იუსტიციის მინისტრის „რეაბილიტაციის“ და არასამთავრობოების დემონიზების მცდელობა „იმედის კვირაში“
11.06.2018
კვირას 10 ივნისს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „იმედის კვირამ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერვიუ შემოგვთავაზა. ამ ინტერვიუს წინ უძღოდა ჯერ ათი არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა, შემდეგ კი მოქალაქეებისა და მესამე სექტორის საპროტესტო აქცია მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. თეა წულუკიანის მიმართ პროტესტი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკულ კითხვებს მოჰყვა. სწორედ ამ საქმის გამო გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელსაც თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა.

მიუხედავად იმ დასაბუთებული არგუმენტებისა, რაზე დაყრდნობითაც თეა წულუკიანის გადადგომის საკითხი დადგა დღის წესრიგში და იმ ხარვეზებისა, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს, ინტერვიუში არ დასმულა სიღრმისეული, კონკრეტული და კრიტიკული კითხვები სისტემისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ინტერვიუ უმეტესად მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა. გადაცემა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იგი იუსტიციის მინისტრის ერთგვარ რეაბილიტაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხების მიღების მცდელობას.

ტელეკომპანია „იმედთან“ 13-წუთიან, ექსკლუზიურ ინტერვიუში, იუსტიციის მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც პერიოდულად მოიხსენიებდა სიტყვით - „ისინი“, დაახლოებით 15-ჯერ ახსენა. მინისტრმა მესამე სექტორი დაადანაშაულა ყველა იმ ჩავარდნილ რეფორმაში, რასაც ეს უკანასკნელნი მას საყვედურობენ. მინისტრმა თქვა, რომ მასაც არ მოსწონს მოსამართლე მურუსიძე, “რომლის სასამრთლოშიც სხვათა შორის მას პროცესებს უგებს ეკა გიგაური”, მაგრამ, ამ მოსამართლის დანიშვნაც არასამთავრობოების ჩარევის შედეგია, რადგან “მინისტრობის პირველი სამი-ოთხი წელიწადი მუდმივ წინააღმდეგობას ხვდებოდა ამ არასამთავრობო სექტორისგან, როდესაც ამბობდა, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნები არ არის კარგი“. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკური ბრძოლა წამოიწყო „საპრეზიდენტო სკამისთვის“ და სინამდვილეში მათ არ უნდათ ბოლომდე გაიგონ და ჩახედონ ხორავას ტრაგედიას: „მათ დაწყებული აქვთ მონაწილეობა ბრძოლაში, რომელსაც ქვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა“.

ჟურნალისტს მინისტრისთვის კრიტიკული კითხვა არ დაუსვამს არც მაშინ, როცა წარმატებულ რეფორმებზე საუბრობდა, არც მაშინ, როდესაც ყოფილ პროკურორს ირაკლი შოთაძეს აქებდა რეფორმებში მხარდაჭერისთვის. მაგალითად, არ დაინტერესებულა ხედავადა თუ არა პროკურატურის მუშაობაში ხარვეზებს კონკრეტულად ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, რატომ გადადგა მთავარი პროკურორი თუკი გამოძიებაში ხარვეზები არ არსებობს.

ჟურნალისტს არ უკითხავს სხვა გაუხსნელ საქმეებზეც, რომელთა შესახებ საზოგადოებაში დიდი ინტერესია და რაც პროკურატურის თაროებზე მრავლად დაგროვდა. ჟურნალისტს არაფერი უკითხავს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე, რასაც მინისტრს ის ათი არასამთავრობო საყვედურობს, რომლებმაც მისი გადადგომა მოითხოვეს. ვერც თეა წულუკიანის შერჩეულ წარუმატებელ პროკურორებზე მოვისმინეთ კითხვა, ვერც იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ბედზე, რომლებმაც პროცესი მოიგეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდა, ვერც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ პროცესზე, რაც რამდენჯერმე ჩავარდა. ჟურნალისტი არც მაშინ ჩაკითხვია, როდესაც მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაციის თავისუფების აქტზე მუშაობენ, არადა ეს “მუშაობა” წლებია გრძელდება და წულუკიანის უწყება კვლევებში ერთ-ერთ დახურულ უწყებადაა დასახელებული.

სამაგიეროდ, ინტერვიუში მინისტრმა დიდი დრო დაუთმო წარმატებულ რეფორმებზე საუბარს. გადაცემიდან გავიგეთ, რომ მინისტრის და მათ შორის ყოფილი პროკურორის ირაკლი შოთაძის დიდი დამსახურებაა უვიზო მიმოსვლა; ამ სამინისტროს დამსახურებაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, მაუწყებელთა ვიდეოკამერების დაბრუნება სასამართლო დარბაზებში, ანტიდისკრიმინაციული კანონი.

არგანხორციელებულ რეფორმებში იუსტიციის მინისტრმა ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობებში სქესის შეცვლის მოთხოვნის შეუსრულებლობა დაასახელა, თუმცა, წულუკიანის გადაყენების მოთხოვნის კონტექსტში ეს რეფორმა არავის უხსენებია: „ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ რომ ეს რეფორმა მე არ გამიტარებია“. თუმცა, ჟურნალისტს არც მის ამ ტრანსფობიურ განცხადებაზე გაუკეთებია მინიშნება და არც ამ თემაზე დაუსვამს კვალიფიციური კითხვები.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 13 წუთიანი, როგორც თავად უწოდეს, “ექსკლუზიური” ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან ისე დასრულდა, ვერცერთ მწვავე და საქმიან კითხვაზე საზოგადოებამ პასუხი ვერ მიიღო. ამ ინტერვიუს მიმართ კი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების და ბევრი კრიტიკული კითხვის ფონზე, საზოგადოების დიდი მოლოდინი არსებობდა.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ