27.08.2018
იმ დროს, როცა საქართველოში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ნარკოპოლიტიკა და სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყოველგვარი სასჯელი გააუქმა, მენაბდიშვილის ეს განცხადება მედიის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.
„კვირის პალიტრის“ სტატია საკმაოდ ვრცელია და სხვა ინფორმაციასაც შეიცავს, მაგრამ ონლაინმედიის ნაწილმა ამ მასალიდან მხოლოდ ზემოთ დასახელებულ ორ დეტალზე გაამახვილა ყურადღება და ყოველგვარი გადამოწმებისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიების გარეშე, მკითხველს ახალ ამბად, მტკიცებით ფორმაში შესთავაზა მასალები იმის შესახებ, რომ საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს.
ამგვარი ახალი ამბავი პირველმა თავად პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა გამოცემებმა - ინტერპრესნიუსმა, Ambebi.ge-მ და Palitranews.ge -მ გაავრცელეს. ამ მასალებში გური მენაბდიშვილს მიაწერეს ის კომენტარიც საქართველოში ოპიუმის პლანტაციების არსებობა/არარსებობისა და რეგიონებში კანაბის მოხმარების შესახებ, რასაც სინამდვილეში ჯემალ ჯანაშია ამბობს.
მალევე ამბავი ონლაინ მედიის ნაწილს ვირუსულად მოედო. პალიტრა ჰოლდინგში შემავალი სამი გამოცემის გარდა სტატიები გამოაქვეყნდა შემდეგ საიტებზე: Resonancedaily.com, Imedinews.ge, Commersant.ge, info9. ge, Timer.ge, Newsposts.ge, Allnews.ge, Trialieti.ge, Guriismoambe.com, Kutaisipost.ge, Pirveliradio.ge, Fortuna.ge. მოგვიანებით ინტერპრესნიუსმა მასალა შეასწორა და მენაბდიშვილისთვის მიწერილი კომენტარი, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ოპიუმის პლანტაციები არსებობდეს, წაშალა, თუმცა, მასალაში შესწორების შესახებ მინიშნება არ გაუკეთებია. ამავე დროს, ტექსტი არ შეუსწორებია Ambebi.ge-სა და Palitranews.ge-ს.
„საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს“ - გამოცემების უმრავლესობამ სათაურად ეს დეტალი ფაქტად გამოიტანა. ყველა მათგანი წერს, რომ ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ გური მენაბდიშვილმა განაცხადა და მითითებული აქვთ „კვირის პალიტრის“ სტატია. თუმცა, მათი ტექსტი ისეთივეა, როგორიც ეს ინტერპრესნიუსის თავდაპირველ ვერსიაში იყო და ამ ინფორმაციაში ამ დრომდე ჯანაშიას კომენტარის ავტორად გური მენაბდიშვილი წერია.
მიუხედავად ამბისა და მენაბდიშვილის ხმამაღალი განცხადების მნიშვნელობისა, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებულის გადამოწმების მცდელობა არცერთ მასალაში არ ჩანს. ირკვევა, რომ საიტებს მასალის პირველწყაროც კი არ უნახავთ, ვინაიდან ტექსტებში ამ დრომდე [19:50] არ არის გასწორებული რესპონდენტების არეული კომენტარები. გამოცემები არც თავად მენაბდიშვილს დაკავშირებიან ნათქვამის დასადასტურებლად და იმის გასარკვევად, რა აძლევს მას ამ განცხადების საფუძველს. ეს კითხვა მისთვის არც პირველწყაროს ავტორს დაუსვამს.
ამ მასალების გავრცელების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში გური მენაბდიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ „ინტერპრესნიუსმა“ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიისა და მისი სიტყვების კონტექსტი შეცვალა და მას მსგავსი რამ არ უთქვამს.