07.08.2018
“კვირაში ერთხელ, ჩვენ ვარჩევთ, ერთ ყველაზე მავნებლურ ტყუილს, რითაც გვანებივრებენ ჟურნალისტები, ექსპერტები, თუ პოლიტიკოსები და მას ვუპირისპირებთ სიმართლეს”, - სწორედ ასე იწყებს ყველა გადაცემას წამყვანი, თუმცა ეს “მავნებლური ტყუილი” მხოლოდ ყოფილ ხელისუფლებას (ნაციონალურ მოძრაობას), ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საზოგადოების ლიბერალური შეხედულებების მქონე ნაწილს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” და მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკავშირდება. გადაცემაში ნებისმიერი საკითხისა თუ პერსონის განხილვა, საბოლოო ჯამში, ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ 9 წლიან “რეჟიმთან” მიდის და მათივე კრიტიკით სრულდება. გადაცემაში ვერ შევხვდებით კრიტიკულ მოსაზრებას მოქმედი ხელისუფლების მისამართით.
ყველა გადაცემაში მოცემულია ე.წ. “ვიდეომხილების” რუბრიკა, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, გადაცემის მთავარ თემაზე თუ კონკრეტულ პიროვნებაზე გაშარჟებულ, უფრო ზუსტად კი, არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა და შეფასებებს ვისმენთ. ამის შემდეგ კი, თემის განხილვა სტუდიაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად გრძელდება. სტუდიაში სტუმრების შემადგენლობაც უმეტესად უცვლელია. რესპონდენტების ჩამონათვალში თითქმის ყოველ გადაცემაში შევხვდებით - სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს, უშუალოდ გადაცემის მთავარ პროდიუსერ შალვა რამიშვილს, პარლამენტის ყოფილ წევრ კობა დავითაშვილს და რეჟისორ გოგა ხაინდრავას.თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემაში მმართველი პარტიის წევრების სტუმრობაც იშვიათი არ არის, მაგალითად სტუმრობდნენ ეკა ბესელია, ვატო შაქარაშვილი, ბექა დავითულიანი .
მიკერძოება და ტენდენციურობა
ყველა გადაცემის თემატიკა მიკერძოებულად და გამოკვეთილად ტენდენციურად, უარყოფით კონტექსტში მხოლოდ საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფთან, სუბიექტთან და პოლიტიკურ ძალასთან არის გაიგივებული. გადაცემის წამყვანისა და სტუმრებისგან კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში შეურცხმყოფელი ეპითეტებიც მხოლოდ მათი მისამართით ისმის. მაგალითად, ასე იყო როდესაც "მედია-რენტგენი" ეხებოდა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობას, როცა “მტრის ხატის შექმნის ტექნოლოგიას ამხელდა”, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის, როგორც რეჟიმს აფასებდა, განიხილავდა ე.წ. “Fake News” - ს, ყალბი პატრიოტიზსა და ცრუ ტოლერანტობას. ყველა ეს გადაცემა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და “მათი სატელიტი პარტიების” (როგორც ამას თავად გადაცემის წამყვანი არაერთხელ იმეორებს), მიხეილ სააკაშვილის, გიორგი მარგველაშვილის, საზოგადოების ლიბერალური შეხედულებების მქონე ნაწილის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას და მათ გარშემო ნეგატიური განწყობის შექმნას ემსახურებოდა. საზოგადოების სხვა ნაწილს თუ პოლიტიკურ ძალებს “მედიარენტგენის” კრიტიკა არ დაუმსახურებია.
დაუსაბუთებელი ბრალდებები
"მედია-რენტგენის" კრიტიკა ხშრად დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მხოლოდ წამყვანისა და რესპონდენტების პირად შეხედულებებს ეფუძნება.
მაგალითად, 30 მაისის გადაცემაში საზოგადოების ლიბერალური ნაწილის მიმართ ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს ისინი ცდილობენ, რომ “ყველა ქრისტიანს, ყველა პატრიოტს, ტრადიციული ურთიერთობების ყველა მომხრეს, მიაკეროს არა მხოლოდ პრურუსის იარლიყი, არამედ, მათი მიზანია, რომ ბოლოს ყველაფერი დაიყვანონ ფორმულამდე, რომ თუ არა ხარ “ნაცი” ე.ი. ხარ გაზპრომის აგენტი”.
ასევე სრულიად დაუსაბუთებლად, გადაცემაში, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეს ეხებოდა, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი იმას ამტკიცებდნენ, რომ “საქმის გამოძიებიდან დაწყებული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულებილი, მთელი ეს პროცესი სტრუქტურებში ჩარჩენილი ნაციონალური მოძრაობის წევრების ავანტიურა და “რევოლუციის აგორების მცდელობა” იყო, რომელიც მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის ხელით იმართებოდა. “რევოლუცია დაიწყო მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილებით და ის უნდა იჯდეს ციხეში, - ამტკიცებდა უაპელაციოდ კობა დავითაშვილი, წამყვანსაც არ გასჩენია სურვილი მოეთხოვნა ამ მოსაზრების გამამტკიცებელი არგუმენტები.
გადაცემაში ასევე შევხვდებით ბრალდებებს სამოქალაქო სექტორის მიმართ, თითქოს “ენჯეოების უმრავლესობას აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა ეს არის ქვეყნის მმართველი ისტებლიშმენტის ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან”, რასაც მხოლოდ წამყვანის ან სტუმრის პირადი მოსაზრება უდევს საფვუძვლად და არის არის გამყარებული რაიმე კონკრეტული არგუმენტით თუ მტკიცებულებით.
სეზონის ბოლო გადაცემაში საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ტყუილშიც დასდეს ბრალი. ერთ-ერთმა სტუმარმა, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადაა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით დაინტერესდნენო. “ნატოს სამიტზე არავის აინტერესებს, რატომ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება”, - აღნიშნა მან. მისივე შეფასებით, პრეზიდენტი “ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კანონპროექტებს” ვეტოს მხოლოდ იმიტომ ადებდა, რომ გუნდისთვის ეჩვენებინა თუ როგორი თვითმყოფადი პიროვნებაა. წამყვანის შეფასებით კი, “გასული ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ასრულებდა მუხრუჭის როლს პოლიტიკურ პროცესში. აფერხებდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველ ხელსაყრელ მომენტში თესავდა ინტრიგას საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე”. რაიმე არგუმენტი ამ მოსაზრებების გასამყარებლად არც სტუმრებს უთქვამთ და არც წამყვანს მოუთხოვია,
შეურაცხმყოფელი შეფასებები
"მედია-რენტგენში" განსაკუთრებით უხვად შეხვდებით შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა თუ შეფასებებს. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე მოისმენთ, რომ ის “მარაზმუს ნიდერლანტსკი”, “ტრაგიკომიკური, ანიმაციური პერონაჟი”, “ღრმა ბავშვობიდან ჩაგრული”, “კიბის საფეხურზე მოსრიალე პატარა სასაცილო მიხო”, “პატარა მამაკაცი”, “მჩატე პიროვნება”, “სკოლის ასაკში ჩარჩენილი ჩაგრული მჩაგვრელია”, რომელსაც “აქვს ჩაგრული და განაწყენებული კაცის სინდრომი, ის მუდმივად ცდილობს ამტკიცოს, რომ ჭკვიანი, სექსუალური ინდივიდია”.
მსგავსი შინაარსის ეპითეტების ნაკლებობა არც მოქმედ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისამართითაა. ის დახასიათებულია, როგორც “თვითმარქვია მარგველა”, “fake პრეზიდენტი”, “არასრულყოფილების კომპლექსით შემპყრობილ სამაზვანეცი”, “კომიკური ფიგურა, რომლის არაადეკვატურობამაც ქვეყანას, როგორც მატერიალური, ისე პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი” მოუტანა, რომ მან ნატოს ბრიუსელის სამიტზე ელცინივით იცეკვა და ის ფუნქციაც კი ვერ შეასრულა, რომ ქვენისთვის თავი არ მოეჭრა.
დადებითი ტონი მოქმედი ხელისუფლების მიმართ
გადაცემაში გამოკვეთილად შეიმჩნევა მოქმედი ხელისუფლების მიმართ პოზიტიური განწყობა.თუკი ზემოთ დასახელებულ პერსონებს სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ტიპის ეპითეტებით ამკობენ, ხელისუფლების წარმომადგენელების მისამართით მხარდამჭერ გზავნილებს არ იშურებენ. მაგალითად, გადაცემის წამყვანის შეფასებით, იმ დროს, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა, რომ “ქვეყნისთვის თავი მოეჭრა” და “ძალიან ცდილობდა, რომ ყოფილიყო დესტრუქციული, ყოველ ჯერზე ქართული ოცნება რაღაცნაირად ახერხებდა მისი წვრილ-წვრილი მავნებლობების განეიტრალებას, თანაც იმგვარად, რომ ამით ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მისდგომოდა”.
მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხორავას ქუჩის საქმით სპეკულირებდა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია - სწორედ მსგავსი შინაარსის მსჯელობას ვისმენდით გადაცემაში, რომელიც არასრულწლოვნების მკვლელობის თემას ეხებოდა. გადაცემისთვის განკუთვნილი ერთსაათიანი დრო ისე ამოიწურა, რომ აღნიშნულ საქმესთან მიმართებით ხელისუფლების მისამართით არცერთი კრიტიკული კითხვა არ გაჟღერებულა. სტუმრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ გირგვლიამის საქმე იყო აბსოლუტურად სხვა, რომ მაშინ სისტემამ მოკლა ადამიანი, ხორავას ქუჩის საქმე კი მხოლოდ არასრულწლოვნებს შორის დაწყებული კამათის შედეგია და მანკიერ სისტემასთან კავშირი არ აქვს. თუმცა, იმის თაობაზე, რომ სწორედ სისტემამ დააფარა ხელი გარკვეული პირებს, არავის უხსენებია. არც ის გახსენებიათ, თუ როგორ მივიდა გამოძიება ჩიხამდე სწორედ სისტემური ნაკლოვანებების დამსახურებით.
იმ დროს, როდესაც გადაცემაში ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილ გადაცდომებზე მსჯელობენ, არავინ ახსენებს უკვე მოქმედი ხელისუფლების დროს დაფიქსირებულ სისტემურ პრობლემებს, სხვადასხვა გახმაურებულ გამოუძიებელ საქმეებს და ა.შ. უფრო, მეტიც გადაცემის ავტორები იმაზეც წუხან, რომ ქართველ ჟურნალისტებს “პროსახელისუფლებო პოზიცია ეგოიმებათ”, რომ მედია არის გამოკვეთილად ანტიხელისუფლების მქონე განწყობების და მეორე პოლუსი, ფაქტობრივად, არ არსებობს, რაც მედიას სანდოობას უკარგავს და საზოგადოებას არჩევანის საშუალებას არ აძლევს. “თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ეს არის ერთი რევანშის წყურვილით შემპყრობილი, ყოფილი ხელისუფლების რაკურსი, სხვა რაკურსი უბრალოდ არ არსებობს”, - განმარტა გადაცემის წამყვანმა 4 ივლისის გადაცემაში.
საერთო ჯამში გადაცემის დასაწყისში გაკეთებული განმარტება თითქოს "მედია-რენტგენის" მიზანი გამოგონოლი ყალბი ამბებისა და მათი ავტორების მხილებაა, რეალურ სურათთან თანხვედრაში ნამდვილად არ არის. გადაცემიდან ვისმენთ მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის და საზოგადოების ერთი ჯგუფის კრიტიკას, რაც ერთის მხრივ გადაცემის შემქმნელებისგან საკითხების მიმართ ტენდენციურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, მეორეს მხრივ კი მიზანსა და შედეგს შორის მკაფიო აცდენას კვეთს. გაუგებარი რჩება, რატომ უკავშრდება ყალბი, გამოგონილი ამბები მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ჯგუფს, თუ პიროვნებას და რატომ არ ხდება თემის გლობალურად გაშლა, ყალბი ამბების მასშტაბურ გამოწვევებზე საუბარი და ამ კონტექსტში რუსული საფრთხეების გაანალიზება, რაც უკვე არაერთი ქვეყნის თავისტკივილია. თავშივე გაცხადებული მიზნის ვიწრო, ტენდენციური კუთხით განხილვა კი, მხოლოდ იმ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ გადაცემის მიზანი არა ყალბი, გამოგონილი ამბების მხილება, არამედ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის მანკიერი მხარეების წამოჩენა და გარკვეული პირების, პროცესებისა და მოვლენების მათთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უარყოფითი, ნიჰილისტური განწყობების ფორმირება და გაღრმავებაა.