საპრეზიდენტო კანდიდატები "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" განსხვავებული რაკურსით
11.10.2018
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, ქვეყნის მთავარსარდალს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია შეარჩევს.

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად აქტიურ ფაზაშია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია და მედიაც დიდ ყურადღებას უთმობს. დღის წესრიგისა და პოლიტიკური სიმპატიების გათვალისწინებით, კონკრეტული მაუწყებლების ფავორიტი კანდიდატების ამოცნობა რთული არ არის. ამას მასალის შეფუთვა, სხვადასხვა ეპითეტების გამოყენება და ამა თუ იმ თემის კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებაც ცხადყოფს. სარედაქციო პოლიტიკებს შორის განსხვავება განსაკუთრებით ცხადად რუსთავი 2-სა და იმედზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და სალომე ზურაბიშვილის გაშუქებისას ჩანს.

მაგალითად, რუსთავი 2-ზე, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას თუ დავაკვირდებით, ჟურნალისტებისა და რესპონდენტებისგან ყურში აუცილებლად მოგვხვდება შემდეგი ფრაზები: “ხელისუფლების კანდიდატი”, “ბრჭყალებში დამოუკიდებელი კანდიდატი”, “ივანიშვილის რჩეული”, “მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი”, “ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი”, “სრულიად არადიპლომატი ან ვერ დიპლომატი”, “დაფრანგული ქალბატონი დაფრანგული აზრებით” და ა.შ. რუსთავი 2-სგან განსხვავებით, “იმედზე” სალომე ზურაბიშვილს უმეტესად “დამოუკიდებელ კანდიდატად ” მოიხსენიებენ, თუმცა აღნიშნავენ რომ მას მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს.

გარდა ჩამოთვლილი ეპითეტებისა რუსთავი 2-ზე ზურაბიშვილთან მიმართებით ხშირად მოისმენთ შეფასებებს - “მოღალატე” და “მოღალატეობრივი განცხადებები”. მსგავსი შინაარსის ტექსტები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავის წარდგენიდან მალევე, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილის ფიგურა უარყოფით კონტექსტში არაერთხელ წარმოჩინდა მარიხუანის კულტივაციის თემასთან კავშირშიც და მას “კანაფის დედოფლის” სტატუსიც მოარგეს.

თუკი სალომე ზურაბიშვილს რუსთავი 2-ზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკიდებდნენ, იმედზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გრიგოლ ვაშაძეს 10 წლის წინ ნათქვამი გაუხსენეს (2008 წლის 4 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ცხინვალის თვითგამოცხადებული რეჟიმის ინიცირებული იყო და ამის შესახებ რუსეთმა არაფერი იცოდა) და ახსნა-განმარტებები ამის გამო მოსთხოვეს. არხმა ამ თემას რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა.

ამავე არხზე მოვისმინეთ მოსაზრებები, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე ექსპრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელების შეწყალებას გეგმავს, რომ ის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ესაუბრება არა მოსახლეობას, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს საპრეზიდენტო ინსტიტუტის პოლიტიკური რევანშისა და შურისძიებისთვის გამოყენება სურს.

“ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა”, “სიების შესაძლო გაყალბება”, “პრემიერის გაყალბებული ხელმოწერა”, “უმსგავსობა”, “უპასუხისმგებლობა” - მსგავსი შეფასებები ისმოდა სიუჟეტებში, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა სიაში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერის აღმოჩენას ეხებოდა. საიდანაც ასევე შევიტყვეთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ “26 000 ხელმოწერის შეგროვებაც კი ვერ მოახერხა”, რომ “ოპოზიციამ საქმე გაიადვილა და შემომწირველების ძველი სიები გამოიყენა, შედეგად კი, კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა”.

იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-დან” ვიგებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრებზე მოქალაქეები პროტესტით ხვებიან, ტელეკომპანია “იმედი” ამას “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულ ტაქტიკად აფასებს და ამბობს, რომ მათი მხარდამჭერების მხრიდან “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის შეხვედრების ჩაშლის მცდელობა ყოველდღიურობად იქცა”. ასევე ვისმენთ იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას სხვის შეურაცხყოფაზე აგებს და ა.შ.

იმ დროს, როდესაც კანონმდებლობა მედიას საარჩევნო სუბიექტების თანაბარ პირობებში გაშუქებას ავალდებულებს, ზემოთ განხილული მაგალითები ცხადყოფს, რომ კონკრეტული მაუწყებლები საკუთარი პოლიტიკური სიმპატიების გათვალისწინებით ერთი კონკრეტული კანდიდატის უარყოფით თუ დადებით კონტექსტში წარმოსაჩენად სვამენ აქცენტებს და საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ინფორმაციას საკუთარი პერსპექტივიდან შექმნილი ჩარჩოებით აწვდიან.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ