03.08.2018
წამყვანისგან მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს “მარიხუანით ვაჭრობის ორგანიზების მცდელობაში ადანაშაულებს” და ყოფილი პრემიერის მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლსა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს”. წამყვანისავე თქმით, “სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის უახლოესმა გარემოცვამ უკვე დაიწყო მუშაობა ქვეყანაში მარიხუანის იმპორტზე”.
თითქმის იმავე შინაარსის ტექსტს იმეორებს ჟურნალისტიც. ის ასევე განმარტავს, რომ სააკაშვილის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, “საქართველოში უჩა მამაცაშვილის მოწვევით კოლორადოს შტატიდან ამ სფეროს ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები და სავარაუდოა, რომ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელი ექსკლუზიურ ლიცენზიას მიიღებს მარიხუანის გაყიდვასთან დაკავშირებით და ამით ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილიონობით ლარს მოიგებს”.
ამის შემდეგ სიუჟეტში მიხეილ სააკშვილის მიერ ივანიშვილის მისამართით გაჟღერებულ შემდეგ ბრალდებებს ვისმენთ:
- საკონსტიტუციო სასამართლოს მთლიანად აკონტორლებს ბიძინა ივანიშვილი;
- ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა მარიხუანის თემაზე კოლორადოს შტატიდან ჩამოიყვანა ექსპერტები და ისინი ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას აპირებენ;
- ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო აქციოს ნარკოტიკების დიდ მწარმოებლად და ასობით მილიონი დოლარი გააკეთოს იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ეს გადიოდეს ასევე უცხოეთში.
სააკაშვილის დაუსაბუთებელი მსჯელობის გასამყარებლად, ჟურალისტი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილს იმოწმებს და ამბობს, რომ უჩა მამაცაშვილის მოწვევით საქართველოში კოლორადოდან ექსპერტები მართლაც იმყოფებოდნენ ამაზე ინფორმაცია შალვა ნათელაშვილსაც აქვს. ჟურნალისტი ასევე განმარტავს, რომ ნათელაშვილის თქმით, “საქართველომ და ზოგადად რეგიონმა ბიძინა ივანიშვილის სახით, ახალი ნარკობარონი შეიძინა, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკვე ლეგალურად გაყიდის მარიხუანას და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც”.
ამის შემდეგ სიუჟეტში უკვე ივანიშვილის მისამართით შალვა ნათელაშვილის ასევე დაუსაბუთებელ ბრალდებები ისმის:
- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა ნარკოლიბერალიზაცია, არამედ ივანიშვილის მიერ ნარკოტიკების ოფიციალურად გაყიდვისთვის დაგეგმილი და განხორციელებული სპეცნარკოოპერაცია;
- სასამართლომ ივანიშვილის დავალებით გადაწყვეტილება იმისთვის გამოიტანა, რომ საქართველოში ნარკოტიკებით ვაჭრობა ოფიციალურად დაიწყოს და ამ ვაჭრობის სათავეში იჯდება ივანიშვილი.
- კრიპტოვალუტა, ბიტკოინები, ფულის გადარიცხვები, ოფშორები, ყველაფერი უკავშირდება ნარკოტიკების დიდი ოდენობით ვაჭრობას, გადაზიდვას, გასაღებას, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს შუააზიელ ოლიგარქ მაშკევიჩთან ერთად
აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში არ ჩანდა რას ეყრდნობოდა რესპონდენტების ბრალდებები, ასევე, ჟურნალისტს არ ჰქონია მისი გადამოწმების, მტკიცებულებების მოპოვების მცდელობა. საკითხზე მსგავსი დაუსაბუთებელი, უარგუმენტო მსჯელობა, რომელიც მხოლოდ ორი რესპონდენტის პირად შეფასებებს ეყრდნობა, ერთის მხრივ, ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, მეორეს მხრივ კი, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ისედაც არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.