ნინია კაკაბაძის პოსტი ხუმრობა იყო, სააგენტოებმა fortuna.ge-მ, on.ge-მ და ipress.ge-მ გავრცელებული ამბავი წაშალეს. Ipress-მა მკითხველს გოგი გვახარიას განმარტება შესთავაზა იმის შესახებ, რომ ნინია კაკაბაძემ იხუმრა და ახალ ამბად გავრცელებული ხუმრობისთვის მკითხველს ბოდიში მოუხადა. ამბავი ამ დრომდე იძებნება digest.pia.ge-ს ვებსაიტზე. თუმცა, იქვეა ინფორმაცია ნინია კაკაბაძის განმარტების შესახებ, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი წინა პოსტი მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო.
მედიასაშუალებების ნაწილის მიერ ხუმრობის ახალ ამბად გავრცელებას, მოგვიანებით, ნინია კაკაბაძე ახალი პოსტით გამოეხმაურა. "ვწუხვარ, რომ ამ "იუმორით განთქმულ" ქვეყენაში არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა", – წერს იგი და ამატებს, რომ "ფეიკ ნიუსებზე, კიდევ არა ერთი ტრეინინგია ჩასატარებელი".