ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან მონოლოგის რეჟიმში
25.07.2018
24 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, წამყვანის კითხვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პასუხობდა. პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ეს ივანიშვილის პირველი ინტერვიუ იყო, რომლისთვისაც მაუწყებელმა გადაცემის ფორმატი შეცვალა - წამყვანი თავად მივიდა რესპონდენტთან, იყო არა პირდაპირი ეთერი, არამედ ჩანაწერი და არ გავიდა გადაცემა წინა დღეს.

ინტერვიუს მიმდინარეობა

გადაცემა თითქმის საათნახევარი, უფრო ზუსტად, 1სთ და 25 წუთი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, წამყვანმა სტუმარს 14 კითხვა დაუსვა, საიდანაც ხუთი კითხვა - როგორ შეაფასებთ, რას ფიქრობთ, რაში მდგომარეობს - ტიპის იყო და პასუხის გაცემის დროს მხოლოდ სამჯერ ჩაეკითხა, ისიც უმნიშვნელო დეტალის დასაზუსტებლად. ინტერვიუ მეტწილად სტუმრის მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, გადაცემის ავტორს ივანიშვილის პოზიციებისთვის არ დაუპირისპირებია არცერთი კონტრარგუმნეტი, მიუხედავად სასაუბრო თემის ირგვლივ არსებული ამგვარი დეტალების სიმრავლისა. წამყვანი რესპონდენტისგან ძირითადად შეფასებებს ითხოვდა და არ ისმოდა კრიტიკული კითხვები.



საათნახევრიანი გადაცემის უმეტესი დრო აუდიტორია ქვეყნის ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებზე ისმენდა მოსაზრებებს, იმ განსხვავებით, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს სულ უარყოფით, მამუკა ბახტაძეს კი დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა. ასევე დიდი დრო დაეთმო: ოპოზიციის კრიტიკას - რისი ინსპირაციაც წამყვანის კითხვა იყო - „ოპოზიცია ნებისმიერ მოვლენაში ხედავს თქვენს ბრალეულობას“, ხეების გადატანისა და პანორამა თბილისის თემას, აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე სტუმარმა კითხვის დასმის გარეშე, თავისი სურვილით ისაუბრა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმარი თავად წყვეტდა რა საკითხზე უნდა ესაუბრა, ან მან წინასწარ იცოდა კითხვები.

  • „ალბათ მე კიდევ მექნება საშუალება ჩვენს ინტერვიუში ამ თემას დავუბრუნდე“, - თქვა ივანიშვილმა პირველივე კითხვაში, როდესაც პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზებზე საუბრობდა.

  • „მძიმე მდგომარეობაა ბანკებთან დაკავშირებით, რომელზეც შეიძლება ქვემოთ მოგვიწიოს საუბარი და შევეხო“, - განაცხადა მესამე კითხვის პასუხში, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირის თემაზე საუბრობდა.

  • „აქ უნდა მომისმინოთ, ეს უნდა ავხსნა“, - განაცხადა როდესაც ოპოზიციის ბრალდებებზე, ხეების გადატანაზე, პანორამა თბილისსა და “ქართუ ბანკზე” საუბრობდა, ისე, რომ ეს ორი უკანასკნელი საკითხი წამყვანს არ უხსენებია და არც სტუმრის ეს სურვილი შეუმჩნევია რაიმე ფორმით, მდუმარედ განაგრძო მისი მოსმენა.
ასევე საკუთარი ინიციატივით ისაუბრა გადაცემაში ივანიშვილმა პარტიაში დაძაბულობის დაწყებაზე და ახსენა გასული წლის ოქტომბერი. სწორედ იმ პერიოდში იმართებოდა თვითმმართველობის არჩევნები და მას საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ღიად არ დაუჭერია მხარი პარტიის კანდიდატებისთვის. იმ დროს, როდესაც რესპონდენტი ამ საკითხებზე საუბრობდა, წამყვანს არ უკითხავს მისი შერჩევით დასახელდნენ თუ არა მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები. ან რას ფიქრობს მოქმედი მერების, მათ შორის კახა კალაძის საქმიანობაზე, მისგანაც “იმედგაცრუებული ხომ არ არის.

კიდევ ერთი განცდა, რაც ამ გადაცემიდან მაყურებელს დარჩა, იყო ის, რომ გადაცემის ავტორი სტუმარს არ უსმენდა და დაწერილ კითხვებს მიჰყვებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც მან გადაცემის მიმდინარეობისას დასვა ისეთი კითხვა, რომლის პასუხიც მაყურებელმა უკვე იცოდა - ასეთი იყო კითხვა ეკონომიკური ჩამორჩენისა და დემოკრატიის ზრდის შესახებ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა პირველივე კითხვაში ისაუბრა, წამყვანმა კი მეცხრე კითხვად კვლავ ჰკითხა - „რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა და რაში მდგომარეობს ამ პრობლემის არსი“ .

ყოფილი პრემიერი მთელი ინტერვიუს განმავლობაში უარყოფდა პოლიტიკაში არყოფნის დროს მართვაში მონაწილეობას, პარალელურად კი რამდენჯერმე ახსენა - გარედან კონტროლი და მთავრობის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციები (მირეკავდა, ვურეკავდი, ვსაყვედურობდი, მეტწილად კვირიკაშვილზე; როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა რომ გუნდი შენარჩუნებულიყო - დაბრუნების თემაზე საუბრისას. რედ). მიუხედავად ამ შემთხვევებისა, ჟურნალისტი არ ჩაკითხვია, იყო თუ არა ამ ფორმით მართვაში მონაწილეობა არაფორმალური მმართველობა. აქვე გეტყვით, მოგვიანებით თავად სტუმარმა განმარტა, რომ ეს საზოგადოებრივი კონტროლი იყო და მას ამის უფლება აქვს. წამყვანს არ უცდია საკითხის დაზუსტება. რაც, ზემოთდასახელებულ შემთხვევასთან ერთად, ასევე ქმნიდა განცდას, რომ იგი სტუმარს არ უსმენდა და დაწერილ ინსტრუქციას მიჰყვებოდა.

კითხვები, რომლებიც არ დასმულა

მიუხედავად ინტერვიუს ხანგრძლივობისა, 1სთ, 25 წთ, გადაცემაში არ დასმულა არცერთი კითხვა იმ “პრობლემების შესახებ, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალური იყო.

მაგალითად, გადაცემის წამყვანს არ უკითხავს, თუ დიდი ხნის წინ (მარტში) იყო დაწყებული იმ საქმის ძიება, რაშიც ყოფილი მინისტრები, ქუმსიშვილი და ალავიძე ფიგურირებენ (რასაც ივანიშვილმა დემოკრატიული პროცესი უწოდა), რატომ ინარჩუნებდნენ ისინი დიდხანს პოზიციებს. რატომ გასაჯაროვდა ინფორმაცია მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ხომ არ იყო ეს ყოფილი პრემიერის გუნდზე ანგარიშსწორება;

- ქვეყანას ჰყავს ახალი მთავარი პროკურორი, სწორედ ამ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით. მთელ ამ პროცესს როგორ შეაფასებთ? - მხოლოდ ეს კითხვა დასვა წამყვანმა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა, მთავარი პროკურორის გადადგომა, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაკავება და სხვა არაერთი პროცესი მოჰყვა.

გადაცემის წამყვანი ამავე თემაზე არც იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემას შეხებია და არც ის ბოიკოტი უხსენებია, რაც მთავარი პროკურორის არჩევის პროცესს სდევდა თან. მაკა ცინცაძეს არც ბოლო ექვს წელიწადში შეცვლილი ხუთი პროკურორის თემა გახსენებია.

საათნახევრიანი გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს შორის ვერ მოხვდა კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის თემა, რასაც ასევე საპროტესტო აქციები მოჰყვა; ნარკოპოლიტიკა; ინტერვიუში არ დასმულა სიღრმისეული კითხვები ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირისა და სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის შესახებ, რაზეც ყოფილმა პრემიერმა თქვა კიდეც, რომ “ძალიან მძიმედ გადაიტანა”; წამყვანს სტუმრისთვის კითხვა არც მაშინ შეუბრუნებია, როცა სტუმარმა თქვა, რომ საქართველომ რუსეთს ემბარგო დაუწესა; შეფარვითი და მაამებლური იყო კითხვა არაფორმალურ მმართველობაზე (რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა), ამ შემთხვევაში წამყვანს თავად სტუმარი შეეშველა, - "რამდენად ვიყავი არაფორმალური მმართველი? თქვენ ალბათ გერიდებათ ამ კითხვის დასმის”.

- „სად მიგაქვთ ეს ხეები და თუ აპირებთ სამომავლოდ ხეების გადარგვის გაგრძელებას“ - ასე წამყვანმა 120 (ეს ციფრი თავად სტუმარმა დააზუსტა) მრავალწლიანი ხის გადარგვისა და ამის გამო განადგურებული ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის შესახებ იკითხა. რასაც ასევე მონოლოგის რეჟიმში ვრცელი ახსნა-განმარტებები მოჰყვა „იმ სიკეთეებზე, რაც საზოგადოებამ სინამდვილეში ამ ხეების „გადარგვით“ მიიღო“.

გადაცემიდან ასევე არაფერი გაგვიგია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის პოზიციის შესახებ.

რა გავიგეთ ინტერვიუდან

პოლიტიკაში დაბრუნებული ექსპრემიერის პირველი ინტერვიუდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ:
  • ქვეყნაში შექმნილი კრიზისი მის შემდგომ დანიშნული პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ბრალია, ამიტომაც წავიდა იგი პოლიტიკან, არავის გაუშვია;
  • „ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა“ და ამის ბრალია სიღარიბის ზრდა;
  • პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ გუნდი ჩამოშლის პირას იყო და გარედან ვეღარ აკონტროლებდა პროცესს;
  • იუნისეფის კვლევის განხილვის დროს სინამდვილეში სულაც არ იხილავდნენ კვლევას და იყო „მძიმე საუბარი კვირიკაშვილთან“, რაზეც სხვათა შორის ასევე არ ჩაკითხვია გადაცემის წამყვანი, თუ ეს ასე იყო, რატომ შეიყვანეთ მაშინ საზოგადოება შეცდომაშიო;
  • ნორმალური პროცესებია - ყოფილი მინისტრების დაკითხვა, აქციები, საგამოძიებო კომისიის შექმნა;
  • მარგველაშვილი არ იმსახურებს მის პასუხებს;
  • ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციულია;
  • ხეების გადატანის პროცესის ერთადერთი მინუსი ამაში დიდი ფულის ხარჯვაა;
  • ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე თავისი გუნდი;
  • შესაძლოა ხელისუფლებას არ ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი;
  • და ბოლოს, ამჯერად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან აღარ წავა.

თეგები : მიმოხილვა;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ