ქარტიის საბჭო: „POSTV-ს“ მიერ გორში გადაღებული კადრები დადგმული იყო
14.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გამოიკვლია და დაადგინა, რომ “POSTV-ს” გადაცემაში „STOP ხამი“ პარკირების შესახებ ქალაქ გორში გადაღებული ეპიზოდი დადგმული იყო.

სადავო გადაცემა “POSTV”-ს ეთერში 2018 წლის 26 მარტს გავიდა. განმცხადებელი, დავით მახარაშვილი გადაცემაში პრობლემურად შემდეგ ეპიზოდს მიიჩნევდა: გადაცემის გადამღები ჯგუფი უახლოვდება BMW მარკის ავტომობილს, რომელიც გაჩერებულია ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე, რაც დარღვევაა. მანქანაში მძღოლის ადგილის გვერდით ზის ერთი პირი, რომელსაც გადაცემის წამყვანი ავტომობილის გადაყენებას სთხოვს. საპასუხოდ მანქანაში მჯდომი პირისაგან ისმის გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები წამყვანის მიმართ. ხაზს უსვამს, რომ „გორელია“ და „არაფერი არ უნდა შეეშალოთ“. მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ ეპიზოდი ასახავს რეალურ ფაქტს, რომ მანქანაში მყოფი „გორელი“ პირი არის აგრესიული, უზრდელი და არ ემორჩილება კანონს.

ქარტიის საბჭო ამ ეპიზოდის დეტალების შესასწავლად გორში ჩავიდა და უშუალოდ გამოჰკითხა სადავო ეპიზოდში მონაწილე პირები. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ეპიზოდი დადგმული იყო.

შესაბამისად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი [არასწორი ინფორმაციის გავრცელება], მე-3 პრინციპი [გავრცელდა გაყალბებული ინფორმაცია] და მე-11 პრინციპი [განზრახ მოხდა არასწორი/გაყალბებული ინფორმაციის მომზადება/დამახინჯება].

„გადაცემის მთავარი იდეა ემსახურება იმას, რომ გამოავლინოს პარკირებასთან დაკავშირებული რეალური მდგომარეობა და ასევე სოციალური პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდოს იმ ადამიანებს, ვინც არღვევს კანონს, შესაბამისად გამოგონილი, გაზვიადებული, დადგმული ეპიზოდების გამოყენება არის ინფორმაციის განზრახ ფალსიფიცირებით აუდიტორიის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნულია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, დადგმულმა სცენამ და წამყვანის შეფასებითმა კომენტარებმა (გადაცემის წამყვანი ბოლოს აღნიშნავს, რომ იგი გორში აღარ ჩამოვა, ვინაიდან მის მიმართ გამოიჩინეს ასეთი აგრესია) გამოიწვია დისკრიმინაციის წახალისება. ვიდეო გახდა საფუძველი ასეულობით კომენტარის, რომელთა უმრავლესობაში ლანძღავდნენ გორელებს, მაშინ როცა მედიის ვალია ყველანაირად შეუშალოს ხელი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, ამ შემთხვევაში მედია თავად მოგვევლინა მის წამხალისებლად.

თეგები : თვითრეგულირება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ