“ქართული ოცნების” ექვსწლიანი მმართველობის შეჯამება თეა წულუკიანთან კრიტიკული კითხვების გარეშე
03.10.2018
პირველ ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “დღის თემას” საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა. გადაცემის თემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წელი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო. თუმცა, ინტერვიუ ისე დასრულდა, რომ წამყვანს სტუმრისთვის, რომელიც ამ ხელისუფლების ერთადერთი უცვლელი მინისტრია, არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები არც ზოგადად მმართველი გუნდის შეცდომებზე, არც მისი უწყების ჩავარდნილ რეფორმებზე და არც ბოლო დროისა და ბოლო დღეების გახმაურებულ საქმეებსა თუ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე.
  • ნახევარსაათიანი ინტერვიუ მხოლოდ ხუთ თემას შეეხო:
· „ქართული ოცნების“ მმართველობის ექვსი წელიწადი
· ფარული ჩანაწერები
· დავით სარალიძის საქმე
· ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
· აგვისტოს ომი.
  • ინტერვიუდან ვერ მივიღეთ პასუხი ყველა იმ საკითხზე, რასაც გადაცემის ანონსი გვამცნობდა.
ინტერვიუ ისე დასრულდა, რომ არც წამყვანს და არც სტუმარს არ უხსენებიათ უწყებათშორისი კომისია, რომელსაც როგორც ანონსი იტყობინებოდა, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. იუსტიციის მინისტრს არც ის უთქვამს, რაზე ისაუბრა იმ დღეს მმართველმა პარტიამ მედიასთან განცხადებებამდე, რაზეც ასევე საუბარი იყო ანონსში.
  • გადაცემის წამყვანმა სტუმარს მხოლოდ შვიდი კითხვა დაუსვა (და ოთხჯერ კითხვის დაზუსტება ან რამე დეტალის დამატება სცადა). ამ კითხვების უმეტესობა ასეთი ტიპის იყო - რას ფიქრობს, როგორ აფასებს, როგორ უნდა წარიმართოს...
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე საზოგადოებამ "ომეგა ჯგუფის" მფლობელის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ მოისმინა, რომელშიც იგი ბიზნესის შევიწროებასა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა, გადაცემის წამყვანს არ ჰქონია მცდელობა იუსტიციის მინისტრისგან მიეღო პასუხები ამ საქმესთან დაკავშირებულ მწვავე კითხვებზე.

როგორ უნდა წარიმართოს ძიება, რომ არ დარჩეს არანაირი კითხვა და ეჭვი ამ საქმესთან დაკავშირებით? - ეს იყო წამყვანის კითხვა ამ თემაზე, რაზეც მინისტრმა უპასუხა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, რომ “გამოძიება უნდა წარიმართოს კანონის სრული დაცვით, მიუკერძოებლად და სამართლიანად, რადგან სხვა რეცეპტი არ არსებობს არც საქართველოში, გამოძიების უკეთესად წარმართვისთვის და არც სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში”.

ამავე თემაზე კიდევ ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, უნდა გამოეყოს თუ არ ამ საქმეს ყოფილი სპორტის მინისტრისთვის სავარაუდო თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარის საქმე. რაზეც მინისტრმა დამრიგებლური ტონით უპასუხა, რომ სჯობს ამ თემაზე საგამოძიებო უწყებებს არ მისცენ რჩევები რადგან მათ თავად უკეთ იციან, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება.

საქმეზე, რომლის მიმართაც ბოლო დღეებია განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესია და რაზეც ხელისუფლების მისამართით სერიოზული ბრალდებები ისმის, წამყვანს სხვა კითხვა აღარ დაუსვამს. მაყურებელმა კი ამ თემაზე იმაზე მეტი, რაც აქამდეც იცოდა, ვერაფერი გაიგო.

„ომეგას“ მსგავსად აუდიტორიას ახალი არც დავით სარალიძის საქმის შესახებ გაუგია. საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურორის გადადგომა და საპროტესტო აქციები მოჰყვა, წამყვანმა, როგორც კითხვის ფორმულირებიდან გამოჩნდა, იუსტიციის მინისტრს კითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ „ამ საქმის შემდეგ ის ძალიან დიდხანს იყო არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი“. ინტერვიუერი დეტალებით და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის ხარვეზებით არც ამ შემთხვევაში დაინტერესებულა. სტუმარს ჰკითხა, „რა გაკვეთილი მისცა ჯერ პროკურატურაში წარმოებულმა ძიებამ და შემდეგ უკვე მოსამართლის ძალიან ცნობილმა განაჩენმა ქართულ მართლმსაჯულებას“.

ამ კითხვამ კი იუსტიციის მინისტს მისცა საშუალება დიდხანს და ვრცლად ესაუბრა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებებზე: „მართლმსაჯულების რეფორმამ თავისი ეტაპის შედეგი მოიტანა, დღეს მოსამართლე არის თავისუფალი და პროკურორს ეუბნება მე ეს მტკიცებულებები არ მაკმაყოფილებს“.

მართლმსაჯულების რეფორმა კი, რომლის ჩავარდნას მინისტრს ხშირად საყვედურობენ, გადაცემის წამყვანს არც ამ შემთხვევაში გაახსენდა, არც მანამდე, როცა სტუმარი მისი გუნდის წარმატებებზე საუბრობდა და არც მას მერე, როდესაც თეა წულუკიანმა კვლავ არაერთხელ ახსენა მართლმსაჯულების სისტემის მიღწევები.

გადაცემის ბოლო 10 წუთში წამყვანმა კიდევ სამი კითხვის დასმა მოასწრო: რა ინფორმაცია აქვს მინისტრს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია მისი დიაგნოზი. ამ კითხვის პასუხადაც მინისტრმა ვრცლად ისაუბრა როგორ გაუმჯობესდა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მდგომარეობა და როგორ გადაჰყავთ პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში იმაზე ხშირად, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. რჩევები მინისტრმა არც ამ შემთხვევაში დაიშურა, ამჯერად მერაბიშვილის ადვოკატების მისამართით.

შემდეგი ორი კითხვა აგვისტოს ომს და ამ თემაზე პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებებს შეეხო. ამ შემთხვევაში წამყვანმა მოკრძალებულად, მაგრამ სცადა სტუმრისთვის ეთქვა, რომ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს აქვს. გადაცემის სტუმარმა ამ კითხვის პასუხადაც კვლავ ნაცნობი, მოწოდებისა და რჩევის მეთოდი გამოიყენა და კანდიდატებს მიმართა, ფრთხილად იყვნენ განცხადებების გაკეთებისას.

ინტერვიუს განმავლობაში იუსტიციის მინისტრი რამდენჯერმე შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების თემას. მსგავსად, ამავე წლის ივნისში, „იმედთან“ მისი ინტერვიუსი, ამ შემთხვევაშიც მისი ყველა მესიჯი ამ სექტორის დემონიზების მცდელობა იყო. თეა წულუკიანმა არასამათავრობო ორგანიზაციების მოიხსენია „გაპარტიულებულად, რომლისაც მას არ სჯერა, ისევე როგორც ბევრ მოქალაქეს“. მან თქვა ისიც, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები მისთვის არ არის ავტორიტეტი“ და ასევე, როდესაც სარალიძის საქმის შესახებ მისი გადადგომის მოთხოვნის თემაზე საუბრობდა, მინისტრმა თქვა: „თუ ვინმე უნდა გადადგეს დღეს, არის ის არასამთავრობოები, რომლებიც ისტერიკაში მყოფები კიოდნენ, რომ ყველაფერი იუსტიციის მინისტრის ბრალია“. არცერთ ამ ფრაზას გადაცემის წამყვანის მხრიდან არანაირი რეპლიკა, ან კითხვა არ მოჰყოლია.

საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის ექვსი წლის შეჯამებისას, „ომეგა ჯგუფის“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუდან მეორე დღეს, ნახევარსაათიანი ეთერიდან გავიგეთ მხოლო ის, რომ საქართველოში დაცულია მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები; ფარული ჩანაწერების თემაზე ჯერ ავთენტურობაა დასადგენი; ზაზა სარალიძის საქმემ სინამდვილეში მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებული შედეგი აჩვენა; არასამთავრობოებს უყვართ ისტერიული კივილი (ეს სიტყვები მინისტრმა ორჯერ ახსენა); ვანო მერაბიშვილი კარგადაა და აგვისტოს ომის თემაზე საუბრისას ყველას სიფრთხილე მართებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ