მარიხუანის საწინააღმდეგო კამპანია „რეზონანსში“
02.08.2018
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან მარიხუანის მოხმარებისთვის ყველანაირი სანქცია გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მედიასა და სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მედიასაშუალებებმა თემას არაერთი სტატია მიუძღვნეს. მასალების მთელი ციკლი მოამზადა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ გამოცემა „რეზონანსმა“. სტატიების უმეტესობა მარიხუანის შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას შეიცავს.

„რეზონანსის“ ვებგვერდზე 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში 25-ზე მეტი სტატია იძებნება. მასალები პირობითად ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: საინფორმაციო ხასიათის ტექსტები - რა აღარ იკრძალება, სად ვერ მოწევთ მარიხუანას და ა.შ. რომელთა რაოდენობა ჯამში ძალიან მცირეა და შეფასებები, რაც მეტწილად სხვადასხვა პირების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოსაზრებებია.

„მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ“ ,– 30 ივლისს ამ სათაურით გვთავაზობს გამოცემა შალვა ნათელაშვილის მოსაზრებას მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ. „გასაგებია რომ მარიხუანას მოწევაზე ციხეში არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ მისი სრული ლეგალიზაცია რაც დღეს მოხდა ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ მომავალ თაობას. მოგეხსენებათ მძიმე ნარკოტიკების მიღებამდე ნარკომანები სწორედ მარიხუანას კოლეჯს ამთავრებენ ჯერ“, - უცვლელად იმეორებს „რეზონანსი“ ნათელაშვილის მოსაზრებას.

ასევე უცვლელად გამოაქვეყნეს კობა დავითაშვილის სტატუსიც სათაურით "გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო!" - დავითაშვილი მარიხუანას ლეგალიზაციამ აღაშფოთა". აქვე შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი მოქალაქის ვიდეო და შეფასება მომხდარზე, რომელიც შემდეგი სათაურითაა გამოქვეყნებული - "ქართველები მოწევის ნაცვლად პირდაპირ მარიხუანას ჭამაზე გადავიდნენ".

გვხვდება მასალები იმის შესახებაც, რა ზიანი მოაქვს მარიხუანას. მაგალითად: "7-ჯერ იზრდება ადამიანის ფსიქოზური მდგომარეობა მარიხუანას მოხმარებისას" - ზოიძე" - ყოველგვარი არგუმენტაციისა და დასაბუთების გარეშე, ამ სათაურით გვთავაზობს „რეზონანსი“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ფეისბუკის სტატუსს. რის საფუძველზე ამბობს ამას ზოიძე, ეს არც მის სტატუსში ჩანს და არც გამოცემა დაინტერესებულა დამატებითი ინფორმაციის მოძიებით. იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ მასალაზე "ექიმი: “მარიხუანას მოხმარება ნაადრევ სკლეროზს იწვევს” . ამ სათაურით „რეზონანსი“იაშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმის ლევან ფერაძის მოსაზრებას გვთავაზობს. ამ და სხვა, ამ ტიპის მასალებს შორის, რომელიც გამოცემის ვებგვერდზე მრავლად მოიძებნება, არსად გვხვდება ახსნა-განმარტება, არგუმენტები, ან რაიმე კვლევა, რის საფუძველზეც გამოცემას ამგვარი უარყოფითი დისკურსი აქვს მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ.

სტატიებს შორის მანიპულაციური სათაურისა და არასწორი შინაარსის მქონე მასალასაც ვხვდებით.

"საპატრიარქო მარიხუანას შემდეგ კოკაინის და ჰეროინის ლეგალიზებას ელოდება" - ამ სათაურით სტატია 31 ივლისს მომზადდა. მასალაში დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაციაა. დეკანოზმა მარიხუანის ლეგალიზება „ერის ღალატის ტოლფასად“ შეაფასა და თქვა, რომ: „თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ." გამოცემამ კი მისი ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მტკიცებითი ფორმით, ამბის სათაურად გამოიყენა.

გამოცემამ არასწორი ინფორმაციაც გაავრცელა, როდესაც ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული მოსაზრება არაზუსტად თარგმნა. მომხმარებელი წერდა, რომ რამდენ 420 -ს (მარიხუანის მოხმარების აღმნიშვნელი სიტყვა) დაიჭერენ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი) მაშინ, როცა საქართველოში მარიხუანა ლეგალიზებული გახდა. რეზონანსმა კი ეს ირონიული კომენტარი საკუთარი ინტერპრეტაციით თარგმნა და მკითხველს ფაქტის სახით მიაწოდა, თითქოს “აშშ-ში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში ბოლო 2 დღეში 420 ადამიანი დაპატიმრეს ქუჩაში მარიხუანას მოწევისათვის. ჯორჯიის შტატიის მოსახლეობას, რომელმაც ინტერნეტში წაიკითხა, რომ ჯორჯიაში მარიხუანას მოწევა ლეგალური გახდა, საქართველო და ჯორჯიის შტატი ერთმანეთში აერიათ და მარიხუანას მოწევა ღიად დაიწყო.”

სტატიებს შორის მოიძებნება რამდენიმე ნეიტრალური ტონის მასალაც, მაგალითად: “აი, როგორც არ მაინტერესებდა მარიხუანა, არც ე.წ. მოხმარების ლეგალიზება არ მაძლევს ბიძგს აწი დავიწყო გამოყენება“ - გამზარდია, ან კიდევ, წულუკიანი: ნარკოტიკების ლეგალიზებაზე სახელმწიფოს პასუხია – არა! მაგრამ მასალებში იმდენად სჭარბობს ამ თემაზე უარყოფითი გამოხმაურებები, რომ „რეზონანსის“ მიერ სამ დღეში გამოქვეყნებული მასალების ციკლი  მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების საწინააღმდეგო კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ; მანიპულაცია;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ