მითი ქართველების განსაკუთრებულობის შესახებ Palitravideo-ზე
27.07.2018
ინტერნეტპორტალმა Palitravideo.ge-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კავკასიური რასისა და ქართველების გამორჩეულობასა და განსაკუთრებულობაზეა საუბარი. ვიდეო MTV-ის გადაცემა Decoded-ის თარგმნილი ვერსიაა, თუმცა, არასწორი აქცენტებითა და შინაარსით.

მითი

“პალიტრას” მიერ თარგმნილი ვიდეოდან ვიგებთ, რომ ამერიკაში თეთრი კანის ფერის მქონე ადამიანები საკუთარ თავს კავკასიელებს უწოდებენ. ამ საკითხით MTV-ის წამყვანი ფრანჩესკა რემსიც დაინტერესდა და კავკასიური რასის წარმომადგენლებს ვრცელი გადაცემა მიუძღვნა.

ამას მოსდევს ფრანჩესკა რემსის დასკვნები, რომელიც თითქოსდა გერმანელ ფილოსოფოსებზე კრისტოფერ მეინერსა და იოჰან ბლუმენბახზე დაყრდნობით ამბობს, რომ კავკასიელები ყველაზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, ჰქონდათ ღია ფერის კანი და იყვნენ უფრო მგრძნობიარეები. ბლუმენბახმა საკუთარი კვლევით ახსნა, რომ ადამიანები საქართველოდან ყველაზე ლამაზები იყვნენ მთელ დედამიწაზე. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო კაცობრიობის დაბადების ადგილი. მისივე თეორიის თანახმად, ყველა თეთრკანიანი ადამიანის სამშობლო კავკასიის რეგიონი, კერძოდ კი, საქართველო უნდა ყოფილიყო.


“მე18, მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ბლუმენბახი ნაშრომში წერდა - “კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ კი, მის სამხრეთ ნაწილში, ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან. მე მხედველობაში მყავს ქართველები და სწორედ ამიტომ, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე ეს რეგიონი”, - ეს ტექსტი ისმის “პალიტრას” ვიდეოში, ქართული ჰანგების ფონზე. 


რეალობა

გადაცემა სახელწოდებით Decoded MTV-ის ეთერში ყოველკვირეულად გადის. გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, რომ წამყვანი ფრანჩესკა რემსი სხვადასხვა აქტუალურ თემებზე იუმორისტულ კონტექსტში საუბრობს. 

შავკანიანი წამყვანი ფრანჩესკა რემსი ამერიკელი კომიკოსი, აქტივისტი, ტელე და YouTube პერსონა და მსახიობია. ის აქტიურად ჩანს MTV-ისა და MSNBC-ის ეთერებში. იგი პოპულარული YouTube-ზე რასისტულ თემებზე საუბრით გახდა.

“გასაოცრად რასისტული ისტორია “კავკასიელებზე” - სწორედ ასეა დასათაურებული ფრანჩესკა მერსის ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც MTV-ის YouTube channel-ზეა ატვირთული. 



ფრანჩესკა მერსი საუბარს შემდეგი ირონიული კითხვით იწყებს და ეს პათოსი მის ტექსტებს მთელი საუბრის განმავლობაში გასდევს - “ოდესმე დაინტერესებულხართ რატომ ვუწოდებთ თეთრკანიან ადამიანებს “კავკასიელებს”? პასუხი გაგაოცებთ”. 

“ბევრმა ადამიანმა სიტყვა “კავკასიელის” განმარტება იცის, როგორც ევროპული წარმოშობის თეთრკანიანი ადამიანი. ხომ ასეა? სულაც არა” - ამბობს ის. 

მისივე თქმით, ამერიკის მიღმა თეთრკანიანი ადამიანები “კავკასიელებს” სულაც არ ჰგვანან, იმიტომ, რომ თითოეულ ქვეყანას “კავკასიელის” განმარტების საკუთარი ვერსია აქვს. წამყვანი განმარტავს, რომ “კავკასია” არის რეგიონი, რომელიც რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ თურქეთის ტერიტორიებს მოიცავს. “მაშ რატომ გახდა “კავკასიელი” ყველა თეთრკანიანი ადამიანის სინონიმი? კარგად მოიჭირეთ ქამრები, პასუხი საკმაოდ რასისტულია”, - ამბობს რემსი. 

გადაცემის წამყვანი განმარტავს, რომ საუკუნეების წინ, ჯერ კიდევ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ცხოვრობდა ერთი გერმანელი, სახელად ქრისტოფერ მეინორსი, რომელსაც სწამდა, რომ სრულყოფილი ადამიანი თეთრკანიანი იყო. მისივე თქმით, ის “მეცნიერული რასიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. “თუმცა, მოემზადეთ, ახლა მოვლენები ზედმეტად არამეცნიერულად განვითარდება”, - ამბობს წამყვანი. 

ამის შემდეგ, იგი ჰყვება, რომ მეინორს სწამდა, თითქოს “კავკასიელებს” ყველზე ქათქათა კანი ჰქონდათ. ყველა დანარჩენ “არაკავკასიურ” რასას უშნო, ამორალურ, არასრულფასოვან და ცხოველის მსგავს ქმნილებებად აღიქვამდა. ასევე მიიჩნევდა, რომ ადამიანები მაგალითად, ახლო-აღმოსავლეთიდან და აზიიდან ნაკლები ინტელექტის მატარებლები იყვნენ. 

წამყვანის თქმით, მეინერსის ეს რასისტული თეორია, შემდეგ კიდევ უფრო განავითარა ასევე გერმანელმა მეცნიერმა იოჰან ბლუმენბახმა, რომელსაც სწამდა რომ კავკასიის რეგიონი, კერძოდ კი საქართველო ყველაზე მომხიბვლელი ადამიანების სამშობლო იყო. რემსი იმასაც ხსნის, თუ როგორ გახდა გერმანელი მეცნიერის თვალში ქართველი ყველაზე ლამაზი ადამიანი.

მისი თქმით, ამ ჟრუანტელისმომგვრელ ადამიანს ადამიანის თავის ქალების უზარმაზარი კოლექცია ჰქონდა. 245 ასეთი ქალიდან მისთვის ყველაზე საყვარელი ქართველის თავის ქალა აღმოჩნდა და ასე, მეცნიერული მტკიცების გრეშე, მან გადაწყვიტა, რომ ადამიანი სწორედ ამ ადგილიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი. წამყვანის თქმით, ბლუმენბახი ასევე მიიჩნევდა, რომ ყველა ევროპელი ღია ფერის კანის მქონე ადამიანი “კავკასიური” რასის უნდა ყოფილიყო. წამყვანის თქმით, მისი ფავორიტი რასის გამოკვეთის შემდეგ, მეცნიერმა ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი ოთხ რასად - მონღოლებად, ანუ ყვითელ რასად, მალაურ - ყვაფისფერ რასად, ეთიოპიელებად - შავ რასად და ამერიკელებად - წითელ რასად დაყო.

წამყვანის თქმით, ბლუმენბახის რასობრივი კლასიფიკაცია ახალშექმნილ ამერიკაშიც გამოიყენეს, მონობისა და სელექციური მიგრაციის კვოტების გამართლების კარგი საშუალება იყო. 

წამყვანის განმარტებით, მიუხედავად ბევრი წლის გასვლისა ტერმინი “კავკასიელი” თანამედროვეობაში მაინც აქტიურად გამოიყენება. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის ამ სიტყვის იურიდიულ ისტორიას ასახლებს.

მისი თქმით, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ სიტყვა “კავკასიელი” 64 საქმეში სათავისოდ წაიკითხა. მაგალითად, 1920-იან წლებში მხოლოდ თავისუფალ თეთრკანიანებსა და “კავკასიელებს” მიეცათ უფლება ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქეები გამხდარიყვნენ. ამის შემდეგ, წამყვანი იხსენებს ისტორიას, როდესაც, 1928 წელს ინდოელმა მამაკაცმა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ამერიკისთვის იბრძოდა, ამ ქვეყნის მოქალაქეობის სურვილი გამოთქვა და ამბობდა, რომ ბევრი ანთროპოლოგი ინდოელებს სწორედ “კავკასიელებს” მიაკუთვნება. ბევრი სასამართლო განხილვის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ “კავკასიელი” მართლაც მხოლოდ თეთრკანიან ევროპელს ნიშნავდა. წამყვანის შეფასებით, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მოახდინა ამ სიტყვის თანამედროვე ამერიკული გაგების კოდიფიცირება და ჩამოაყალიბა როგორც - “თეთრკანიანი ადამიანი ევროპელი წინაპრებით”.

წამყვანის შეფასებით, ამ ტერმინის არსებობის კიდევ ერთი ახსნა ძალაუფლებაა. ენა რასობრივი იდეოლოგიის გავრცელების ყველაზე თვალსაჩინო საშუალებაა. მაგალითად, ტერმინი “კავკასიელი” მიუთითებს, რომ თეთრკანიანი ადამიანები ამერიკაში მცხოვრები სხვა რასებისგან განსხვავებულები არიან, ის თითქოს აჩვენებს, რომ თეთრკანიან ადამიანებს მხოლოდ მათი კანის პიგმენტაცია კია არა, კიდევ სხვა რამ აერთიანებს. რასაც მეცნიერებასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. 

“აბა, გაოცებულები დარჩით ტერმინ “კავკასიელის” ისტორიით?” - ამ ირონიული კითხვითვე ასრულებს წამყვანი საუბარს. მისი ეს დაახლოებით 4-წუთიანი მონოლოგი არის ტერმინ “კავკასიელის” დამკვიდრებული შინაარსის გაშარჟება და დაცინვა. გერმანელი მეცნიერები მათივე მსჯელობის აბსურდულობის ხაზგასასმელად მოჰყავს და არა იმის დასასაბუთებლად, მართლაც რა განსაკუთრებულ და ულამაზეს ხალხს უცხოვრია კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, როგორც ამას palitra-ს მიერ ნათარგმნი ვიდეოდან ვიგებთ.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ